ღამის ცა ვარსკვლავების გარეშე? — სინათლით დაბინძურების გამო სულ უფრო მეტი ვარსკვლავი ქრება
საფრთხე რეალურია. 20 წელიწადში ვარსკვლავების უმეტესობა უხილავი იქნება.
განათების ფაქტორი ღამის ცას სულ უფრო და უფრო აბინძურებს. გარე განათებები, ქუჩის შუქები, რეკლამები, შენობები, ეს ყველაფერი ერთად ცაში ვარსკვლავებისთვის ადგილს აღარ ტოვებს.
2016 წელს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ ირმის ნახტომი აღარ იყო ხილული კაცობრიობის მესამედისთვის. მას შემდეგ დრო გავიდა და სინათლის დაბინძურება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მისი ამჟამინდელი ტემპით ძირითადი თანავარსკვლავედების უმეტესი ნაწილი 20 წელიწადში უხილავი იქნება.
"ღამის ცა ჩვენი გარემოს ნაწილია და ეს იქნება დიდი დანაკლისი, თუ მომავალი თაობა ვერასოდეს დაინახავს მას. ეს საერთო დანაკარგია", — თქვა მარტინ რისმა, ასტრონომმა.
გერმანიის გეომეცნიერებათა ცენტრის, ფიზიკოს კრისტოფერ კიბას მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინათლის დაბინძურება სულ უფრო მატულობს. ახლა ჩვენ ცაში ოდესღაც ხილული ვარსკვლავების 10 პროცენტსაც ვეღარ ვხედავთ. 18 წლის წინ თუ საშალოდ 250 ვარსკვლავის დანახვა შეიძლებოდა, ახლა 100-ის შენიშვნაც რთულია.
"რამდენიმე თაობის წინ ადამიანები თავისუფლად ხედავდნენ ვარსკვლავებს. თუმცა, ის, რაც ადრე უნივერსალური იყო, ახლა უკიდურესად იშვიათია. მიუხედავად ამისა, განათების მხოლოდ მცირე რაოდენობის ცვლილებების შემოღებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინოს", — ამბობენ ექსპერტები.
ვარსკვლავების შესანარჩუნებლად გარე განათებების სტრუქტურაა შესაცვლელი. ისინი უნდა იყოს მიმართული ქვემოთ, დაწესებული იყოს მათი სიკაშკაშის შეზღუდვები და არ იყოს უპირატესად ლურჯი-თეთრი ფერები.
"მსგავსი ზომები ღამის ცას ნაკლებად დააბინძურებს", — ამბობს რისი.
ექსპერტების აზრით, პრობლემა ის არის, რომ სინათლის დაბინძურება საზოგადოების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღქმული საფრთხედ. როგორც მადრიდის პოლიტექნიკის უნივერსიტეტის პროფესორმა ოსკარ კორჩომ თქვა: "სინათლით დაბინძურების უარყოფითი შედეგები მოსახლეობისთვის ისეთივე უცნობია, როგორც ეს მოწევის ეფექტი იყო 80-იან წლებში".
რისი ამბობს, რომ ახლა მოქმედების დროა. ასტრონომიული ფაქტორის გარდა, სინათლის დაბინძურებას სერიოზული ეკოლოგიური შედეგები აქვს. ზღვის კუები და გადამფრენი ფრინველები ხელმძღვანელობენ მთვარის შუქით. სინათლის დაბინძურება იწვევს მათ დაბნეულობას და ისინი იხოცებიან. ასევე გასათვალისწინებელია მწერების ფაქტორი, რაც ფრინველებისა და სხვა ცხოველების საკვების მთავარი წყაროა. მწერები ხელოვნური განათებისკენ მიისწრაფვიან და წყაროსთან შეხებისთანავე იხოცებიან.
კომენტარები