იაპონია კოსმოსიდან ელექტროენერგიის დასხივებას 2025 წლისთვის ცდის
იაპონია და მისი კოსმოსური ადმინისტრაცია (JAXA) დეკადებია ცდილობს კოსმოსიდან მზის პანელებით მოპოვებული ენერგიის დასხივება უზრუნველყოს. 2015 წელს ამ მხრივ მათ გარღვევას მიაღწიეს, როცა JAXA-ს მეცნიერებმა 50 მეტრზე დიდ დისტანციაზე, უსადენო მიმღების გამოყენებით, 1.8 კილოვატის დასხივება შეძლეს. ეს იყო საკმარისი ენერგია ელექტრო ჩაიდნის ასამუშავებლად. ამჯერად იაპონია აპირებს, ეს ტექნოლოგია მეტად მიაახლოვოს რეალობასთან და ყოველდღიურ გამოყენებასთან.
როგორც გამოცემა Nikkei იუწყება, იაპონია, საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის ფარგლებში, ეცდება 2025 წლისთვის კოსმოსიდან მზის ენერგია დაასხივოს. პროექტს კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნაოკი შინოჰარა ხელმძღვანელობს, რომელიც კოსმოსური მზის ენერგიის საკითხზე 2009 წლიდან მუშაობს. პროექტის მიხედვით, მეცნიერები ეცდებიან ორბიტაზე პატარა თანამგზავრები განათავსონ. თანამგზავრები მზის პანელების დახმარებით, ენერგიას მოაგროვებს, რის შემდეგაც ეცდებიან, ორბიტიდან მიღებული ენერგიის სხივი ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე სახმელეთო სადგურზე მიიღონ.
ასევე იხილეთ: წარმატებით გამოსცადეს მზის პანელი, რომელიც დედამიწას ელექტროენერგიას კოსმოსიდან გაუგზავნის
ორბიტალური მზის პანელებისა და მიკროტალღების გამოყენებით დედამიწის ენერგიით მომარაგების იდეა 1968 წლიდან იღებს სათავეს. ამის შემდეგ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი და აშშ იდეის ხორცშესხმისთვის მუშაობდა.
ეს ტექნოლოგია მიმზიდველია, რადგან ორბიტალური მზის პანელები განახლებადი ენერგიის პოტენციურად შეუზღუდავ მიწოდებას გვპირდება. კოსმოსში განლაგებულ ამ ტიპის თანამგზავრებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია მზის ენერგიის მოგროვება, ხოლო მიკროტალღების გამოყენებით, მათი უწყვეტი დასხივება დედამიწაზე განლაგებულ შესაბამის სადგურებზე. ამაში ტექნოლოგიას ღრუბლიანი ამინდიც არ შეუშლის ხელს.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თუ იაპონია კოსმოსში პირველ ორბიტალურ მზის ენერგიის სადგურს განათავსებს, ტექნოლოგიის მასობრივ ხელმისაწვდომობამდე მაინც დიდი დრო დაგვაშორებს. ეს იმიტომ, რომ 1 გიგავატი ენერგიის, ან ერთი ბირთვული რეაქტორის ტოლფასი ენერგიის გამომმუშავებელი ორბიტალური სადგურის აგება, ახლანდელი ტექნოლოგიებით, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარი ჯდება.
ასევე იხილეთ: კოსმოსურმა მზის ელექტროსადგურებმა, შესაძლოა, ჩვენი ენერგოსაჭიროებები დააკმაყოფილოს
კომენტარები