რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშიანიანთან ერთად კრემლში სამმხრივი შეხვედრა გამართა.

დეტალები: რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შეხვედრა 20 წუთს გაგრძელდა.

  • მანამდე ვლადიმერ პუტინი ცალ-ცალკე შეხვდა ალიევსა და ფაშინიანს.
  • რია ნოვოსტის ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთობის დარეგულირებისკენ მყარი ნაბიჯები გადადგეს, თუმცა იკამათეს კიდეც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის საკითხზე.
  • სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით საკმაო პროგრესს მიაღწიეს.
  • თავის მხრივ, ალიევი ამბობს, რომ არსებობს სერიოზული წინაპირობები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებისთვის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე დაყრდნობით.
  • გარდა ამისა, რუსული გამოცემის ცნობით, სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასა და გზების შესაძლო მშენებლობაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია.
  • "ჩვენც განვაცხადეთ ამის შესახებ და აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს, რომ არანაირი ცვლილება ამ საკითხთან მიმართებაში აზერბაიჯანს არ აქვს. ისინი ყოველგვარი ვარიანტების გარეშე აღიარებენ სომხეთის სრულ სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე", — თქვა პუტინმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.

  • ყარაბაღის ომის სახელწოდებით ცნობილი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991-1994 წლებში მიმდინარეობდა.
  • ომი ხელმოწერილი ზავით დასრულდა, თუმცა ორმხრივი სროლები პერიოდულად გრძელდებოდა.
  • 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა. საერთაშორისო შუამავლობით კონფლიქტის დარეგულირებაზე მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო.
  • სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები 10 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და ისტორიაში მეორე ყარაბაღის ომის სახელით შევიდა, რომელიც რუსეთის შუამავლობით დასრულდა.
  • ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მთავარი პუნქტები აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონში კონტროლის დაბრუნება, რეგიონში რუსი სამშვიდობოების შემოყვანა, პატიმართა გაცვლა და დევნილების დაბრუნება იყო.
  • 2021-2022 წლებში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა როგორც ყარაბაღთან და ისე ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ.

  • 2022 წლის დეკემბრიდან მთიანი ყარაბაღი, ფაქტობრივად, ბლოკადაშია. ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, "ეკოაქტივისტებმა" გადაკეტეს.

  • 2023 წლის აპრილის მეორე ნახევარში კი აზერბაიჯანმა დერეფნის ერთ-ერთ ბოლოში გამშვები პუნქტი აღმართა.

  • სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი არსებობს, როგორც დე ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, არც სომხეთის მიერ.
  • აზერბაიჯანი ყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ოკუპირებულად თვლის და დაბრუნებას ითხოვს.