ასეთი ნეკა თითი ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს — იშვიათი ბიოლოგიური თავისებურება
თითზე ამ დეტალის ქონა ძალიან იშვიათია.
ნეკა თითზე ერთი ძალიან იშვიათი და უჩვეულო მახასიათებელი შეიძლება შენიშნოთ — მესამე ნაკეცი, იგივე დამატებითი ფალანგთაშორისი განივი ნაკეცი. თითზე ზედმეტი ნაკეცების საკითხი ცუდადაა შესწავლილი, თუმცა ცნობილია, რომ ეს მხოლოდ ნეკა თითებზე არ იჩენს თავს.
როგორც წესი, დამატებითი ნაკეცი იქ არსებული ნაკეცის ქვემოთაა, სადაც თითი იხრება.
1978 წელს იაპონიაში ამაზე კვლევა ჩაატარეს და 551 ადამიანის ნეკა თითის ნაკეცები დათვალეს. 1102 თითიდან დამატებითი განივი ნაკეცი მხოლოდ 6 მათგანზე აღმოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ დამატებითი ნაკეცი კაცებს მხოლოდ ერთ ნეკა თითზე ჰქონდათ, ქალებს კი — ორივეზე.
სხვა ნაშრომის თანახმად, შესაძლოა, იგი კაცებში ოდნავ უფრო ხშირი იყოს, თუმცა ეს კვლევა მასშტაბური არ ყოფილა.
უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, კანის ნაკეცი სახსრებთან გვხვდება ხოლმე, თუმცა დამატებითი ფალანგთაშორისი განივის მქონე ადამიანებს თითში დამატებითი სახსარი არა აქვთ.
ასევე იხილეთ: ჩვენი სხეულები უსარგებლო გადმონაშთებითაა სავსე — აი, სია
ჯერჯერობით დაუდგენელია, რატომ ჩნდება ზედმეტი ნაკეცი. ზოგიერთი კვლევის ფარგლებში უცდიათ, ეს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისთვის დაეკავშირებინათ, თუმცა ზუსტი დასკვნა მაინც არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, ამაში წვლილი გენეტიკას უნდა მიუძღოდეს, თუმცა საკითხი მეცნიერებს ჯერ არ გამოუკვლევიათ.
დამატებითი ნაკეცი ადამიანს არავითარ პრობლემას არ უქმნის და ამის შესასწავლად არც დიდი სამედიცინო საჭიროება არსებობს. მეორე მხრივ, შესაძლოა, მახასიათებელი გამოძიებისას გამოდგეს პირის საიდენტიფიკაციოდ: თუკი ხელის ანაბეჭდზე დამატებით ნაკეცს შენიშნავენ, თეორიულად, ეჭვმიტანილთა სიაც მარტივად დავიწროვდება. შესაბამისად, ამ კუთხით ნაკეცს ისე შეგვიძლია მივუდგეთ, როგორც ნაიარევს, ხალს ან ტატუს.
კომენტარები