1500 წლის ბიბლიაში ქართული მანუსკრიპტის ქვეშ დამალულ თავს მიაგნეს — რა წერია
აღმოჩენა გაკეთდა ვატიკანის ბიბლიოთეკაში შენახული ხელნაწერის ქვეშ, რომელიც ძველქართულად, ნუსხურადაა შესრულებული.
მეცნიერებმა ულტრაიისფერი დასხივების გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც დაფარული იყო ქართული მანუსკრიპტის ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ 1500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსმა, გრიგორი კესელმა, ეს აღმოჩენა გამოაქვეყნა ჟურნალ New Testament Studies-ში, ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში. New Testament Studies არის რეცენზირებული აკადემიური ჟურნალი, რომელიც ქვეყნდება კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესის მიერ.
კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი არის მათეს წიგნის მე-12 თავის დიდი ხნის უნახავი ვერსია, რომელიც თავდაპირველად იყო ბიბლიის ძველი სირიული თარგმანის ნაწილი, დაახლოებით, 1500 წლის წინ. მკვლევრის თქმით, მან ეს აღმოჩენა გააკეთა ვატიკანის ბიბლიოთეკაში შენახულ ხელნაწერში, რომელიც ძველქართულად, ნუსხურადაა შესრულებული.
ვატიკანის ფრაგმენტი წარმოადგენს ოთხი სახარების სრული ტექსტის მხოლოდ, დაახლოებით, 0,6%-ს. დათარიღებულ სირიულ ხელნაწერებთან შედარების საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სახარების ხელნაწერი შეიქმნა, სულ მცირე, მე-6 საუკუნეში.
რა წერია ახლად აღმოჩენილ თავში?
მათეს სახარების მე-12 თავი ეხება იესო ქრისტესა და ფარისევლების დაპირისპირებას შაბათ დღეს. ამ თავში იესო ფარისევლებს უხსნის, რომ იგი შაბათის დღეზე უზენაესია და, ზოგადად, უქმე დღეს საკვების მიღება, ადამიანების განკურნება და სიკეთის კეთება არა მხოლოდ ნებადართული, არამედ მნიშვნელოვანიცაა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული თარგმანები მცირედით განსხვავდება ახლად აღმოჩენილი ტექსტისგან. მაგალითად, მათეს სახარების მე-12 თავის 1-ელ ნაწილში წერია: "ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა". ახლად აღმოჩენილი თარგმანი კი ამბობს: " ... დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა."
ჯერჯერობით, მკვლევრებს ყველა დეტალის შესახებ არ უსაუბრიათ, მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, ხელნაწერი მკვლევრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიგონ ბიბლიის ტექსტური ევოლუციის ადრეული ფაზები.
კომენტარები