კოსმოსური რეკლამები დღეში 2 მილიონი დოლარის გამომუშავებას შეძლებს — კვლევა
თქვენ რომელი რეკლამის ხილვას ისურვებდით ცაზე?
უფრო დაბალი დანახარჯის მქონე რაკეტებისა და CubeSat-ების წყალობით, მეცნიერებისთვის, სტარტაპებისა თუ სხვებისთვის, კოსმოსი იმაზე ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე.
ასეთი სიტუაცია კი, ცხადია, კოსმოსში რეკლამების გაშვების იდეასაც ბადებს. ამის მიღწევა შესაძლებელია CubeSat-ების მეშვეობით, რომლებიც აღჭურვილია მზის ამრეკლავი იალქნებით, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ხილული იქნება დედამიწაზე.
ზოგისთვის, შესაძლოა, ეს სამეცნიერო ფანტასტიკად ჟღერდეს, თუმცა სხვებისთვის იგი გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსურ რეკლამებზე ბევრი საუბრობდა, კომპანია Pepsi-ს ჩათვლით, მსგავსი რამ, ჯერჯერობით, არავის შეუქმნია, ამიტომ რთულია საუბარი იმაზე, როგორ იმუშავებს ისინი, რა დაჯდება და, საერთოდ, ღირს თუ არა მათი გაშვება.
ამ საკითხის გასარკვევად, მკვლევრებმა გარკვეული გამოთვლები ჩაატარეს. მათი თქმით, ყველაზე დიდი ზომის, 32 კვმ-ანი, რეფლექტორებით აღჭურვილი 50 თანამგზავრის მიერ გაკეთებული რეკლამის განთავსება 1-დან 3 თვემდე, 65 მილიონი დოლარი დაჯდება. ხარჯები მოიცავს თანამგზავრებს, მათ გაშვებასა და ინჟინერიას.
ამის შემდეგ, მკვლევართა გუნდმა დაითვალა პოტენციური შემოსავალი, რომელიც ამგვარი რეკლამის გაშვებით შეიძლება მიიღოს კომპანიამ.
გამომდინარე იქიდან, რომ კოსმოსურ რეკლამებს დასჭირდება მზის შუქი, რომელსაც აირეკლავს, მაგრამ ასევე საკმარისად ბნელი ცა, რომ მიწიდან მათი შემჩნევა შესაძლებელი იყოს, ისინი ყველაზე მეტად ხილული იქნება მზის ამოსვლისა და ჩასვლისას. შესაბამისად, ლოგიკური იქნება, რომ ამგვარ რეკლამებს მზესთან ერთად ემოძრავა, გადანაცვლებულიყო რა ერთი დასახლებული ქალაქიდან მეორეში და ა.შ.
მკვლევრებმა გამოთვალეს სატელიტის ფორმირების შესაძლო გზა, იმ ვარაუდით, რომ იგი აჩვენებს რეკლამას, დაახლოებით, ერთი წუთის განმავლობაში კონკრეტულ ქალაქში. შემდეგ კი გამოთვალეს სავარაუდო შემოსავალი რეკლამირების დანახარჯზე, პოპულაციის რაოდენობასა და სხვა ფაქტორებზე დაყრდნობით. გამოთვლების მიხედვით, კოსმოსური რეკლამა დღეში 2 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავებას შეძლებს. ეს თანხა საკმარისია იმისათვის, რომ რეკლამის ხარჯები ერთ თვეში დაიფაროს.
რამდენადაც კოსმოსში თანამგზავრების რაოდენობა იზრდება და კაცობრიობა უფრო და უფრო უკეთ ითვისებს არამიწიერ სივრცეს, კოსმოსური რეკლამები, შესაძლოა, მალე რეალობადაც იქცეს. ასეთ შემთხვევაში რომელი რეკლამის ხილვას ისურვებდით ცაზე?
კომენტარები