დისტოპიური მომავალი: სიზმრებში მალე, შესაძლოა, რეკლამები ვიხილოთ
და თქვენ თუ ისურვებდით ძილის დროს რეკლამების ყურებას?
დღესდღეობით, რეკლამებს ვაწყდებით ცხოვრების, თითქმის, ყველა ასპექტში. მალე ისინი, შესაძლოა, ცაზეც კი ვიხილოთ. აქედან გამომდინარე, რეკლამებისგან დაცული ერთადერთი ადგილი სიზმრების სამყაროა. მაგრამ რა იქნება, თუკი ერთ დღესაც რეკლამები ჩვენს სიზმრებშიც შემოაღწევს?
2 წლის წინ ძილისა და სიზმრების 38 ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომლის მიხედვითაც, სიზმრებში რეკლამების ჩვენება მალე შეიძლება რეალობად იქცეს.
გასაკვირი არაა, რომ მარკეტერებისთვის ჩვენი სიზმრებით მანიპულაცია მომხიბლავი შესაძლებლობაა, რადგან სიზმრებს ადამიანების უმეტესობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ისინი აყალიბებს ძლიერ ასოციაციებს.
ამერიკული მარკეტინგის ასოციაციის ნიუ-იორკის 2021 წლის მარკეტინგის მომავლის გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ამერიკული ფირმების 400-მა მარკეტერმა, დაადგინა, რომ მათგან სამი მეოთხედი მიზნად ისახავს სიზმრებში სარეკლამო ტექნოლოგიების დანერგვას 2025 წლისთვის.
და მაინც, ეს მხოლოდ ტიპური მარკეტინგული აჟიოტაჟია თუ მოახლოებული დისტოპიური რეალობის გულწრფელი აღიარება?
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს ჩვენი სიზმრების შინაარსის შეცვლის მეთოდები. 2020 წელს, ადამ ჰაარ ჰოროვიცმა, დოქტორანტმა MIT-ს Fluid Interfaces-ის ჯგუფში, გამოიყენა ახალი მოწყობილობა სახელწოდებით Dormio, რათა გავლენა მოეხდინა ცდის პირების სიზმრების შინაარსზე. სისტემა აღმოაჩენს, როდის შედის ადამიანი ჰიპნაგოგიაში ( ცნობიერების გარდამავალი მდგომარეობა სიფხიზლესა და ძილს შორის), შემდეგ კი უკრავს სპეციფიკურ აუდიო სტიმულს, რათა შეცვალოს ინდივიდის სიზმრები. ჰაარის გამოქვეყნებულ კვლევაში დორმიოზე, მან და მისმა თანაავტორებმა წარმატებით გამოიყენეს სისტემა და სუბიექტებს დაასიზმრეს ხეები.
მიუხედავად ამისა, იმისთვის, რომ კომპანიებმა არ იფიქრონ ამ ტიპის არაეთიკური სტრატეგიის შემუშავებაზე, კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ საჭიროა ზომების მიღება. მათი თქმით, ამგვარი ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ კეთილი მიზნებისთვის, როგორებიცაა: კოშმარების მოშორება; სტრესის, ტრავმებისა და ადიქციის დაძლევა და ა.შ.
და თქვენ თუ ისურვებდით ძილის დროს რეკლამების ყურებას?
კომენტარები