შესაძლებელია წვიმის სუნით პროგნოზირება? — რას ამბობს მეცნიერება
ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ, იყნოსონ წვიმა მის მოსვლამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრს არ სჯერა, სინამდვილეში, არსებობს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი, რომლების წყალობითაც წვიმის პროგნოზირება მისი სუნის საშუალებით შეიძლება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი პეტრიქორია.
სიტყვა პეტრიქორი მომდინარეობს ბერძნული პეტროსისგან, რაც ნიშნავს ქვას და იქორისგან — სითხე, რომელიც მიედინებოდა უძველესი ღმერთების ძარღვებში. ეს ეხება იმ ნაცნობ, უცნაურ სურნელს, რომელიც გამოიყოფა მიწაში ძლიერი წვიმის შემდეგ. ტერმინი პირველად 1964 წელს შემოიღეს მინერალოგმა იზაბელ ჯოი ბეარმა და რიჩარდ თომასმა.
მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანის საყვარელ სუნს სწორედ პეტრიქორი წარმოადგენს. 2020 წელს კი მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სუნი ცხოველების სხვა სახეობებისთვისაც ძალიან მიმზიდველია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ნიადაგის ბაქტერია, Streptomyces-ი, წარმოქმნის ნაერთს, რომელსაც გეოსმინი ეწოდება. ადამიანის ყნოსვის ორგანო იმდენად კარგად ავლენს ნაერთის კვალს, რომ აჭარბებს ზვიგენების უნარს, იყნოსონ სისხლი წყალში.
ასე რომ, როდესაც წვიმს, წყლის წვეთები ზედაპირს ხვდება და ბრტყელდება, რაც ჰაერს მიწის ფორებში აკავებს. შემდეგ კი ეს ჰაერი წყლიდან ვარდება და ციცქნა აეროზოლებად იქცევა. ამ პროცესში მათზე ხვდება ყველაფერი, რაც მათთან ერთად იყო მიწაზე, მათ შორის, გეოსმინი, რომელიც შემდეგ შეიძლება ჰაერს შეერიოს და მოხვდეს შორ მანძილზე, გაუსწროს რა წვიმის ღრუბლებს კილომეტრებით. სავარაუდოდ, სწორედ აეროზოლის ამ ნაწილაკებს ამჩნევენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წვიმის მოსვლას მისი სუნით პროგნოზირებენ.
კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც სუნით წვიმის მოახლოებას გვამცნობს, არის ოზონის არსებობა ქარში. ამ კონკრეტულ ქიმიურ ნივთიერებას, პეტრიქორთან შედარებით, უფრო ტკბილი სურნელი აქვს.
ოზონი შედგება ჟანგბადის სამი ატომისგან და მისი სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვა ozein-იდან, რაც ნიშნავს "სუნს". იგი ბუნებრივი აირია, მაგრამ ასევე შეიძლება გამომუშავდეს ადამიანის მიერ შექმნილი სასუქებით ან სხვა დამაბინძურებლებით. მისი შექმნა შესაძლებელია ელექტრული მუხტისგან — იქნება ეს მეხის დაცემა თუ ხელოვნური წყარო — რომელიც ატმოსფეროში აზოტს ჟანგბადის მოლეკულებისგან ყოფს. ამ მოლეკულებიდან ზოგიერთი ხელახლა გაერთიანდება და წარმოქმნის აზოტის ოქსიდს, რომელიც, ატმოსფეროში არსებულ სხვა ქიმიკატებთან რეაქციის შემდეგ, ზოგჯერ შეიძლება გადაიზარდოს ოზონად.
ჰაერში არსებული ოზონის სუნი შეიძლება ძლიერი წვიმის მოახლოებაზე მიუთითებდეს, რადგან ჭექა-ქუხილის დაღმავალი ნაკადი აგზავნის ოზონს მიწის დონეზე, სადაც მას ადამიანები გრძნობენ.
ასე რომ, შემდეგში, როდესაც სახლიდან გახვალთ და ჰაერში რაღაც ნესტიან, სასიამოვნო სურნელს იგრძნობთ, სჯობს, ქოლგა თან გაიყოლოთ!
კომენტარები