მექანიკური ჩიტების ისტორია — ოცნებიდან საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაციამდე
ოცნებიდან რეალობამდე
ადამიანი მექანიკურ ჩიტებზე ოდითგანვე ოცნებობდა. მითებში და მითოლოგიაში ვხვდებით უცნაურ არსებებს, რომლებიც ფრინველები არ არიან, მაგრამ ფრენა შეუძლიათ. ოცნება მალე ისტორიად გარდაისახა — ყველაზე ადრეული მაგალითი ძვ.წ. 350 წელთან არის დაკავშირებული. მათემატიკოსმა არქიტას ტარენტმა ხის მექანკური მტრედი შექმნა. გადმოცემის თანახმად, გამოგონებას ფრთების აფრიალება და საკმაოდ მაღლა აფრენა შეეძლო. ის სავარაუდოდ ჰაერის შეკუმშვით მუშაობდა და ერთგვარ შიდა ორთქლის ძრავას იყენებდა.
ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს იყო პირველი თვითმფრინავი — თავისებური ავტონომიური მანქანა, ან სულაც დრონი.
მექანიკური ჩიტების კონცეფციით ლეონარდო და ვინჩიც იყო დაინტერესებული. ცნობილია, რომ და ვინჩი გატაცებული იყო ფრენის იდეით. ის აკვიატებულად აკვირდებოდა ფრენის დროს ფრინველების მოძრაობას. თუმცა, კაცობრიობას ფრთების გაშლამდე დრო სჭირდებოდა. მექანიკურ უპილოტო საფრენ აპარატებამდე ჩვენს სახეობას ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნე აშორებდა.
უპილოტო საფრენ აპარატებთან ხელშესახებად მიმსგავსებული ტექნიკა 1839 წელს გამოჩდა. თუმცა, ეს ნამდვილად არ იყო ის, რასაც დღეს ჩვენ დრონებს ვეძახით — ავსტრიელებმა ბომბები გაბერილ ბურთებზე დაამაგრეს და ასე გადაწყვიტეს მტრის დაბომბვა. რამდენიმე "აპარატმა" დანიშნულებამდე მიაღწია, თუმცა ნაწილი ქარმა უკან მოაბრუნა და თავად შემქმნელების ბაზები დაიბომბა.
პირველად უპილოტო საფრენი მანქანები პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. მოწინავეები ამ მხრივ ბრიტანეთი და აშშ იყვნენ. თუმცა, დიდი პერსპექტივის მიუხედავად, ტექნოლოგიის გამოყენება ომში ვერ მოხერხდა. უკვე მეოცე საუკუნის ბოლოს, უპილოტო საფრენ აპარატებზე მოთხოვნა კოლოსალურად გაიზარდა. მექანიკურმა ჩიტებმა მსოფლიო დაიპყრეს და ახლა ისინი ყველგან გვხვდებიან.
ის რაც თავიდან მექანიკური ჩიტი უნდა ყოფილიყო და შემდეგ სამხედრო დანიშნულება მიეცა, ახლა სრულად მულტიფუნქციურია. დრონებს აქტიურად ვიყენებთ ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, გადაუდებელი დახმარება, კინოინდუსტრია, სპორტი, გართობა და სხვა.
დრონებზე მოთხვონა იზრდება საქართველოშიც, მაგრამ არა ისე, როგორც ეს მოწინავე ქვეყნებში. ამის ფონზე, საინტერესოა საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია, რომელიც მიზნად ისახავს სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. ფედერაცია ემსახურება უპილოტო საფრენი აპარატების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და უსაფრთხოების ზომების გაცნობას.
საკითხში უკეთ გასარკვევად, საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაციის პრეზიდენტს, სოფი ზარაფიშვილს ვესაუბრე. სოფიმ მითხრა, რომ ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებაა.
სოფისთვის ყველაფერი ვარსკვლავური ომებით (Star Wars) დაიწყო. ფილმის ყურებისას ძალიან მოუნდა საკუთარი საფრენი აპარატი ჰქონოდა და აღმოაჩინა, რომ ეს შესაძლებელი იყო. პირველი დრონი სულ რაღაც 100 დოლარად შეიძინა, რომელსაც სათვალე და მართვის პულტი არ მოჰყვებოდა. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი აღმოჩნდა სრულიად ახალ სამყაროში გადასაშვებად. შემდეგ იყო უფრო ძვირად ღირებული საფრენი აპარატები. ინტერესი ნელ-ნელა საქმიანობაში მეტამორფოზირდა. ასე გაჩნდა საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია.
"დრონების გამოყენება ბევრგან შეგვიძლია, მათ შორის ამას შეიძლება სპორტის სახეც მიეცეს. უცხოეთში ხშირად იმართება მსგავსი შეჯიბრებები", — მითხრა სოფიმ.
მიუხედავად იმისა, რომ ფედერაცია ყველანაირ უპილოტო საჰაერო ხომალდებს მოიცავს, სოფიმ და მისმა გუნდმა საწყის ეტაპზე აქცენტი სპორტულ დრონებზე გააკეთეს.
"გვსურს დრონების პოპულარიზაცია საქართველოში, განსაკუთრებით კი სპორტული დრონების. ვართ დაინტერესებულები რეგიონალურ განვითარებაში, რისთვისაც აქტიურად ვმართავთ საჩვენებელ ფრენებს და ვაზიარებთ ცოდნას. გვსურს დავაინტერესოთ ახალგაზრდები რეგიონებიდან და გავაცნოთ მათ უსაფრთხოების ნორმები", — ამბობს სოფი.
სოფისგან გავიგე, რომ სპორტული დრონებით ფრენისას პილოტებს უვითარდებათ ბევრი სასარგებლო თვისება, როგორიცაა პიროვნული დისციპლინა, რისკების მართვა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მკვეთრი რეაქცია გარემო ფაქტორებზე, ადრენალინის კონტროლი და მოტორიკა.
რაც მნიშვნელოვანია, ამ ჰობით დაინტრესებისას ახალგაზრდები საფუძვლიანად სწავლობენ დრონს, როგორც ტექნოლოგიას — ეს მოიცავს ინჟინერიასა და პროგრამირებას.
"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოში სპორტული დრონებით რბოლა აღიარდეს სპორტის ერთ-ერთ სახეობად, შევქმნათ სპორტული კომპლექსი და ჩამოვაყალიბოთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც შეძლებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას", — მითხრა სოფიმ.
როგორი შეიძლება იყოს დრონებით გამართული სპორტული შეჯიბრება? — ნახეთ შემდეგი ვიდეო:
ამ მიზნამდე მისასვლელად საქართველოს უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაციას სხვადასხვა აქტივობები და გეგმები აქვს: უპილოტო საფრენ ხომალდებთან დაკავშირებით სპეციალური კურსის ჩამოყალიბება, სკოლებში და უნივერისტეტებში საჩვენებელი ფრენების მოწყობა, საინფორმაციო სემინარის ჩატარება, ვორკშოპები, სპორტული დრონების გამოფენები და ფესტივალების მოცვა.
"სპორტთან და გართობასთან ერთად აუცილებელია გავითვალისწინოთ ისიც, რომ უპილოტო საფრენ ხომალდებს აქვთ უნარი, სამაშველო სამსახურს დაეხმარონ სტიქიური უბედურებების დროს. ფედერაციის ერთ-ერთ მიზანს ასევე წარმოადგენს სამაშველო ჯგუფის და ხომალდების ორგანიზება, მსგავსს სიტუაციებში", — ამბობს სოფი.
ოდესღაც ადამიანი ფრენაზე ოცნებობდა. მფრინავი ხალიჩიდან მექანიკურ ჩიტამდე ბევრი დრო გავიდა და დღეს უპილოტო საფრენ ხომალდებზე ხელის გაწვდენა მეტაფიზიკა აღარ არის. 2020 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო დრონების რაოდენობა 5 მილიონს ასცდა. დეკადის ბოლოსკენ ამ რაოდენობის გაორმაგებაა მოსალოდნელი.
ის რაც ოდესღაც ფუფუნების საგანი იყო, ძალიან ძვირი ღირდა და წარმოუდგენლად რთული სამართავი იყო, სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მაგალისთვისთვის, აშშ-ის მოსახლეობის 9 პროცენტი საკუთარ დრონს ფლობს და 47 პროცენტი გარკვეულწილად დროენების სერვისს უკვე იყენებს, იქნება ეს მიწოდება თუ სხვა.
სწორედ ამ ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად უპილოტო საფრენი ხომალდების ფედერაცია საქართველოში სპეციალურ ღონისძიებებს მართავს.
"პირველი ღონისძიება დიღმის ჭალებში გვქონდა. ჩვენი პილოტები დიდიხანია ამ ტერიტოებზე დაფრინავენ და მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საფრენი ადგილია. შესაბამისად, ჩვენც დავუმეგობრდით დიღმის ჭალების გარემოსდაცვით მუზეუმს და მათ გაერთიანებას. გვქონდა სხვა ღონისძიებებიც. ვესტუმრეთ როკვა ფესტივალს რაჭაში, სადაც დრონების მინი შოუ გავმართეთ, ჩვენთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ჩავდგით ინსტალაცია. გამოვიყენეთ, როგორც fpv ასევე dji დრონები", — ამბობს სოფი.
ბოლო აქტივობა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში იყო. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უპილოტო საფრენი ხომალდების გამოფენა, გასაუბრებოდნენ პროფესიონალ პილოტებს და დასწრებოდნენ საჩვენებელ ფრენებს.
როგორც საავიაციო უნივერსიტეტში მოწყობილ გამოფენაზე მისული ადამიანი მიხვდებოდა, დღეს მართლაც უამრავი სახის დრონი არსებობს. უპილოტო საფრენი აპარატი შეიძლება იყოს პატარა, დიდი, სწრაფი, შედარებით ნელი, განსაკუთრებულად მოქნილი, სპორტული, სამხედრო, მზვერავი, სამაშველო, მაგრამ მათ ყველას ერთი აერთიანებთ — ეს არის ოცნება და ფანტაზია, რომელიც რეალობად იქცა.
კაცობრიობამ უკვე დიდი ხანია რაც "საოცარ ახალ სამყაროში" შეაბიჯა. აქ მომავალი მსგავსი ტექნოლოგიისა და მათზე მომუშავე/მეოცნებე ადამიანებისაა. დღეს ფრენა ყველას შეუძლია და, ის თუ რა იქნება შემდეგი, ჩვენზე და ჩვენს ოცნებებზეა დამოკიდებული.
კომენტარები