როგორია კიბოს დაავადების ისტორია და როდის დაფიქსირდა ის პირველად
ბევრს ჰგონია, რომ კიბო შედარებით ახლად გაჩენილი დაავადებაა, მაგრამ ის ადამიანებს ოდითგანვე აწუხებდა. მეცნიერებს აღმოჩენილი აქვთ პრეისტორიული ადამიანების ნაშთები, რომლებიც კიბოს არსებობაზე მიუთითებს. მაშ, რომელია კიბოს ყველაზე ადრეული შემთხვევა, რაც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ? და როდის არის ის წერილობითად პირველად მოხსენიებული?
ადამიანში ავთვისებიანი კიბოს ყველაზე ადრეული მტკიცებულება მომდინარეობს ჩვენი სახეობის ნათესავზე, რომელიც დაახლოებით 1,7 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. საუბარია ჰომო ერგასტერზე, რომელსაც მარცხენა ფეხის ძვალში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჩონჩხის ნაშთები სვარტკრანსის გამოქვაბულში, რომელსაც ხშირად კაცობრიობის აკვანსაც უწოდებენ.
მკვლევრებმა აღმოჩენა ოსტეოსარკომის თანამედროვე შემთხვევებს შეადარეს — კიბოს აგრესიულ ფორმას, რომელიც იწყება ძვლების წარმომქმნელ უჯრედებში. მსგავსება აშკარა იყო.
დღესდღეობით, ოსტეოსარკომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძვლის კიბოა ადამიანებში. ის შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება.
მეტიც, 2016 წლის კვლევის თანახმად, კიდევ უფრო ძველი კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩინეს. ამჯერად საუბარია 1,9 მილიონი წლის წინდელ ავსტრალოპითეკზე.
გასაკვირი არ არის, რომ კიბოს უძველესი შემთხვევები ძვლებშია აღმოჩენილი, რადგან ორგანოები, კანი და სხვა რბილი ქსოვილები უფრო მიდრეკილია გახრწნისკენ, ვიდრე ძვლები.
"ძვალი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქსოვილიდან, რომელსაც შეუძლია გადარჩეს ნამარხის სახით", — განუცხადა Live Science-ს ბრიუს როტშილდმა, ხერხემლიანთა პალეონტოლოგმა.
თუმცა, მაშინაც კი, თუ კიბო არის ნამარხში, ის ხშირად არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით და საჭიროებს დამატებით გამოკვლევას.
პირველი წერილობითი ჩანაწერი კიბოს შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ადრეული შემთხვევა 1,7 მილიონი წლის წინანდელი ფეხის ძვლის კიბოს სახითაა აღმოჩენილი, ამ დაავადების შესახებ პირველი წერილობითი ჩანაწერი ბევრად ახალია.
ძვ.წ. 3000 წელს იმჰოტეპმა — ძველი ეგვიპტის მათემატიკოსმა, ექიმმა და არქიტექტორმა დაწერა სახელმძღვანელო სხეულის ტრავმებისა და ქირურგიული პროცედურების შესახებ. ტექსტში მან დეტალურად აღწერა 48 სამედიცინო შემთხვევა, მათ შორის რამდენიმე შემთხვევის კვლევა მკერდის კიბოს შესახებ.
ტექსტი დაწერილია იერატიკით, ძველი ეგვიპტური დამწერლობის სისტემით და მოგვიანებით თარგმნა ამერიკელმა არქეოლოგმა ჯეიმს ჰენრი ბრესტედმა. მასში იმჰოტეპმა აღწერა სხვადასხვა ტიპის სიმსივნის მახასიათებლები, მათ შორის "ზეთოვანი სიმსივნეები" და "მყარი სიმსივნეები". მან ასევე ახსენა მკერდის კიბო — აღწერს მას, როგორც "მკერდში ამობურცულ მასას", რომელიც არის მაგარი, მყარი და მკვრივი, რომელიც ვრცელდება კანქვეშ.
2016 წლის კვლევის თანახმად, ეს პაპირუსი არა მხოლოდ გვთავაზობს, თუ როგორ ახორციელებდნენ ქირურგიულ მედიცინას ათასობით წლის წინ ძველი ეგვიპტელები, არამედ შეიცავს კიბოს შესახებ უძველეს მტკიცებულებებს.
სამწუხაროდ, ჩვენ ბოლომდე არ ვიცით თუ როგორ განვითარდა პრეისტორიული კიბოს ეს შემთხვევები. მეტიც, ჯერ კიდევ ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ ზუსტად რა იწვევს ამ დაავადებას და როგორ დავამარცხოთ ის.
კომენტარები