თურქეთი სომხეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს
თურქეთმა ოპერაცია ნემესისისადმი მიძღვნილი ქანდაკების გახსნის საპასუხოდ, რომელიც სომხების გენოციდში დამნაშავე ოსმალების მკვლელობის კამპანიას ეძღვნება, სომხური თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
სომხურმა ავიაკომპანიამ FlyOne-მა ეს ამბავი 29 აპრილს გაავრცელა და განაცხადა, რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა რამდენიმე ფრენა ევროპაში, თურქეთის მიერ სომხეთისთვის საჰაერო სივრცის უეცარი ჩაკეტვის გამო.
ოთხშაბათს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ NTV-ს განუცხადა, რომ საჰაერო სივრცის დახურვა ოპერაცია ნემესისის წევრებისადმი მიძღვნილი ძეგლის გახსნის საპასუხოდ მოხდა.
მისი თქმით, გამონაკლისი იქნება პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი, რომელიც ანკარაში ოთხშაბათს ჩავიდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად.
ჩავუშოღლუს თქმით, სანქცია ძალაში დარჩება მანამ, სანამ სომხეთი არ შეწყვეტს "პროვოკაციებს".
"თუ ასე გაგრძელდება", — თქვა მან, "ჩვენ მივიღებთ სხვა ზომებს".
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქანდაკების გახსნას, ამ ინფორმაციას ოთხშაბათს, პარლამენტის სესიაზე გამოეხმაურა.
"ჩვენ ვიცით, რა გავლენა იქონია ამ ურთიერთობებზე, მაგალითად, გარეგინ ნჟდეჰის ქანდაკების გახსნამ? მინდა შეგახსენოთ ან შეგატყობინოთ, რომ იქ გვქონდა და გვაქვს სერიოზული პრობლემები", — განაცხადა ფაშინიანმა.
2016 წელს ერევანში დაიდგა ქანდაკება, რომელიც ეძღვნებოდა გარეგინ ნჟდეჰს, სომხეთის პირველი რესპუბლიკის საკვანძო ფიგურას 1910-იანი წლების ბოლოს. ნჟდეჰი საკამათო ფიგურაა მისი ნაციონალისტური იდეოლოგიებისა და მოგვიანებით ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ თანამშრომლობის გამო.
თუმცა, აპრილის ბოლოს, ლევონ სარდარიანმა, ერევნის მუნიციპალიტეტის სპიკერმა, განაცხადა, რომ ის "თითქმის დარწმუნებულია", რომ მთავრობამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოპერაცია ნემესისის ძეგლის დამონტაჟება ჯერ კიდევ 2019 წელს დაამტკიცა.
ძეგლი 25 აპრილს ერევნის მერის მოადგილემ და ფაშინიანის მტკიცე მოკავშირემ ტიგრან ავინიანმა გახსნა. ავარაუდოდ, ავინიანი მმართველი პარტიიდან ერევნის მერობის კანდიდატად წარდგება.
ოპერაცია ნემესისი, რომელიც სომეხთა რევოლუციური ფედერაციის წევრებმა განახორციელეს, 1920 წელს დაიწყო — როგორც 1915–1917 წლებში ოსმალეთში სომეხთა გენოციდში დამნაშავეების, ასევე 1918 წლის სექტემბერში ბაქოში ეთნიკური სომხების ხოცვაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების მკვლელობის პროგრამა.
თურქეთი, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე სახელმწიფო, უარყოფს სომხების გენოციდს და სომხებს ადანაშაულებს პირველი მსოფლიო ომის დროს ეთნიკური თურქების მკვლელობაში.
სომხეთსა და თურქეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ 1993 წლიდან; თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობა პირველი მთიანი ყარაბაღის ომის დროს გაწყვიტა. ერევანმა და ანკარამ ურთიერთობების ნორმალიზება პირველად 2008 წელს სცადეს, მაგრამ მას შემდეგ ვეღარ შეძლეს, როდესაც თურქეთმა განაცხადა, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტის გადაწყვეტაზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ქვეყნებმა ნორმალიზაციის მოლაპარაკებები 2021 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ განაახლეს. ისინი შეთანხმდნენ პირდაპირი სატვირთო ფრენების დაწყებაზე, ერთმანეთისთვის საჰაერო სივრცის გახსნაზე და მათ შორის, მესამე ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების უფლებაზე.
ასევე ერევანმა განაცხადა, რომ სომხეთ-თურქეთის საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, დაგმო თურქეთის გადაწყვეტილება სომხეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები