არამიწიერმა ცივილიზაციამ შესაძლოა, ჩვენი სატელეფონო ანძების სიგნალებით მოგვაგნოს
მოგეხსენებათ, მობილურებით კომუნიკაციას სატელეფონო ანძების მეშვეობით ვახერხებთ, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მრავლადაა. ისინი სიგნალებს მუდმივად აგზავნის, შესაბამისად, საინტერესოა, შეუძლია თუ არა ამ რადიოტალღების დაფიქსირება არამიწიერ ცივილიზაციას?
სწორედ ამის გაგება სცადეს მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევით. ისინი ამბობენ, რომ მეოცე საუკუნის მიწურულს ეს სიგნალები შეიცვალა, რადგან სატელევიზიო და რადიო სადგურებს უკვე მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ანძები დაემატა და მათ რაოდენობრივად გადააჭარბა. ისინი დედამიწიდან გამავალი რადიოტალღების მეორე ყველაზე მძლავრი წყაროა, პირველ ადგილს კი სამხედრო სარადარო გადამცემები იკავებს.
თითოეული ასეთი ანძა 100-200 ვატი სიმძლავრის სიგნალებს აგზავნის, ხოლო მათი საერთო რიცხვის მიხედვით, ჩვენი პლანეტიდან კოსმოსში რამდენიმე გიგავატი "ჟონავს". ამის გათვალისწინებით, თუკი ჩვენგან დაახლოებით 10 სინათლის წლის მანძილზე სათანადო რადიოასტრონომიული ტექნოლოგიის მქონე ცივილიზაცია არსებობს, ის ამ ტალღებს, წესით, დააფიქსირებს. ეს მათ მდებარეობაზეა დამოკიდებული, რადგან ანძების უმეტესობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია განლაგებული, ანუ ამ მეთოდით ჩვენი პოვნის შანსი უფრო მეტად სწორედ მის გასწვრივ განლაგებულ ეგზოპლანეტებზე პოტენციურად მცხოვრებ არსებებს აქვთ.
ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ სატელეფონო ანძების სიგნალები განსხვავებულია და ისინი ერთმანეთს ისე თანხვდება, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაცია რაიმე კონკრეტული შეტყობინების გაშიფვრას ვერ შეძლებს. სამაგიეროდ, მსგავსი ტალღების მეშვეობით საშუალება ექნებათ, ხმელეთზე პოპულაციების რაოდენობრივი გადანაწილების ცვლილება, დედამიწის ღერძული ბრუნვა და დახრილობა შეისწავლონ.
ჩვენი პლანეტიდან ამგვარი მონაცემების მიღებას შეძლებენ, მაგალითად, ალფა კენტავრის სისტემიდან, რომელიც ჩვენგან მხოლოდ 4 სინათლის წლითაა დაშორებული. ასევე, 6 სინათლის წლის დისტანციაზე არსებული ბარნარდის ვარსკვლავის მიმდებარე არეალიდან და 8 სინათლის წლის მანძილზე განლაგებული მნათობის, HD 95735-ის მახლობელი რეგიონიდან. ეგზოპლანეტები სამივე სისტემაშია, თუმცა მათგან სიცოცხლესთან თავსებადი არცერთია.
აღსანიშნავია, რომ 5G და სხვა მოწინავე ტექნოლოგიის დანერგვის პარალელურად, ეს ტალღები გაძლიერდება და უფრო მარტივად, ასევე, მეტი ადგილიდან დაფიქსირებადი გახდება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები