მეცნიერებმა მომაკვდავი ადამიანების ტვინში წარმოქმნილი იდუმალი იმპულსები დააფიქსირეს
აშშ-ში მდებარე მიჩიგანის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა 2 ადამიანის ტვინში სიკვდილისას წარმოქმნილი აქტივობა დააფიქსირეს, რომელიც ძალიან ჰგავს იმავე მდგომარეობაში მყოფი ცხოველების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აქამდე აღმოჩენილ იმპულსებს. ეს საშუალებას გვაძლევს, უფრო მეტი შევიტყოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ამ დროს.
გასულ წელს სპეციალისტებმა მომაკვდავი ინდივიდის ტვინში ე.წ. გამა ტალღების მოზღვავება პირველად დააფიქსირეს. სწორედ მსგავს სიგნალებს დააკვირდნენ უკანასკნელ 2 შემთხვევაშიც. ახალი ნაშრომის ავტორები 2013 წლიდან ცდილობენ, მომაკვდავი ადამიანის ტვინის აქტივობა ვირთხებისას შეადარონ, რომელთაც გული მიზანმიმართულად გაუჩერეს. ამ დროს მღრღნელებში ისეთი იმპულსები გამოვლინდა, რომლებიც სიკვდილთან ასოცირებულ გამოცდილებებთანაა დაკავშირებული.
მათ მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მონაცემები გამოიყენეს კომატოზურ პაციენტებზე, რომელთაც ექიმები გულის გაჩერების ან ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგაც აკვირდებოდნენ. ელექტროენცეფალოგრაფის ჩანაწერებით ტვინის ერთ ნახევარსფეროში გამოვლინდა მკვეთრი გამა ტალღები, რომლებიც მთლიან ორგანოში გავრცელდა. დადასტურდა, რომ ეს რაიმე სახის ეპილეფსიურ შეტევას არ უკავშირდებოდა, არამედ შესაძლოა, ცნობიერების, გარემოს აღქმადობის ინდიკატორი ყოფილიყო.
პირველადი ტალღები სწორედ ტვინის იმ რეგიონში გაჩნდა, რომელიც ცნობიერების ნერვულ მექანიზმთან ასოცირდება. მსგავსი სიგნალები ძილის და ეპილეფსიური შეტევის დროსაც წარმოიქმნება, როცა პაციენტებს ვიზუალური ჰალუცინაციები და უჩვეულო შეგრძნებები აქვთ. ეს "ცხელი ზონა" მოიცავს მგრძნობელობით არეალსაც, რაც შესაძლოა ხსნიდეს, რატომაა სიკვდილთან მიახლოების თანმდევი, პაციენტთა მიერ აღწერილი შეგრძნებები ასეთი მკაფიო.
ფიქრობენ, რომ ტვინის ნახევარსფეროთა შორის კავშირი გახსენების პროცესშიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეცნიერთა განცხადებით, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ეს ყველაფერი ცნობიერების ბიოლოგიურ საფუძვლებზე მიანიშნებს თუ არა. საბოლოოდ, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, რაც ხდება სიკვდილისას და არის თუ არა ზემოხსენებული გამოცდილებები გულის გაჩერების შემდგომი ნევროლოგიური რეაქცია.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 10-წლიან მონაცემებში მსგავსი აქტივობა მხოლოდ 2 პაციენტში დაფიქსირდა, რასაც ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა ერთოდა. არ გამორიცხავენ, რომ ეს სიკვდილისთვის დამახასიათებელი უნიკალური პათოლოგიური პროცესის ნიშანი იყოს და ცნობიერებასთან საერთო სულაც არაფერი ჰქონდეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.
კომენტარები