რა არის ცოფი, როგორ გადაეცემა და რატომაა აცრა ერთადერთი გამოსავალი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

შესავალი

ცოფი სასიკვდილო განაჩენთან ასოცირდება და არის კიდეც: იმ შემთხვევაში, თუკი საჭირო ზომებს სიმპტომების გამოვლენამდე არ მივიღებთ, სიკვდილი გარდაუვალია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მონაცემებით, ამ მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი იხოცება, უმეტესად იმ ქვეყნებში, სადაც ცხოველთა ვაქცინაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი.

დაავადებას ცოფის ვირუსი იწვევს, რომელიც ადამიანებზე ინფიცირებული ცხოველის ნერწყვით გადადის — როგორც წესი, კბენის ანდა გაკაწვრის შედეგად. იგი ძუძუმწოვართა ცენტრალურ ნერვულ სისტემას აინფიცირებს, შემდგომში კი თანდათან ტვინს აავადებს და სიკვდილამდე მივყავართ. ცოფის ვირუსი ნებისმიერ ძუძუმწოვარს შეიძლება შეხვდეს, გარეული იქნება იგი თუ შინაური.

მნიშვნელოვანია, ცხოველთან საეჭვო ინტერაქციისას ექიმს მაშინვე მივმართოთ და ავიცრათ — როცა სიმპტომების გამოვლენა იწყება, დაავადებულის გადარჩენის შანსი უკვე აღარ არსებობს.

ცოფის ვირუსის შესახებ

ცოფი (Rabies lyssavirus) ნეიროტროპული ვირუსია, ანუ ნერვულ უჯრედებს აინფიცირებს. იგი რაბდოვირუსთა (ტყვიის მსგავსი ფორმის ვირუსები) ოჯახს განეკუთვნება.

ბუნებაში ცოფის ვირუსი მხოლოდ ძუძუმწოვარ სახეობებს აინფიცირებს, თუმცა ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელია ჩიტების ინფიცირებაც; შეიძლება დაინფიცირდეს ძუძუმწოვრების, ჩიტების, რეპტილიებისა და მწერების უჯრედთა კულტურებიც.

ელექტრონული მიკროგრაფი: ცოფის ვირუსი (წითელი) ზღვის გოჭის თირკმლის უჯრედებს (მწვანე) აინფიცირებს; უჯრედები ლაბორატორიაშია კულტივირებული.

ფოტო: NIAID / Flickr

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ცოფი ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, გარდა ანტარქტიკისა. ამ დაავადებით წლიურად დაახლოებით 59 ათასი ადამიანი იხოცება, თუმცა, შესაძლოა, შეუტყობინებლობის გამო რეალური მაჩვენებელი სხვანაირი იყოს.

ცოფი უფრო მეტად ღარიბ პოპულაციებში გვხვდება. მართალია, ამ დაავადების საპრევენციოდ არსებობს ადამიანის ვაქცინები, თუმცა ზოგისათვის ვაქცინაცია ხელმისაწვდომი არ არის.

ცნობილია, რომ მსოფლიოში წლიურად დაახლოებით 29 მილიონი ადამიანი იცრება ცოფის ვაქცინით.

ცოფი ცხოველებში

როგორც უკვე აღვნიშნე, ცოფი მხოლოდ ძუძუმწოვრებს ხვდებათ — თბილსისხლიან ბეწვიან ცხოველებს, მათ შორის ადამიანებსაც. შესაბამისად, ჩიტის, თევზის ანდა გველისგან ეს ვირუსი ვერ გადმოგედებათ.

ღამურა ცოფის გადამტანი ერთ-ერთი ძუძუმწოვარია. აშშ-ში ყველაზე ხშირად ცოფი სწორედ მათ უდასტურდებათ.

ფოტო: ADFG

ცოფი უფრო ხშირია გარეულ ცხოველებში, თუმცა იგი შინაურ ცხოველებსაც ხვდებათ, მათ შორის: ძაღლებს, კატებს, ძროხებსა და ცხენებს. შემთხვევათა უმრავლესობა აუცრელობას, ვაქცინის არასწორ ადმინისტრირებას ანდა რომელიმე ეტაპზე ვაქცინაციის შეწყვეტას მიეწერება.

როგორ გადაეცემა ვირუსი

CDC-ის მიხედვით, ცოფის ვირუსი დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ან ტვინის/ნერვული სისტემის ქსოვილთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად გადადის. ეს დაზიანებულ კანზე ანდა ლორწოვან გარსებზე მოხვედრას გულისხმობს.

როგორც წესი, ადამიანებზე ვირუსი ცოფით ინფიცირებული ცხოველისგან გადადის. იშვიათია, თუმცა მაინც შესაძლებელია, რომ იგი ნაკაწრებზე, ღია ჭრილობებზე ან გახეხილ კანზე ცოფიანი ცხოველის ნერწყვის (ან სხვა ინფიცირებული მასალის) მოხვედრით გადავიდეს.

ცნობილია, რომ ადამიანებში ცოფის შემთხვევათა 99% ძაღლებისგან არის შეძენილი.

როგორ არ გადაეცემა

ვირუსის მქონე ცხოველთან უბრალოდ კონტაქტი — მოფერება, მის სისხლთან, შარდთან თუ ფეკალურ მასებთან შეხება — ინფიცირების რისკთან ნაკლებადაა კავშირში.

სხვა გზებით გადადება, გარდა ნაკბენებისა და ნაკაწრებისა, ძალიან იშვიათია. შესაძლებელია ცოფის ვირუსის აეროზოლის სახით შესუნთქვა, თუმცა ამის საფრთხე უმეტესად მხოლოდ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს ექმნება. ცოფის გადადება დაფიქსირებულა ორგანოს გადანერგვის გზითაც, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ძალიან იშვიათია.

თეორიულად, ცოფი შეიძლება გადაგვედოს, თუკი ამ ვირუსით დაავადებული ადამიანი გვიკბენს, თუმცა მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფიცირების რისკს არ ქმნის ჩვეულებრივი კონტაქტიც, თუნდაც ცოფის მქონე ადამიანთან ან მის არაინექციურ სითხეებთან (შარდი, სისხლი, ფეკალიები) შეხება.

საგულისხმოა, რომ ცოფი ორგანიზმის ინფიცირების უნარს კარგავს, როცა შრება ან როცა მზის სინათლეზე ხვდება. სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს იმას, როდის ხდება ვირუსი არააქტიური, თუმცა, თუკი ცოფის შემცველი მასალა მშრალია, შეგვიძლია იგი არაინფექციურად მივიჩნიოთ.

რა ვქნათ ცხოველთან საეჭვო კონტაქტისას და რატომ უნდა ავიცრათ

ცოფთან შესაძლო კონტაქტის შემდეგ

ცოფის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ დაავადებულის გადარჩენა შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისი ზომები დაკაწვრიდან/კბენიდან რაც შეიძლება მალე მივიღოთ.

WHO-ს მიხედვით, ცოფთან შესაძლო კონტაქტის დროს პოსტექსპოზიციურ პროფილაქტიკას (PEP) მიმართავენ, რათა ვირუსმა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არ შეაღწიოს. თუკი ეს უკანასკნელი მოხდა, მკურნალობა და მომაკვდინებელი პროცესების უკუგდება უკვე შეუძლებელია.

ცოფის პროფილაქტიკისთვის:

  • წყლითა და საპნით მოიბანეთ დაზიანებული ადგილი მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში;
  • მიმართეთ რაბიოლოგს და საჭიროების შემთხვევაში გაიკეთეთ ვაქცინა შესაბამისი გრაფიკით;
  • საჭიროების შემთხვევაში ჭრილობაში იმუნოგლობულინს ან მონოკლონურ ანტისხეულებს შეგიყვანენ.

პროფილაქტიკა შემთხვევის სპეციფიკის შესაბამისად ხდება და ასევე განისაზღვრება ვაქცინის მიღების გრაფიკიც.

მოქმედების პროტოკოლი ცოფის შესაძლო წყაროსთან კონტაქტის შემდეგ

ფოტო: WHO

არსებობს 10-დღიანი დაკვირვების მიდგომა, ანუ ზოგი ადამიანი აცრას მხოლოდ მაშინ მიმართავს, თუკი 10 დღის განმავლობაში ცხოველი მოკვდება. მართალია, რომ ცხოველი ამ ვადაში აუცილებლად მოკვდება, თუ ცოფითაა დაავადებული. მეორე მხრივ, იშვიათად ვირუსმა შეიძლება მანამ მიაღწიოს ადამიანის ნერვულ სისტემამდე, სანამ ცხოველი მოკვდება. მცირე რისკი მაინც არსებობს, გადაწყვეტილება კი, უმჯობესია, რაბიოლოგმა მიიღოს.

არსებობს დამოკიდებულებაც, რომ ცოფის ვაქცინა "ორგანიზმს ანგრევს" და მისი გამოყენება "რეკომენდებული არაა". რეალურად, ვაქცინის ინიექციის შემდეგ, როგორც წესი, მსუბუქი გვერდითი მოვლენები ვითარდება: ნანემსარის ადგილას დასივება, სიწითლე, ტკივილი ანდა ქავილი; თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, კუნთების ტკივილი და თავბრუსხვევა. როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ამ დროსაც ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ვაქცინამ სერიოზული ალერგიული რეაქცია, სხვა დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს.

თუკი ცოფის ვაქცინაზე ალერგია გამოგივლინდათ, ექიმს უნდა აცნობოთ და სხვა შედგენილობის პრეპარატს შეარჩევს.

ვინაიდან ცოფის ყველა შემთხვევა სიკვდილით სრულდება, ამ რისკს აცრის ვერცერთი გვერდითი მოვლენა ვერ გადაწონის. შესაბამისად, აცრა ტარდება ყოველთვის: თანმდევი დაავადებების, ორსულობის, ლაქტაციისა და შესუსტებული იმუნური სისტემის ქონის დროსაც.

ცნობისთვის, ინიექციების რაოდენობასა და შუალედებზეა დამოკიდებული, დაგიცავთ თუ არა ვაქცინის ერთი კურსი სამომავლო შემთხვევებისგან. შესაბამისად, უმჯობესია, გაკაწვრის/კბენის შემთხვევების დროს ეს ექიმთან დააზუსტოთ.

ვაქცინის გაკეთებას საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებთ, დეტალური ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე — 1505 — დარეკოთ ან თავად მოიძიოთ ინტერნეტში.

ცოფთან კონტაქტამდე

არსებობს პრეექსპოზიციური პროფილაქტიკაც (PrEP) — ადამიანები, რომელთაც ცოფთან კონტაქტის დიდი რისკი აქვთ (ვეტერინარები, ლაბორატორიის თანამშრომლები და სხვ.), წინასწარ იღებენ შესაბამის ზომებს და იცრებიან.

PrEP-ს მაშინაც მიმართავენ, თუ ისეთ ადგილებში მიემგზავრებიან, სადაც ცოფი ფართოდაა გავრცელებული და ვაქცინების ნაკლებობაა.

ცნობისთვის, PrEP არ ანაცვლებს PEP-ის საჭიროებას. შესაბამისად, პოტენციურად ცოფის მქონე ცხოველთან საეჭვო კონტაქტისას მაინც უნდა მიმართოთ PEP-ს.

ცოფის სიმპტომები — ანუ რა ხდება, როცა არ ვიცრებით

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ცოფის სიმპტომები ორგანიზმში ვირუსის მოხვედრიდან 2-3 თვეში ვლინდება. ამ დროს საინკუბაციო პერიოდი ეწოდება. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა, საინკუბაციო პერიოდი დღეებიდან წლამდე მერყეობდეს. გააჩნია, სხეულის რა ნაწილიდან შეიჭრა ვირუსი (რამდენადაა იგი დაშორებული ტვინისგან), რა რაოდენობითაა იგი ორგანიზმში და სხვ.

მას შემდეგ, რაც საინკუბაციო პერიოდი გაივლის, ცოფის პირველი სიმპტომები იწყება, რომლებიც გრიპისას წააგავს: მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, თავის ტკივილი, უჩვეულო/უსიამოვნო შეგრძნებები ან ტკივილი ჭრილობის ადგილას. ეს დღეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

ამის შემდეგ ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ინაცვლებს; იწყება თავისა და ზურგის ტვინის ანთება. მდგომარეობის პროგრესირებასთან ერთად სხვა სიმპტომებიც ვლინდება: დელირიუმი, უჩვეულო ქცევა, ჰალუცინაციები, ჰიდროფობია (წყლის შიში), უძილობა, შფოთვა, ნერვული აგზნება, მოჭარბებული ნერწყვდენა...

WHO-ის მიხედვით, ცოფის დაავადების ორი ტიპი არსებობს:

  1. "მძვინვარე" ცოფი — ახასიათებს ჰიპერაქტივობა, აჟიტირებული ქცევა, ჰალუცინაციები, კოორდინაციის დარღვევა, ჰიდროფობია და აეროფობია (სუფთა ჰაერის შიში). ადამიანი რამდენიმე დღეში კვდება გულის გაჩერებით;
  2. პარალიზური ცოფი — ადამიანებში ცოფის შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში ვლინდება. იგი ნაკლებად დრამატული სიმპტომებით ვლინდება და, ჩვეულებრივ, მეტხანს გრძელდება. ამ დროს ჭრილობის ადგილიდან კუნთების პარალიზება იწყება; ნელ-ნელა კომა ვითარდება, რასაც თანდათანობით სიკვდილი მოსდევს. პარალიზური ფორმის დიაგნოსტირება ხშირად არც ისე მარტივია.

ცოფის დიაგნოსტიკა

CDC-ს მიხედვით, ცოფის დროული პროფილაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანსა თუ ცხოველს დიაგნოზი სწრაფად დაესვას. ლაბორატორიაში რამდენიმე საათში დგინდება, აქვს თუ არა ცხოველს ცოფი, და შედეგების მიხედვით განისაზღვრება, სჭირდება თუ არა ადამიანს აცრების გაკეთება.

ცხოველებში ცოფზე ტესტირება მხოლოდ მკვდარ მდგომარეობაში ტარდება. ცხოველს ევთანაზიას უკეთებენ და დაავადების არსებობას ტვინის ღეროსა და ნათხემის ნიმუშებით ადგენენ.

იმისათვის, რომ ცოფი ადამიანის სიკვდილამდე დადგინდეს, რამდენიმე ტესტია საჭირო. ამოწმებენ ნერწყვს, სისხლის შრატს, სპინალურ სითხესა და თმის ფოლიკულებს კისრიდან. სიკვდილის შემდეგ ტესტირება თავის ტვინის ღეროსა და ნათხემის ქსოვილებზე ტარდება.


თავისთავად, საქმე რომ აქამდე არ მივიდეს, მე-6 ქვეთავში მოცემული რჩევები უნდა გავითვალისწინოთ. შეგახსენებთ, რომ ვაქცინის გაკეთებას საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებთ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, თავად მოიძიოთ ინტერნეტში ან ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე — 1505 — დარეკოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ