ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა ჩვენგან 556 სინათლის წლის დაშორებული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში, სხვა ციურ სხეულებთან შედარებით, ყველაზე მძიმე ელემენტი აღმოაჩინეს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ დედამიწისგან დაახლოებით 670 სინათლის წლის დისტანციაზე არსებული პლანეტის აირად გარსში ტერბიუმი დააფიქსირეს.

ეს ლითონი იშვიათ მიწათა ელემენტად მიიჩნევა, ანუ დედამიწის ქერქში მისი კონცენტრაცია ძალზე მცირეა. მისთვის აქამდე სხვა ეგზოპლანეტაზე არ მიუგნიათ. კოსმოსური ობიექტი, რომლის ატმოსფეროც მას შეიცავს, KELT-9-ის სახელითაა ცნობილი და თავისი მაღალი ტემპერატურით მთელს ირმის ნახტომის გალაქტიკაშია გამორჩეული.

კერძოდ, ამ ციურ სხეულზე საშუალო ტემპერატურა 4 000 გრადუს ცელსიუსს აღწევს და ის მეცნიერებმა 2016 წელს აღმოაჩინეს. მას შემდეგ KELT-9 სპეციალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამიზნეა, მათ შორის შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებისთვის, რომლებმაც ახალი მეთოდი შეიმუშავეს.

ტერბიუმი.

ფოტო: Wikipedia

შედეგად, ავტორებმა KELT-9-ის ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია შეაგროვეს და იქ არსებული 7 ელემენტი გამოავლინეს. ერთ-ერთი სწორედ ტერბიუმია, რომელიც ლანთანოიდთა ტიპს მიეკუთვნება. მას შვედმა ქიმიკოსმა, კარლ გუსტავ მოსანდერმა, 1843 წელს სტოკჰოლმის არქიპელაგზე მდებარე მაღაროში მიაგნო. ტერბიუმი იმდენად იშვიათია, რომ მისი 99 პროცენტი შიდა მონღოლეთში, ბაიან-ობოს რაიონში მოიპოვება.

როგორც წესი, ეგზოპლანეტებს ვარსკვლავთან მათი ჩავლისას სიკაშკაშის ცვლილებაზე დაკვირვების შედეგად აფიქსირებენ. მეცნიერთა ახალი მეთოდი ამ დროს ციური სხეულების სინათლის "გაფილტვრის" საშუალებას იძლევა, რაც ზოგადად მსგავსი ობიექტების აირადი გარსის, მათი ფორმირებისა და ევოლუციის შესასწავლად უმნიშვნელოვანესია.

"რაც უფრო კარგად ვეცნობით პლანეტებს, იმის შანსი იზრდება, რომ მომავალში დედამიწა 2.0-ს მივაგნოთ", — აცხადებენ ავტორები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.