ახალ ზელანდიაში ოქროს მოსაძიებლად თევზებს იყენებენ — როგორ
ოქროს მოძიება საკმაოდ რთული საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავი ადამიანი ეძებდა და ეძებს, შედეგებით ცოტა თუ დარჩენილა კმაყოფილი. რა თქმა უნდა, არიან იღბლიანებიც, თუმცა უმეტესობა სახლში ხელცარიელი ბრუნდება.
და აი ახლა, ახალ ზელანდიაში მკვლევართა ერთ ჯგუფს საინტერესო იდეა გაუჩნდა: ისინი ოქროს მოსაძიებლად თევზებზე დაკვირვებას იყენებენ.
ახალი ზელანდია ორ ტექტონიკურ ფილაზეა განლაგებული, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის გეოლოგია მუდმივად იცვლებოდა. ტერიტორიაზე ხშირად იქმნება მთაგრეხილები და მდინარეები. ბოლო 20 მილიონი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ სამხრეთ ოლქში დრენაჟი არსებითად შეიცვალა, რამაც გამოიწვია ცვლილებები ალუვიური ოქროს განაწილებაშიც. და რაც საინტერესოა, ამ გეოლოგიურ ცვლილებებთან აქტიურადაა დაკვშირებული Galaxias-ის გვარის მტკნარი წყლის თევზის მცირე ჯგუფი.
თევზის ეს სახეობა აღმოჩენილია ფილების ორივე მხარეს და გამყოფ ზოლთან, რომელიც ცნობილია როგორც "ადრიანის კედელი". ეს ახალი ზელანდიის მხარეებს, ოტაგოსა და სამხრეთ ზონას ჰყოფს. მთის კონკრეტული ბარიერი ძირითადად პასუხისმგებელია დრენაჟის ცვლილებებზე, რომელიც ამ მხარეში გვიან მიოცენში ან ადრეულ პლიოცენში უნდა დაწყებულიყო. გუნდმა მალევე გააცნობიერა, რომ თევზის ეს სახეობა იყო ამ ადგილას, როდესაც ტერიტორია გაიყო.
და აი ახლა, მათ გადაწყვიტეს თევზის გენეტიკა გამოეკვლიათ, რათა გაეგოთ თუ ზუსტად როდის მოხდა ეს გაყოფა.
ამ თევზის სამი გენეტიკურად განსხვავებული ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც ბრტყელი, მრგვალი და ფანქრისებრი, გეოლოგიური მოვლენების დროების შესაფასებლად კარგი გამოსაყენებელი აღმოჩნდა. საუბარია ერთგვარ "გენეტიკურ საათზე", რომელიც ეხმარება მკვლევრებს გაარკვიონ, როდის მოხდა პოპულაციების იზოლირება და, შესაბამისად, გენეტიკური განსხვავებების ჩამოყალიბება.
"არსებობს ადგილები, სადაც თევზზე ინფორმაცია საკმარისადაა, ხოლო გეოლოგიაზე ცოტა რამ ვიცით. და არსებობს ადგილები, სადაც გეოლოგიური ჩანაწერი ძლიერია და თევზები ნაკლებად ინფორმატიული. თუმცა, ამ ორის ერთად შეთავსებით, ჩვენ შეგვიძლია თავსატეხის ნაწილები გავაერთიანოთ", — უთხრა ბიოლოგმა ჯონ უოტერსმა Eos-ს.
გეოლოგიის ცვლილებებთან ერთად, თევზის პოპულაციების იზოლირება მოხდა. ამან გამოიწვია ცვლილებები მათ მორფოლოგიასა და გენეტიკაში, ისევე როგორც ფიზიკური განსხვავებები. საუთლენდსა და ოტაგოს შორის წარმოქმნილმა მთებმა საფუძველი დაუდო იზოლაციას, რამაც გააჩინა სამხრეთის ბრტყელთავიანი სახეობები. საბოლოოდ ამან მკვლევრებს აფიქრებინა, რომ მდინარე პომაჰაკა მხოლოდ ბოლო მილიონი წლის განმავლობაში გახდა კლუტას შენაკადი.
გუნდმა გამოიყენა თევზი, როგორც საშუალება იმის პროგნოზირებისთვის, თუ სად იყო ძველი მდინარეები. მეთოდი იმდენად წარმატებულია, რომ მას მთელ მსოფლიოში სამხრეთ ამერიკაშიც კი იყენებენ. ცენტრალური ოტაგო განთქმულია თავისი ოქროს საბადოებით და მდინარეების დინებასთან ერთად სამხრეთისკენ, ოქროც მათ მიჰყვებოდა. შესაბამისად, ჯგუფმა თევზის პოპულაციებზე დაყრდნობით ოქროს ადგილმდებარეობის პროგნოზირება მოახდინა. საუბარია იმაზე, რომ ახლანდელი სასოფლო-სამეურნეო მიწების ქვეშ არის უძველესი მდინარე, რომელიც შეიძლება დატვირთული ყოფილიყო ალუვიური ოქროთი. თუმცა, ის ძალიან ღრმადაა ჩაფლული და მისი მოპოვება მარტივი არ იქნება.
ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას შემდგომი კვლევები გვიჩვენებს. როგორც ჩანს, თევზებზე დაკვირვებით ოქროს მოპოვებაა შესაძლებელი.
ნაშრომი New Zealand Journal of Geology and Geophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები