კარტოფილი ფრის ჭამა შესაძლოა, დეპრესიისა და შფოთვის რისკს ზრდიდეს
ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც კარტოფილი ფრი არ უყვარს, ბევრი ჩვენგანი მას საკმაოდ ხშირად ჭამს და ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ ეს საკვები ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ახალი კვლევის მიხედვით, ის შესაძლოა, მენტალურ კეთილდღეობასაც ვნებდეს, რადგან მეცნიერებმა მისი და სხვა შემწვარი პროდუქტების მიღება დეპრესიისა და შფოთვის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს. მათ საერთო ჯამში 11 წლის განმავლობაში 140 000-ზე მეტ ადამიანზე შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს.
ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა კავშირი არსებობს შემწვარი საკვების მიღებასა და ამ მენტალურ პრობლემებს შორის, მაგრამ ნათელია, რომ ის ჩვენზე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ახდენს გავლენას.
კერძოდ, ჩინეთში მომუშავე მეცნიერების მიერ დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემების გამოკვლევამ აჩვენა, რომ შემწვარი კარტოფილის ჭამა შფოთვის 12 პროცენტით მეტ რისკთან ასოცირდება. რაც შეეხება დეპრესიას, მის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 7 პროცენტია.
სპეციალისტთა ჰიპოთეზის თანახმად, ამგვარი უარყოფითი ეფექტი შესაძლოა, ორგანულ ნაერთ აკრილამიდს უკავშირდებოდეს, რომელიც შეწვის პროცესში წარმოიქმნება. როდესაც მასთან ურთიერთქმედებაში თევზი დანიო-რერიო შევიდა, ამ არსებამ ბნელ ადგილებში დამალვა და აკვარიუმის დათვალიერებისგან თავის შეკავება დაიწყო. ასევე, სოციალიზაციასაც უკლო.
ეს შეიძლება დეპრესიისა და შფოთვის თევზისეულ გამოვლინებად მივიჩნიოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული სახეობა ადამიანისგან ძალიან განსხვავდება. უნდა გვახსოვდეს, რომ კავშირის ქონა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრიობას არ ნიშნავს. მაგალითად, დეპრესიისა და შფოთვის მქონე ინდივიდები სწორედ ამგვარი კომფორტული საჭმლის მირთმევისკენ არიან მიდრეკილნი, ამიტომ არაა გამორიცხული, ყველაფერი პირიქით იყოს.
აქედან გამომდინარე, ავტორები ამბობენ, რომ შემწვარი საკვების უარყოფითი ეფექტების გამო პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ჯანსაღი რაციონი გვექნება. ეს სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.
მათი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები