უძველესი ხე დედამიწაზე? — მიაგნეს მცენარეს, რომელიც შესაძლოა, 5 000-ზე მეტი წლის იყოს
მაფუსაილი დღესდღეობით დედამიწაზე ყველაზე ხნიერ სახელდებულ ხედ მიიჩნევა (მეორე უხნიერესი ხე 5 070 წლისაა და სახელი არ აქვს). ეს ფიჭვი დაახლოებით 4 853 წლისაა და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, კალიფორნიის აღმოსავლეთ ნაწილში დგას. მალე შესაძლოა, მას პირველობა სხვა, 28 მეტრი სიმაღლის გიგანტურმა მცენარემ ჩამოართვას, რომელიც სამხრეთ ჩილეში არსებულ ტყეში აღმოაჩინეს.
ესაა ფიცროია, კვიპაროსისებრი წიწვოვანი ხე, რომელიც სამხრეთ ამერიკის ენდემურ ფლორაში ერთიანდება და, სპეციალისტთა თქმით, ამ სახეობის ყველაზე ხნიერი წარმომადგენელია. ერთ-ერთი მკვლევრის, ანტონიო ლარას ბაბუა, რომელიც რეინჯერი იყო, მცენარეს 1972 წელს გადააწყდა და მას შემდეგ ხეს მთელი ოჯახი იცავდა.
2020 წელს ლარამ, კოლეგებთან ერთად, "დიდ ბაბუად" წოდებული ხის ნიმუში აიღო, მაგრამ სისქის გამო შუა ნაწილამდე ვერ მივიდნენ. სპეციალური პროგნოზული მოდელის გამოყენებით მათ მოპოვებულ ნიმუშზე რგოლები დათვალეს და 2 400 წელზე შეჯერდნენ. მთლიანი ხის სისქის სავარაუდო შიდა სტრუქტურა მიანიშნებს, რომ მისი სრული ხნიერება 5 000-ზე მეტი წელი უნდა იყოს, დიდი ალბათობით, 5 484 წლის, რაც მსოფლიო რეკორდი იქნება.
გინესის მსოფლიო რეკორდებისთვის მომუშავე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მეცნიერთა უკანასკნელი შედეგები ჯერ კიდევ არაა დადასტურებული და განხილვას საჭიროებს, თუმცა სათანადო მტკიცებულების მოპოვებისთანავე ეს ნამდვილად რეკორდად ჩაითვლება.
ამის მიუხედავად, მკვლევრებისთვის ახალი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან "დიდმა ბაბუამ" და მისმა რგოლებმა შესაძლოა, პლანეტისა და მისი კლიმატის შესახებ ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდოს.
"ისინი გადაშლილი წიგნივითაა, ჩვენ კი მკითხველები ვართ, რომლებიც მათ თითოეულ რგოლს ვკითხულობთ", — აცხადებს მეცნიერი კარმენ გლორია როდრიგესი
კომენტარები