შეიმუშავეს ახალი ტესტი, რომელიც საკვებში სალმონელას არსებობას ავლენს
სალმონელა არის ბაქტერია, რომელიც საკვებიდან ორგანიზმში მოხვედრისას ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც ცნობილია, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს მიკროორგანიზმები ყოველწლიურად დაახლოებით 1.33 მილიონ ადამიანს აავადებენ, საიდანაც 26 500-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 420-ია.
დღესდღეობით სალმონელას გამოვლენის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა ეს პროცესი საკმაო დროს მოითხოვს, შრომატევადია და იაფიც არ ჯდება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ახალი ტესტი შეიმუშავეს, რომელიც სწრაფი, იაფი და მარტივია, მისი მეშვეობით კი საკვებში მავნე ბაქტერიის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ზემოხსენებული ტესტი ორ კომპონენტს აერთიანებს. პირველი სინთეტიკური ნუკლეინის მჟავის მოლეკულაა, რომელიც სალმონელასთან შედის ურთიერთქმედებაში და ოქროს მიკროსკოპული ნაწილაკების შუაშია მოქცეული. ეს კომპოზიტური მასალა მინის პიპეტის დაბოლოების შიდა მხარეს ფარავს.
როდესაც საკვების გათხევადებული ნიმუში ტუბში შეჰყავთ, მეორე კომპონენტი შემოდის მოქმედებაში. თუ იქ სალმონელაა, ეს ბაქტერია ოქროს მიკრონაწილაკებს გაარღვევს და ნიმუშში ნუკლეინის მჟავას შეუშვებს. სპეციალურ ფურცელზე დაწვეთებისას ის მოწითალო ფერს გააჩენს, რომლის სიმკვეთრეც ბაქტერიის კონცენტრაციის მიხედვით მოიმატებს.
ამ ტესტის ჩატარება ენერგიის წყაროების გარეშეა შესაძლებელი და შედეგის მისაღებად დაახლოებით 1 საათს საჭიროებს. შედარებისთვის, ლაბორატორიებში ამას მთელ დღეს უთმობენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Angewandte Chemie გამოქვეყნდა.
კომენტარები