ნახეთ: ტბა, რომელიც, თითქოს, ოკეანის თავზეა დაკიდებული
დედამიწაზე უამრავი გასაოცარი ადგილია, რომელიც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ერთ-ერთი ასეთი ხედი დანიაში შემავალ ფარერის კუნძულებზე იშლება, შოტლანდიის, ისლანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და დასავლეთ ნორვეგიის შუაში.
ესაა დაახლოებით 750 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი, რომელიც ადრე ნორვეგიას ეკუთვნოდა, თუმცა ამჟამად დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა. ის ნორვეგიის ზღვისა და ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის გასაყარზეა განლაგებული და სანაპიროსგან 5 კილომეტრამდე მანძილით მაინცაა დაშორებული. ერთ-ერთ კუნძულზე არქიპელაგის უდიდესი ტბაა, რომელიც სორვოგსვატნის, იგივე ლაიტისვატნის სახელითაა ცნობილი.
სიდიდის გარდა, ეს ტბა იმითაა გამორჩეული, რომ ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის, თითქოს, ოკეანის თავზეა დაკიდებული, რაც თვალწარმტაცი დასანახია. გარკვეული წერტილებიდან ფოტოგრაფებს მისი უამრავი სურათი აქვთ გადაღებული, რომლებზეც ის ზუსტად ოკეანის ზემოთ მოლივლივე წყლის რეზერვუარის სახით ჩანს
სინამდვილეში, ის ზღვის დონიდან დაახლოებით 40 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და 3.5 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გადაჭიმული, მისი მაქსიმალური სიღრმე კი 59 მეტრია.
ტბის ფოტოები ცხადყოფს, რამხელა მნიშვნელობა აქვს პერსპექტივას, რადგან მათზე სორვოგსვატნი იმაზე ბევრად მაღლა ჩანს, ვიდრე რეალურად არის. ერთ-ერთ სურათზე ჩანჩქერსაც ვხედავთ, რომელიც ტბიდან კლდის გავლით ოკეანეში ჩაედინება
ამ ჩანჩქერს ბოსდალაფოსური ეწოდება და ის 30 მეტრი სიმაღლისაა.
აღსანიშნავია, რომ კუნძული ვაგარი, რომელზეც სორვოგსვატნის ტბა მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომის დროს სტრატეგიული მნიშვნელობის იყო. კერძოდ, ბრიტანეთის მიერ ფარერის კუნძულების დაკავებისას, ტბის დასავლეთით აეროდრომი მოაწყვეს, რათა გერმანული სამხედრო ხომალდებისთვის თვალი ედევნებინათ.
კომენტარები