ჩინეთი მთვარის ბაზის აშენებას თანამგზავრის გრუნტის გამოყენებით გეგმავს
ჩინეთი მთვარის ბაზაზე სამუშაოების დაწყებას მთვარის გრუნტისგან დამზადებული აგურის გამოყენებით გეგმავს. როგორც სახელმწიფო საინფორმციო მაუწყებელი CGTN იტყობინება, ეს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოხდება.
ამის შესახებ გავიგეთ მას შემდეგ, რაც ჩინელმა მეცნიერებმა პირველი კონფერენცია გამართეს, რომელიც ეკიპაჟის მქონე მთვარის ბაზის მშენებლობას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მკვლევარმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა განეხილათ ყველაფერი, დაწყებული მთვარის ძირითადი ინფრასტრუქტურის აშენებიდან, დამთავრებული რობოტების გამოყენებამდე.
"დედამიწის მიღმა საცხოვრებლის შექმნა აუცილებელია არა მხოლოდ მთელი კაცობრიობის სწრაფვისთვის, არამედ ჩინეთის, როგორც კოსმოსური ძალის სტრატეგიული საჭიროებისთვის", — განაცხადა ჰუაჟონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერმა დინგ ლიეუნმა.
მთვარის აგური
დინგი კვერცხის ფორმის ჰაბიტატის პროტოტიპის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც შედგება მთვარის ნიადაგისგან დამზადებული 3D დაბეჭდილი აგურისგან. მის გუნდს ამაში ეხმარებოდა რობოტი, სახელად სუპერ მეისონი, რომელმაც აგურების აწყობა შეძლო.
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს დედამიწიდან გასაგზავნი მასალის საჭიროება. ამით მშენებლობის პროცესი მაქსიმალურად მარტივი გახდება.
SCMP-ის თანახმად, დინგი და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ მთვარის ზედაპირზე ასეთი აგურების გამოყენებას სულ რაღაც ხუთ წელიწადში შეძლებენ.
კომენტარები