ახალმა კვლევამ ძუძუმწოვრების ევოლუციის წარმატების საიდუმლო გამოავლინა
ბოლოდროინდელმა კვლევამ გამოავლინა ცხოველთა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ხაზის, თანამედროვე ძუძუმწოვრების, ევოლუციის საიდუმლო. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, გასაღები მომცრო ზომასა და სიმარტივეშია.
კვლევის თანახმად, დაახლოებით, 300 მილიონი წლის წინ, თანამედროვე ძუძუმწოვრების წინაპრებს, სხვა ბევრი ხერხემლიანი ცხოველების ჯგუფის მსგავსად, ჰქონდათ თავის ქალა და ქვედა ყბა, რომლებიც შედგებოდა მრავალი ძვლისგან. თუმცა, ადრეულ ძუძუმწოვრებში თავის ქალას ძვლების რაოდენობა თანმიმდევრულად შემცირდა ევოლუციის პირობებში, დაახლოებით, 150-დან 100 მილიონი წლის წინ.
პალეონტოლოგთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელმაც ახლახან გამოაქვეყნა თავისი დასკვნები ჟურნალ Communications Biology-ში, წარმოადგინა, თუ როგორ გამოიყენეს კომპიუტერული სიმულაციები და ანალიზები თავის ქალას გამარტივების მიზნების გამოსაკვლევად.
მათმა კვლევამ აჩვენა, რომ თავის ქალას ძვლების რაოდენობის შემცირებას არ გამოუწვევია კბენის ან ქალას სიძლიერის ზრდა, როგორც ეგონათ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ამის ნაცვლად, ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ამ ადრეული ძუძუმწოვრების თავის ქალას ფორმა უფრო ეფექტიანად ამისამართებდა ზეწოლას კვების დროს.
წამყვანი ავტორის, დოქტორი სტეფან ლაუტენშლაგერის, ბირმინგემის უნივერსიტეტის პალეობიოლოგიის უფროსი ლექტორის, მიხედვით, "ძვლების რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია ადრეული ძუძუმწოვრების თავის ქალაში ზეწოლის გადანაწილება". ეს გულისხმობს, რომ კვებისას ზეწოლა გადავიდა თავის ქალას იმ ნაწილიდან, რომელშიც ტვინია მოთავსებული, თავის ქალას კიდეებისკენ, რამაც, შესაძლოა, ტვინს ზომაში ზრდის საშუალება მისცა.
"თავის ქალას სტრუქტურის ცვლილებები, ძუძუმწოვრების დაპატარავებასთან ერთად, დაკავშირებულია კვების რაციონში მწერების დამატებასთან. ამან გზა გაუხსნა ძუძმწოვრების შემდგომ დივერსიფიკაციას, რამაც განაპირობა განვითარება იმ არსებების ფართო სპექტრისა, რომლებსაც დღეს ვხედავთ", — თქვა სტეფან ლაუტენშლაგერმა.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თავის ქალას ძვლების შემცირებასთან ერთად, ადრეული ძუძუმწოვრებიც ბევრად დაპატარავდნენ — ზოგიერთი მათგანის თავის ქალას სიგრძე მხოლოდ 10-12 მმ-ს უტოლდებოდა. ამ მინიატურიზაციამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ხელმისაწვდომი საკვები წყაროები, რამაც გამოიწვია ადრეული ძუძუმწოვრების ადაპტაცია, ძირითადად, მწერებით კვებაზე.
მცირე ზომამ, თავის ქალას ძვლების შემცირებამ და მწერებით კვებამ თანამედროვე ძუძუმწოვრების წინაპრებს საშუალება მისცა, ეარსებათ დინოზავრების ჩრდილქვეშ. თუმცა მხოლოდ 66 მილიონი წლის წინ, ცარცული პერიოდის ბოლოს, როდესაც დინოზავრები გადაშენდნენ, ძუძუმწოვრებს საშუალება მიეცათ, გაევლოთ შემდგომი დივერსიფიკაცია და მიეღწიათ სხეულის დიდი ზომებისთვის.
კომენტარები