ნახეთ: მზის ზედაპირის ეს გასაოცარი გამოსახულება 90 000 კადრს აერთიანებს
ასტროფოტოგრაფებმა, ენდრიუ მაკკარტიმ და ჯეისონ გუენზმა, მზის ზედაპირის ამსახველი გასაოცარი ფოტო შექმნეს, რისთვისაც მათ თავიანთი საავტორო სურათები გააერთიანეს. ერთი-ერთი ასეთი კადრი გუენზმა 2017 წელს მზის დაბნელებისას გადაიღო, გამოიყენეს მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორიის მონაცემებიც.
საერთო ჯამში სპეციალისტთა წყვილმა დაახლოებით 90 000 სურათი გააერთიანა, შედეგად მიღებულ გამოსახულებას კი "ჰელიოსის სინთეზი" უწოდა.
"გვსურდა, ასტროფოტოგრაფიის საზღვრები მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ გაგვეფართოებინა, რისთვისაც ჩვენი მზის უზუსტესი ფოტო შევქმენით, რომელიც ტრადიციული ასტროფოტოგრაფიის წესებს არღვევს. გვინდოდა, მზის მთლიანი მოზაიკა შეგვექმნა", — აცხადებს მაკკარტი.
მთავარი გამოწვევა ვარსკვლავის გვირგვინისა (ატმოსფეროს გარეთა ფენის) და ქრომოსფეროს (გვირგვინსა და ზედაპირს შორის არსებული პლაზმის თხელი ფენის) ფოტოების მოპოვება იყო. საქმე ისაა, რომ ეს შრეები მხოლოდ კონკრეტულ პირობებშია ხილული, ანუ ნებისმიერ დროს ვერ დააფიქსირებ.
"ჩვენ ვიყენებთ მზის ატმოსფეროს რამდენიმე ფენას, რომელთა ერთდროულად გადაღებაც, ჩვეულებრივ, შეუძლებელია. მიზეზი მნათობის სიკაშკაშეა. გვირგვინი მხოლოდ მაშინაა ხილული, თუ მზე მთლიანად დაბნელებულია", — ამბობს მაკკარტი.
ფოტოს შექმნაში მათ სპეციალური კომპიუტერული პროგრამაც დაეხმარა, რომლის მეშვეობითაც კადრებს თავი მოუყარეს და ერთმანეთზე გადაადეს. მოზაიკა "ჰელიოსის სინთეზი" ათასობით სპიკულს, ანუ პლაზმის წვრილ ნაკადს მოიცავს ისევე, როგორც პლაზმის გიგანტურ "ტორნადოს", რომლის ზომაც დედამიწისას 14-ჯერ აღემატება.
კომენტარები