პარასკევს შევიტყვეთ, რომ იტალია გახდა პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც ცნობილი ჩეთბოტი ChatGPT დაბლოკა.

იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტომ აკრძალვა ძალაში კონფიდენციალურობის პრობლემების გამო შეიყვანა. და ახლა ეს მოვლენა უკვე იქცევს სხვა ქვეყნების მარეგულირებლების ყურადღებასაც.

შესაბამისად, ჩნდება შემდეგი შეკითხვა — რა მოხდება ახლა და მიჰყვებიან თუ არა იტალიას სხვა ქვეყნები?

შეუძლიათ თუ არა რეგულატორებს ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვა?

გასული წლის ნოემბერში ChatGPT-ის გაშვების შემდეგ, მისი შემქმნელები მხოლოდ წინ მიიწევენ. OpenAI-ის ჩეთბოტის პოპულარობამ დაფინანასებაც მოიტანა. ChatGPT-ით Microsoft დაინტერესდა, რომელიც ჩეთბოტში სოლიდურ თანხას დებს.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ზრდის პარალელურად, მისი გამოყენება რისკებსაც აჩენს. Interesting Engineering იტყობინებოდა, თუ როგორ გამოასწორა OpenAI-მ შეცდომა, რომელიც მომხმარებელთა მცირე ჯგუფს საშუალებას აძლევდა ენახათ სხვა ადამიანების ჩატის ისტორიები. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ველოდით, მაგრამ კომპანიას ჯერ განმარტებები არ გაუკეთებია.

ამის პარალელურად, ჩეთბოტის შესაძლებლობები იზრდება და ადამიანები მას სულ უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას უზიარებენ.

იტალიის კონფიდენციალურობის მარეგულირებელმა Garante-მა, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, გამოსცა აკრძალვა კონფიდენციალურობის დარღვევის ინციდენტის შემდეგ. კონკრეტული შემთხვევის შემდეგ, მომხმარებლების სენსიტიური ინფორმაცია გავრცელდა, როგორიცაა მათი სახელი, გვარი, ფინანსური ინფორმაცია და საკრედიტო ბარათის ბოლო ოთხი ციფრი.

Garante-მა აღნიშნა, რომ OpenAI-ის არ გააჩნდა მექანიზმები იმის შესამოწმებლად, არის თუ არა მისი მომხმარებლები მართლაც 13 წლის, ან უფროსი ასაკის. აკრძალვის შემდეგ, OpenAI-მ შეწყვიტა ოპერირება იტალიაში და განაცხადა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას მარეგულირებელთან, რათა აღადგინოს მუშაობა იტალიაში.

თუმცა, კონკრეტული აკრძალვა ქმნის პრეცედენტს ევროპის სხვა მარეგულირებელებისთვის, რომ მიჰყვნენ მას და შეაჩერონ ChatGPT-ის ფუნქციონირება. ეს, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ კონფიდენციალურობის საკითხები არ მოგვარდება.

ასევე: როგორი იქნება ChatGPT-ის როლი მედიცინის განვითარებაში

ევროკავშირი (EU) იყო პირველი, ვინც შემოგვთავაზა სპეციალური კანონმდებლობა ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებისა და შედეგების გადასაჭრელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები და რეგულაციები ჯერ კიდევ დისკუსიას საჭიროებს, მარეგულირებლები თვლიან, რომ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დებულებები სწორად იქნება გამოყენებული.

ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი და დარგის მკვლევრები "ამბიციური AI ექსპერიმენტების" შეყოვნებას ითხოვენ. მათ ამასთან დაკავშირებით წერილიც გაავრცელეს.

ერთი რამ ფაქტია, რეგულაციები იქნება, თუმცა რა სახის ესაა მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, არ უნდა დაგვაივიწყდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი ისევ ჩვენთვის, კაცობრიობისთვის იქმნება. ეს უმძლავრესი ინსტრუმენტია კაცობრიობის ხელში, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ის, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს იარაღი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.