გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო — ქალების აღიარება ტექნოლოგიებში
ამერიკელი პროგრამისტი ქალი, ადმირალი გრეის ჰოპერი, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ერთ-ერთი პიონერი იყო. ის გოგოების არაერთი თაობისთვის იქცა შთაგონების წყაროდ, რომ ტექნოლოგიების სფეროში ნაკლების შესაძლებლობისა და სტერეოტიპების მიუხედავად, დასახული მიზნისკენ თავდაჯერებით გაეგრძელებინათ სვლა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმატების მაგალითები, რომელიც აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ ხდება და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანებისთვის მოტივატორია. უკვე მესამე წელია, თიბისის მხარდაჭერით, გრეის ჰოპერის ჯილდო სწორედ ასეთ შთამაგონებელ ადამიანებს, კომპანიებსა და ინიციატივებს გვაცნობს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში თანასწორი ჩართულობის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ. თიბისისთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები არიან Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.
31 მარტს, თიბისი კონცეპტის სივრცეში გრეის ჰოპერის 2023 წლის დაჯილდოების ნომინაციებისთვის განაცხადების მიღება ოფიციალურად გამოცხადდა და 5 მაისამდე გაგრძელდება. წლევანდელ დაჯილდოებაზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით გამორჩეულ კომპანიებს, ინიციატივებსა და ადამიანებს ისევ 6 ნომინაციაში გამოავლენენ. 2023 წლის დაჯილდოების მომავლის ლიდერი ქალის, ICT სფეროს ჩემპიონის, საუკეთესო ტექნოლოგიური სტარტაპის, ქალების გაძლიერების პროგრამის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაციისა და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგის ვინაობას ივნისში გავიგებთ. გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.
რას ცვლის გრეის ჰოპერის დაჯილდოება
ნომინაციების გამოცხადებასთან ერთად, ღონისძიებაზე გასული წლების გამარჯვებული ქალების მონაწილეობით პანელური დისკუსიაც გაიმართა, რომელზეც ტექნოლოგიების სფეროში არსებულ გენდერულ გამოწვევებზე, უთანასწორობაზე, ჩართულობის მზარდ დინამიკაზე და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რასაც გრეის ჰოპერის დაჯილდოებაში მონაწილეობა ნომინანტებს აძლევს.
პანელური დისკუსიის მოდერატორი გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის კონსულტანტი, ნინო ნანიტაშვილი იყო. მისი თქმით, არათანასწორი ჩართულობა ადამიანებისთვისა და ტექნოლოგიების სფეროსთვის დაკარგული შანსია. ასევე, აფერხებს ქვეყნის განვითარებას, რაც თავისთავად საზიანოა.
"ეს დაჯილდოება სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანების მოტივირებას უწყობს ხელს. დაჯილდოება კომპანიებს, ორგანიზაციებსა თუ ადამიანებს აძლევს პლატფორმას, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ. პანელმაც ცხადყო, რომ დღეს ბევრი მონაწილე ერთმანეთთან თანამშრომლობს, ბევრმა სწორედ დაჯილდოების გავლით შეძლო ერთმანეთთან დაკავშირება. იმის გარდა, რომ თითოეულ ნომინაციას ჰყავს პარტნიორები, რომლებიც გამარჯვებულებს მხარს უჭერენ, ასევე კავშირების დამყარების საშუალებას იძლევა, რაც ტექნოლოგიებში ქალების როლის წარმოჩენას, კიდევ უფრო გააქტიურებას უწყობს ხელს", — გვეუბნება ნინო.
გრეის ჰოპერის დაჯილდოება ადამიანებს წარმატებულ მაგალითებს რომ აცნობს, ამის ნათელი მაგალითია ანა რობაქიძე, საერთაშორისოდ წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპის, Theneo-ს დამფუძნებელი. ის დაჯილდოების გამარჯვებული პირველივე წელს, მომავლის ლიდერის ნომინაციაში გახდა. იმ დროს Theneo ჯერ კიდევ არ არსებობდა. ანა რობაქიძემ პროდუქტის პროტოტიპი გამარჯვების შემდეგ მოპოვებული მენტორული მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობისას წარადგინა.
"გამარჯვების შემდეგ თიბისის მენტორულ პროგრამაში ჩავერთე, რაც ძალიან დამეხმარა. მენტორებს ზუსტად მაგ დროს წარვუდგინე Theneo-ს პროტოტიპი და ადრეულ ეტაპზე მათ თავდაჯერება მომცეს, რომ რასაც ვქმნიდი, საინტერესო პროდუქტი იყო", — აღნიშნავს ანა და ამბობს იმასაც, რომ დაჯილდოება არის შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა გოგოებმა დაინახონ წარმატების მაგალითები, გაიცნონ ქალები, რომლებიც როლური მოდელები არიან, რაც მოტივაციაზე პოზიტიურად აისახება.
პანელური დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე პლატფორმა Charte.ge-ის დამფუძნებელი, მარიამ მჭედლიშვილი იყო. პლატფორმამ, რომლის მიზანი საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის ინტერნეტზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, ქალების გაძლიერების პროგრამის ნომინაციაში 2022 წელს გაიმარჯვა.
"ამ ჯილდომ მოგვცა სტიმული და მოტივაცია, რომ მუშაობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მსგავსი დაჯილდოებები, პრიზები და გენდერულ თანასწორობაზე საუბრები პირველ რიგში იმ ტაბუს ხსნის, რომ არსებობს, პროფესიები, რომლებიც არის მხოლოდ ბიჭებისთვის და არა გოგოებისთვის, ან პირიქით. ამ გზით უკეთ მარტივდება გააზრება, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით შესაძლებლობები არის თანაბარი და არსებობს ბევრი წარმატებული მაგალითი, რომლის ჩვენებითაც ადამიანებს მოტივაცია ეძლევათ", — ამბობს მარიამი.
გასული წლის დაჯილდოების ICT სფეროს ჩემპიონი, ალტე უნივერსიტეტში ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი და Globalize-ის კალიფორნიის გუნდის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი იყო, აღნიშნავს, რომ მსგავსი დაჯილდოებები, უპირველესად, პრობლემისკენ მიმართავს ყურადღებას და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი.
"იმ ადამიანებს, ვინც დაჯილდოებაში ვმონაწილეობთ, დამატებითი მოტივაცია ნაკლებად შეიძლება გვჭირდებოდეს, მაგრამ ამ გზით ახალგაზრდების, სახელმწიფოს ყურადღების პრობლემისკენ მიმართვა ხდება. ამასთან, მარტივდება მეტი ორგანიზაციის მობილიზება, რათა მეტი ქალი დასაქმდეს ტექნოლოგიების მიმართულებით", — გვეუბნება ნანა.
თიბისის გარე კომუნიკაციების ლიდერი, თინა კავაძე გამოყოფს იმ ფაქტორებს, რის გამოც გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე აპლიკაციის შეტანა სასურველი უნდა იყოს — მნიშვნელოვანი პარტნიორების მხარდაჭერა და ნომინანტებისთვის საინტერესო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ასევე შანსი, რომ საზოგადოებას მათი საქმიანობა უკეთ გააცნონ.
რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სფეროში თანაბარი შესაძლებლობები
თანამედროვე სამყაროში ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ტექნოლოგიების ათვისება რომ არის, ეს სიახლე არავისთვისაა. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში ხშირად ხდება ისე, რომ სფეროში თავის დამკვიდრების შანსი მეტად ეძლევათ ბიჭებს, გოგოები კი სტერეოტიპების გამო საკუთარი ძალების მოსინჯვაზე უარს ამბობენ.
პანელური დისკუსიის მონაწილეები საუბრობენ უთანასწორო ჩართულობის პრობლემაზე და ერთხმად აღნიშნავენ, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც გარე ფაქტორების გამო უარს ამბობს ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარებაზე, დაკარგული შანსია.
მარიამ მჭედლიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარებისთვის რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია და გამოყოფს რიგ დაბრკოლებებს, რომლებიც უთანასწორობის ხელშემწყობია.
"ამ მიმართულებით რამდენიმე პრობლემას ვეჯახებით, ერთი ის, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არ აქვთ კომპიუტერზე თუ ინტერნეტზე წვდომა და მეორე, გარკვეულ პროფესიებში გენდერული ნიშნით დაყოფა არსებობს. თუ გვინდა, რომ თანაბარ ჩართულობას ხელი შევუწყოთ, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", — აღნიშნავს მარიამი და გვეუბნება, რომ ჩართეს უპირველესი მიზანი უთანასწორობის აღმოფხვრასთან ერთად ადამიანებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარებაა — "არ აქვს მნიშვნელობა გენდერს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებას მიაღწიოს. როცა ტექნოლოგიების ერაში განვითარებად ქვეყანაში ცხოვრობ, აუცილებელია, რომ ფეხი აუწყო დროს, ეს გაძლევს შესაძლებლობას, რომ მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობ, იმუშაო, ისწავლო დისტანციურად. ამიტომ, რესურსებზე წვდომა და ინფორმაციის არქონა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა".
ნანა დიხამინჯია კი აღნიშნავს, რომ ქალებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ნაკლები ჩართულობის გამო, ქვეყანა კარგავს საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებას ხელს შეუწყობდა.
"იმისთვის, რომ გარემო, რომელსაც ტექნოლოგიები ცვლის, იყოს უფრო თანასწორი, ყველა ჯგუფის თანაბარი ჩართულობა არსებითია. ის გარემო, რომელიც ტექნოლოგიებით იქმნება, თუმცა ქალის ხმა არ ისმის, არ იქნება ქალებზე მორგებული. ეს მიემართება სხვა ნებისმიერ სოციალურ ჯგუფსაც", — ამბობს ნანა.
ანა რობაქიძე ChatGPT-ის მაგალითზე გვიხსნის, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალებისა და კაცების თანაბარი ჩართულობა ტექნოლოგიების განვითარებაში და ქალების ხმების აქტიურად გაჟღერების აუცილებლობაზე საუბრობს.
"როგორც ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელი, ვიტყვი იმას, რომ ვხედავთ, ამ მიმართულებით რევოლუციურ ძვრებს. ამის მარტივი მაგალითი ChatGPT-ია და თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ ტექნოლოგიის უკან ძირითად შემთხვევაში დგანან კაცები, არადა თანაბარი ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამის მიხედვით იქმნება მონაცემები. თუ მონაცემები მხოლოდ ერთი მიმართულებით, ხედვით გაქვს, ასეთივეა შედეგიც. ამიტომ, როცა მსგავსი პროდუქტების შექმნაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალების ხმაც აქტიურად ისმოდეს, რასაც დღეს ნაკლებად ვხედავთ", — ამბობს ანა.
ნანა დიხამინჯიას თქმით, ტექნოლოგიების სფეროში ჩართულობასთან დაკავშირებით ზუსტი სახელმწიფო სტატისტიკა არ გვაქვს, რაც ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესის გაანალიზებას გაამარტივებდა. თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით, ბოლო წლებში გოგოების დაინტერესება და სხვადასხვა შეხვედრაზე დასწრების მაჩვენებელი იზრდება. ასევე, მზარდია ტექნოლოგიურ მიმართულებებზე ჩარიცხვების მაჩვენებელიც.
თინა კავაძე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ქალების ჩართულობის წახალისება თიბისისთვის უმნიშვნელოვანესია და სხვა დიდი კომპანიებისთვისაც პრიორიტეტად უნდა იქცეს, რადგან ასე შედეგის მიღწევა ბევრად იოლია.
თუ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ქალი ან ქვიარ იდენტობის ადამიანი ხარ ან თვლი, რომ შეიძლება შენი კომპანია იქცეს სხვებისთვის მაგალითად, გრეის ჰოპერის 2023 წლის დაჯილდოებაზე ნომინაცია აუცილებლად უნდა წარადგინო. გარდა ამისა, შეგიძლია ნომინირება გაუწიო ადამიანებს, კომპანიებსა და პროგრამებს, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებენ. გრეის ჰოპერის დაჯილდოებაზე ნომინაციის წარდგენა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლია.
კომენტარები