როგორი იქნება ChatGPT-ის როლი მედიცინის განვითარებაში
AI ჩეთბოტებს სამედიცინო კონდიციის დიაგნოზირება სახლის პირობებში შეეძლებათ. რამდენად ზუსტი იქნება ეს?
პარასკევს გამოქვეყნებული Scientific American-ის მოხსენების თანახმად, ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტები მალე მედიცინაში აქტიურად ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიები, როგორიცაა OpenAI-ის ChatGPT, Microsoft-ის Bing-ის უახლესი ვერსია და Google-ის Med-PaLM, საოცრად ზუსტ სამედიცინო ინფორმაციას ბევრად უკეთ გვაწვდიან, ვიდრე ამას გუგლის საძიებო სისტემა აკეთებს.
ექსპერტების თქმით, ერთი წლის განმავლობაში, მთავარი სამედიცინო ცენტრები ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩეთბოტებთან თანამშრომლობას აქტიურად დაიწყებენ. ეს კი დიაგნოსტირებისთვის იქნება გამოყენებული.
ბენჯამინ ტოლჩინმა, ნევროლოგმა იელის უნივერსიტეტიდან, Scientific American-ს განუცხადა, რომ მისმა სულ მცირე ორმა პაციენტმა უკვე გამოიყენა ChatGPT სიმპტომების დიაგნოსტიკისთვის ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გასარკვევად.
"ეს არის ძალიან შთამბეჭდავი და პერსპექტიული", — ამბობს ის.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჩეთბოტებს პრობლემებიც აქვთ, მათ შორის ინფორმაციის გარკვეული უზუსტობა. ასევე, ეს შეიძლება აისახოს რასობრივ თუ გენდერულ დისკრედიტაციაში.
მიუხედავად ამისა, მოწინავე ჩეთბოტებს ექიმებთან თანამშრომლობა უკვე შეუძლიათ. ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ენდრიუ ბიმმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა Open AI-ის GPT-3-ზე. შედეგად დადგინდა, რომ დიაგნოსტირება 88 პროცენტის სიზუსტით მოხდა.
"ჩვენთვის გასაოცარი იყო ის, რომ ასეთ ტექნოლოგიას მსგავსი სიზუსტე გააჩნია", — ამბობენ მკვლევრები.
მიუხედავად ამ დადებითი შედეგებისა, ექსპერტების ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს, რადგან ჩეთბოტი შეიძლება მიდრეკილი იყოს დეზინფორმაციის მიმართ. რატომ? ალგორითმები იყენებს ონლაინ ტექსტებს, რომლებიც შეიძლება დაყრდნობილი იყოს, როგორც აღიარებულ სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციაზე, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ გარკვეულ დეზინფორმაციაზეც.
აქედან ერთ-ერთი გამოსავალია შემუშავდეს სპეციალურად სამედიცინო ინფორმაციაზე დამოკიდებული ჩეთბოტები. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის სრულად გაფილტვრა მაინც რთული იქნება.
ამ შეშფოთების მიუხედავად, პროგრესი ვერ შეჩერდება და სავარაუდოა, რომ ჩეთბოტები უფრო დიდ როლს ითამაშებენ მედიცინაში. როდესაც ეს მოხდება, პაციენტებსაც და ექიმებსაც მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ, რადგან ეს ის სფეროა, რომელშიც შეცდომა ადამიანის სიცოცხლის ტოლფასი შეიძლება იყოს.
შესაბამისად, აშკარაა, რომ Chat GPT-ის მედიცინის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები