ყველაფერი, რაც ზურაბიშვილის კრიტიკულ გამოსვლაზე უნდა იცოდეთ
წუთერი დუმილის შემდეგ პრეზიდენტმა საუბარი რეფერენდუმის 32-ე წლისთავის განხილვით გააგრძელა და განაცხადა, რომ გამოსვლისთვის სწორედ ეს სიმბოლური დღე აარჩია, რადგან საქართველო დღესაც გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას.
"31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთარი მომავალი გადაწყვიტა.
"აღსრულდა ნება ქართველი ერისა" — ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება".
პრეზიდენტმა თქვა, რომ მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას და ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას.
"31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია — ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება!
სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".
ამიტომ დღეს არ შემიძლია, არ შეგახსენოთ სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით", — განაცხადა ზურაბიშვილმა და მოხსენება დაიწყო.
პრეზიდენტის კრიტიკული იყო ყველას მიმართ, გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებას ანტიევროპული განცხადებები და ნაბიჯები, უკრაინასთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, ომზე პროპაგანდისტული ნარატივები და მის წინააღმდეგ დაწყებული დისკრედიტაციის კამპანია შეახსენა. ოპოზიციას კი — ბოიკოტები და დამაზიანებელი განცხადებები. მაგრამ მაინც ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
ქართული ოცნების "ფერისცვლებაზე"
ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება იყო ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, "დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში".
"არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება", — თქვა მან და იმაზეც ისაუბრა, რომ ამ ხელისუფლებამ გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი და "წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე".
ზურაბიშვილმა გაიხსენა ივანიშვილის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაციის მიღება, კონსტიტუციაში ევროპული მომავლის ჩაწერა, მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერა და 2021 წლის დაპირება 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაზე. ამის შემდეგ კი თქვა:
ამ დროს დარბაზში ხმაური გაისმა, თუმცა რთულია გარჩევა, ვისგან. პრეზიდენტმა პასუხად თქვა "ახალ გეტყვით" და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება და სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის, გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.
"დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები, (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების განწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას, ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას.
ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი, ჩიხშია შესული, თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე, შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას".
ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ქართული ოცნებიდან ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა და მათ რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. მისივე თქმით, დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე, პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე დდა ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
ხელისუფლების ანტიევროპულ რიტორიკაზე
პრეზიდენტმა ქართულ ოცნებას უთხრა, რომ 2019 წელს, გავრილოვის ჩამოყვანით, მათ მიმართ პირველად გააჩინეს ეჭვები და კითხვის ნიშნები, თუმცა მისი აზრით, ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, როდესაც ქართულ პოლიტიკას ტოვებს მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ამ დროს დარბაზში ფონად დეპუტატების განხილვები ისმოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს არაფორმალურ მმართველობასა და გავლენებზე წლების საუბრობენ, პრეზიდენტმა ქართული ოცნების დამფუძნებლის კრიტიკას ისევ აარიდა თავი და თქვა, რომ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო დიდი გაუგებრობა იმაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ახალ კურსზე.
"ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ევროპული საბჭოს უმაღლესი ხელმძღვანელის შეურაცხყოფა და მისი ჩართულობით შედგენილი დოკუმენტის ისე ანულირება, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ თუნდაც მისი გაფრთხილება. იმავე წელს უარი ითქვა ევროკავშირის სესხზე.
არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ".
უკრაინაზე და რუსეთისთვის არდაწესებულ სანქციებზე
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინადა ვერც ისტორიული სოლიდარობა. იქვე მთავრობის ტრადიციული ნარატივი იქამდე განიხილა, სანამ ქართული ოცნება წამოაძახებდა.
"დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით.
25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთაშორისოს — მეტს არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას", — თქვა მან.
პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ მაშინ, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა საქართველო "გაუფრთხილდა" რუსეთსა და ბელარუსს და არ შეუერთდა შეზღუდვებს. მანვე აღნიშნა, რომ ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს.
"ახია ჩვენზე!" — დაამატა ზურაბიშვილმა და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკისა და პარტნიორების ლანძღვის მომიხილვა დაიწყო.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა, იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს.
შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ".
პროევროპულ აქციებზე
ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ქართულმა ოცნებამ გეზი შეუცვალა მათივე 9-წლიან მმართველობას და გადაუხვია ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს და ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.
ამაზე საუბრისას პრეზიდენტმა დარბაზში ვიღაცას მიმართა: "თავს ნუ აქნევთ, ასეა". შემდეგ მაგალითად 2020 წლის 20 ივნისი, 2022 წლის 4 მარტი და 2023 წლის 7-8 მარტის პროევროპული აქციები მოიყვანა.
"2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რომ რუსეთი არ უნდათ, არცერთი ფორმით და არცერთი წამით.
2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყანას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს.
2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას."
პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია, ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. მისივე თქმით, ამის ფონზე ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ხალხის წინაშე არიან ვალდებულნი და აქვთ მანდატი.
ანტიევროპულ პროპაგანდაზე
ზურაბიშვილი ოპოზიციასაც გადასწვდა და თქვა, რომ მათაც აქვთ ბრალეულობები, გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობის ლომის წილი ხელისუფლებაზე მოდის.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ხელისუფლების გადადგმული პროპაგანდისტული ნაბიჯებიც ახსენა და თქვა, რომ ეს ხალხის ნებას არ შეცვლის.
"ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით — მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას".
ევროკომისიის რეკომენდაციებზე
პრეზიდენტის შეფასებით, თუ გადავხედავთ ევროპულ რეკომენდაციებს, აქ ჩვენთვის არაფერია უცხო, არ არის გაუცხოების საფრთხე, პირიქით, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია.
"რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა?
რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი და ჩვენში გამჯდარი სამართლიანობის მოთხოვნა?
რამ გაყო გენედრული თანასწორობა და ჩვენი ისტორიულად დაცული ქალის სამართლებრივი უფლებები (ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე) და ქალთა მიმართ პატივისცემა?"
მეორე ფრონტის პროპაგანდაზე
აქვე პრეზიდნტმა პირდაპირ უთხრა ხელისუფლებას, რომ რაც არ უნდა ეცადონ, ქართველმა ხალხმა იცის ევროკავშირის შექმნის იდეა.
"ევროკავშირი საქართევლოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას.
ამდენად, რაც არ უდნა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს", — ამ ფრაზებსაც დარბაზში დეპუტატების ნაწილის ხმაური და ნაწილის ტაში მოჰყვა.
თუმცა პრეზიდენტი არ გაჩერებულა და გააგრძელა, რომ რაც არ უნდა ეცადონ და დაამტკიცონ, თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევიან, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე.
"დაბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა, შრომის უსაფრთხოება, შრომის კოდექსის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის სტანდარტები და ა.შ. საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია!", — თქვა ზურაბიშვილმა და როცა ხმაურით საუბარი გააწყვეტინეს, დარბაზში დეპუტატს ირონიულად მიმართა "ხომ არ დაგითმოთ სიტყვა?"
მისი დისკრედიტაციის მცდელობებზე
ამის შემდეგ პრეზიდენტმა თქვა, რომ აქამდე ისაუბრა ხელისუფლების ბუნდოვან და გაუგებარ გზაზე და ესმის, რომ მათთვისაც, "როგორც ამას ხშირად აღნიშნავენ", გაუგებარია მისი საუბარი და მიზანი. ამიტომ განმარტა:
"მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს იყო მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი, როცა წარვდექი თქვენს წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო — საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხელებელი იქნება. ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება! ემიგრაციაში, სადაც გავიზარდე, ეს მიზანი იყო ერთადერთი მამოძრავებელი".
ზურაბიშვილის თქმით, იგივე მიზანი ამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის შეთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დათანხმდა. ამბობს, რომ დღესაც არ ნანობს და ამაყობს მიღწეული შედეგით — რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან "ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია" და დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება. მისივე თქმით, იგივე მიზანი ჰქონდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.
ამის შემდეგ ჩამოთვალა, მისი აზრით რა გააკეთა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და პარლამენტს კონსტიტუციიდან პრეზიდენტის უფლებამოსილებებიც შეახსენა. შემდეგ კი მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს უპასუხა.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ მოქალქეების უფლებების დაცვა იყო მისი მოტივაცია, ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას. მისი შეფასებით, ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. მისივე თქმით, ნიშნავს, რომ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა.
განაცხადა, რომ პრეზიდენტობის დღიდან, იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რომ დაიცვას და გაამყაროს ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები. მაგალითებად კი2021 წლის მარტში შარლ მიშელის ვიზიტი, ორბელიანების სასახლებში 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა, პეტრას სამიტი და 2021 წლის ივნისში უკრაინაში ვიზიტი მოიყვანა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისევ გააგრძელა იმის ჩამოთვლა, რა გაუკეთებია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპის გზის დასაცავად.
მისი თქმით, უკვე ნათელია, რომ საზოგადოება სრულად დეპოლარიზებულია და შეჯერებულია ქვეყნისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე: ევროინტეგრაცია და სოლიდარობა უკრაინისადმი. თქვა ისიც, რომ ამ მიღწევას ვერ დაიბრალებს, მაგრამ სრულ მხარდაჭერას უცხადებს და სწორედ ამ მიზნით მიმართა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს 2022 წლის 4 მარტს.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახლახანს მიითო ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. მისივე თქმით, 18 აპრილს, ევროპარლამენტს მიმართავს სიტყვით, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში, სრულად აქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, იცის , რომ დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა.
"დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისფულებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდანტს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს.
თავის მოტყუება აღარ შეიძლება!
ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს".
პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო პარტნიორებთან, გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და ხელი შეუწყოს ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
"ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის.
ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შელებს, რომ თქვას: "ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა".
გილოცავთ დღვანდელ დღეს და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას და ვუსრვებ სხვა მრავალ გამრჯვებას!" , — ასე დაასრულა პრეზიდენტმა სიტყვა და ტაში მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან მიიღო, გაკრიტიკებულმა ქართულმა ოცნებამ უარი თქვა პრეზიდენტისთვის ტაში დაეკრა.
კომენტარები