ნახეთ: პლანეტა ვენერას ზედაპირის ამსახველი უნიკალური ფოტომასალა
მზის სისტემაში არსებულ მყარ პლანეტებს შორის მარსი იმითაა გამორჩეული, რომ მისი ყველაზე მეტი სურათი მოგვეპოვება, როგორც ორბიტიდან, ასევე ზედაპირზე მოძრავი აპარატებიდან გადაღებული. არანაკლებადაა აღბეჭდილი მერკურიც, მზესთან ყველაზე ახლომდებარე ციური სხეული. რაც შეეხება ვენერას, რომელსაც დედამიწის "ტყუპისცალსაც" იწოდებენ, ის ასეთი მარტივი გადასაღები ნამდვილად არაა.
ამ ობიექტის ზედაპირი დაახლოებით ბოლო 40 წელია, არ დაგვიფიქსირებია, მანამდე კი რამდენიმე კადრი მოვიპოვეთ. საქმე ისაა, რომ ვენერას გარს სქელი ატმოსფერო აკრავს, ღრუბლების საფარველი, რომელიც 20 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება და გრუნტიდან 60 კილომეტრამდე სიმაღლეზე იწყება. დამატებით, ეს აირადი გარსი ნისლის ფენასაც მოიცავს, რომელიც დაახლოებით 32 კილომეტრიდან 90 კილომეტრამდე სიმაღლეზე ვრცელდება.
ამის გათვალისწინებით, ჩვენი მეზობელი პლანეტის ზედაპირის ორბიტიდან გადაღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რის გამოც მეცნიერები ძირითადად სარადარო მონაცემებს ეყრდნობიან. მსგავსი ტექნოლოგიით ატმოსფეროს მიღმა "ვიხედებით", რომლის წნევაც დედამიწის ზღვის დონისას 93-ჯერ აღემატება. ის მეტწილად ნახშირორჟანგისგან შედგება, თუმცა გოგირდმჟავასა და ქლორწყალბადმჟავასაც შეიცავს. აქვე გეტყვით, რომ ვენერა მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტაა, რაც მას სიცოცხლისთვის კიდევ უფრო არათავსებადს ხდის.
1996 წელს, საბჭოთა კავშირის მისია Venera 3-ის ფარგლებში. აპარატი მის ზედაპირს უკონტროლოდ შეეჯახა. ეს პირველი ისტორიული შემთხვევა იყო, როცა ჩვენ მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდი სხვა პლანეტაზე დაეშვა. მომდევნო სამი ზონდი ატმოსფეროშივე განადგურდა.
1970 წელს იქ Venera 7 გაუშვეს, რომელმაც აირადი გარსი წარმატებით გაიარა და უსაფრთხოდ დაეშვა. მან ფუნქციონირება 23 წუთს შეძლო, შემდეგ კი მწყობრიდან გამოვიდა. 2 წელში მისია Venera 8 განხორციელდა.
ყველაფერი 1975 წელს შეიცვალა, Venera 9-ისა და 10-ის დროს, როცა ორივე მათგანი ვენერაზე სამდღიანი ინტერვალით დაეშვა და სურათებიც გადაიღო. პლანეტის გრუნტის პირველი ფერადი გამოსახულებები Venera 13-ისა და14-ის განმავლობაში, 1982 წელს მივიღეთ, რამაც მოყვითალო-მონარინჯისფრო ატმოსფეროს ქვეშ არსებული მუქი ჟანგისფერი ზედაპირი გამოავლინა.
ვენერას ზედაპირს სამომავლო მისიების ფარგლებში ისევ ვიხილავთ. NASA იქ 2029 წელს აპარატ DAVINCI-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც მის ატმოსფეროს შეისწავლის და მაღალი გარჩევადობის სურათებს გადაიღებს.
კომენტარები