ფარული ოკეანეები მზის სისტემაში — რაზე მიანიშნებს ახალი კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ურანის გარშემო მოძრავი 2 ბუნებრივი თანამგზავრის ყინულოვანი საფარველის ქვეშ შესაძლოა, ოკეანეები იყოს. საუბარია მირანდასა და არიელზე, რომლებიც პლანეტის ირგვლივ არსებულ 27 მსგავს ობიექტს შორისაა და არაა გამორიცხული, რომ ერთ-ერთ მათგანზე ან ორივეზე გეიზერები იფრქვეოდეს.
ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამას ასკვნიან, მისია Voyager 2-ის ფარგლებშია მოპოვებული, როცა ხომალდმა ყინულის გიგანტად წოდებულ ციურ სხეულს 37 წლის წინ ჩაუარა. მას შემდეგ ურანს კოსმოსური აპარატი არ სწვევია. ეს მიუთითებს, რომ მრავალი დეკადის წინ შეგროვებული, ენერგიული ნაწილაკებისა და ელექტრომაგნიტური ველის მონაცემები პლანეტური კვლევებისთვის უმნიშვნელოვანესი და ღირებულია.
1986 წელს Voyager 2-ზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ დამუხტული ნაწილები დააფიქსირა, რომლებიც ურანის მაგნიტოსფეროს კონკრეტულ რეგიონებში იყო მომწყვდეული. ისინი უნდა გაფანტულიყო, მაგრამ ეკვატორის მიმდებარედ ნარჩუნდებოდა, მირანდასა და არიელის ორბიტებთან ახლოს. მაშინ მეცნიერებმა ეს მოვლენა პლანეტის მაგნიტური ველის სუბშტორმთან, კერძოდ კი იქიდან გამოთავისუფლებულ ელექტრონებთან დააკავშირეს, მაგრამ ახალი კვლევა ამას უარყოფს.
მაშ, რამ წარმოქმნა ისინი?
ამის გასაგებად სპეციალისტებმა ყურადღება მაგნიტურ ველთან ნაწილაკების სიჩქარის ვექტორის მიმართებაზე გაამახვილეს. მის შესანარჩუნებლად ელექტრონების მუდმივი ნაკადი იქნებოდა საჭირო, რაც მაგნიტოსფეროში პლაზმური ტალღების გავლენით მათ გაფანტვას შეეწინააღმდეგებოდა. კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით დადგინდა, რომ ასეთი წყაროს გარეშე ელექტრონების განაწილება რამდენიმე საათში ერთსახოვანი გახდებოდა.
გუნდმა Voyager 2-ის მონაცემებში პოტენციური წყაროს ძიება დაიწყო. ყველაფერი კი მირანდასა და არიელს შორის სივრცეში არსებულ ენერგიულ იონებზე მიანიშნებდა. მოგვიანებით მსგავსი რამ სატურნისა და იუპიტერის წყლიანი თანამგზავრების, ენცელადისა და ევროპას მახლობლადაც დაფიქსირდა, რაც ყინულოვან გეიზერებთან დააკავშირეს. შესაბამისად, მკვლევრები ფიქრობენ, რომ უნარის შემთხვევაშიც იგივე ხდება.
შესაძლოა, ასეთი წყარო მირანდა, ურანის 5 უდიდესი თანამგზავრიდან ყველაზე პატარა, სიკაშკაშით გამორჩეული არიელი ან ორივე მათგანი იყოს. თითოეულზე ბოლოდროინდელი გეოლოგიური ცვლილებები შეიმჩნევა, რაც შესაძლოა, ზედაპირზე სითხის ხშირ ამოფრქვევას გამოეწვია.
ამის გარკვევაში მზის სისტემის ყველაზე შეუსწავლელ პლანეტაზე მისიის გაგზავნა დაგვეხმარება. ავტორებმა კვლევის შედეგები სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს, ხოლო მათი ნაშრომი მალე გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდება.
კომენტარები