ბეთჰოვენის დნმ-ის შესწავლით დადგინდა, რამ მოკლა კომპოზიტორი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 1827 წლის 27 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. ლოგინად ჩავარდნილ კომპოზიტორს სიყვითლე, კიდურებისა და მუცლის შესივება, სუნთქვის გაძნელება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აწუხებდა. მოგვიანებით მუსიკოსის ხელნაწერი აღმოაჩინეს, სადაც ის ძმებს სთხოვდა, რომ მისი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისთვის მოეთხროთ.
ამ სურვილის ასრულებას მეცნიერები დაახლოებით 2 საუკუნის შემდეგაც ცდილობენ, რისთვისაც ბეთჰოვენის თმის ღერებში არსებული დნმ შეისწავლეს. სპეციალისტებს მისი ჯანმრთელობის გართულებების შესახებ მეტის გაგება სურდათ, მათ შორისაა სმენის სრულად დაკარგვაც, რაც კომპოზიტორს 1818 წლისთვის უკვე აღენიშნებოდა. ამის მიზეზი მისი პირადი ექიმისთვისაც უცნობი იყო.
თავდაპირველად მუსიკოსს ტინიტუსი, ანუ ყურებში ხმაური დაეწყო, რაც ხმამაღალი ბგერების მიმართ დაქვეითებულ მგრძნობელობაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი სმენის დაკარგვა გამოიწვია და მისი, როგორც პიანისტის კარიერა დაასრულა. ბეთჰოვენის პრობლემები ამით არ ამოწურულა. მას დაახლოებით 22 წლის ასაკიდან მუცლის მწვავე ტკივილები და დიარეის ქრონიკული შეტევები ჰქონდა. სიკვდილამდე 6 წლით ადრე ამ ყველაფერს ღვიძლის დაავადებების სიმპტომებიც დაემატა. ფიქრობდნენ, რომ 56 წლის ასაკში მისი სიცოცხლე სწორედ ამან შეიწირა.
2007 წელს ბეთჰოვენის თმის გამოკვლევამ სიკვდილის პოტენციურ მიზეზად ტყვიით მოწამვლა დაასახელა, რომელიც მის ორგანიზმში ალკოჰოლის მიღებისა და იმდროინდელი მკურნალობის მეთოდების გამო მოხვდა. უკანასკნელმა კვლევამ ეს უარყო და ისიც გამოავლინა, რომ თმის ღერების ნაწილი კომპოზიტორს სულაც არ ეკუთვნოდა, არამედ უცნობ ქალს.
ავთენტური ნიმუშებიდან მოპოვებული დნმ-ის შესწავლამ ცხადყო, რომ ბეთჰოვენის სიკვდილის მიზეზი, დიდი ალბათობით, სულ სხვა რამ იყო. კერძოდ, B ჰეპატიტი, ინფექცია, რომელიც ალკოჰოლის მიღებითა და ღვიძლის დაავადების სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გავლენით გამწვავდა. აღსანიშნავია, რომ ვერ დადგინდა, ზუსტად რა იდგა სმენის დაქვეითებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების უკან.
სამაგიეროდ, ბეთჰოვენის თმის ღერებში არსებული და მამის ხაზით მისი ამჟამინდელი ნათესავების Y ქრომოსომების შედარებამ შეუსაბამობა გამოავლინა. ეს 1572 წელს ჰენდრიკ ვან ბეთჰოვენის ჩასახვიდან 1770 წელს ლუდვიგის ჩასახვამდე პერიოდში რომელიმე თაობაში არაკანონიერ ურთიერთობაზე მიანიშნებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები