მარიამ ალბექიონის ნაშრომი როსბის ტალღების შესახებ ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ მარიამ ალბექიონის პირველი ავტორობით სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Astronomy and Astrophysics დაიბეჭდა. მარიამ ალბექიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი და კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარია. ხოლო მისი ახალგამოქვეყნებული ნაშრომი ეხება როსბის (პლანეტარული) ტალღების დინამიკის თეორიულ შესწავლას ადრეული ტიპის ვარსკვლავების წიაღში.
როსბის ტალღები განაპირობებს დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების, პლანეტების ატმოსფეროებისა და მზის წიაღის დიდმასშტაბიანი პროცესების დინამიკას. თანამედროვე კოსმოსური მისიების დაკვირვებები აჩვენებს ამ ტალღების არსებობას სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავებზე, რაც თეორიულ მოდელირებასთან ერთად ვარსკვლავთა წიაღის გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
ნაშრომში შესწავლილია როსბის ტალღების განედური და რადიალური გავრცელება ადრეული ვარსკვლავების წიაღში ტემპერატურის სხვადასხვა ვერტიკალური პროფილისთვის. ნაჩვენებია, რომ ტალღები ძირითადად აღიძვრება ვარსკვლავების ზედაპირთან ახლოს და კონცენტრირებულია ეკვატორის მიმდებარე განედებზე. ტალღების თვისებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ვარსკვლავთა შიდა ფენების ტემპერატურასა და ბრუნვაზე. ამიტომ თეორიული შედეგების დაკვირვებებთან შედარება ვარსკვლავების წიაღის შესწავლის საშუალებას იძლევა. როსბის ტალღების შესწავლა გვიანდელი ტიპის ვარსკვლავებისთვისაც გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე კვლევები მნიშვნელოვანია სხვადასხვა კოსმოსური მისიის (Kepler, CoRoT, TESS, Gaia) მიერ დაკვირვებული ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ვარსკვლავების წიაღის შესასწავლად.
კომენტარები