ნახეთ: ადგილი, სადაც შესაძლოა, ასტრონავტებმა 2 წელში დადგან ფეხი
გასულ წელს NASA-მ მთვარის სამხრეთ პოლუსის მიმდებარედ არსებული 13 რეგიონი დაასახელა, რომელთაგანაც ერთ-ერთზე ასტრონავტები 2025 წელს ჩანიშნული მისიის ფარგლებში დადგამენ ფეხს. მათ შორისაა მალაპერტის მასივი, რომელიც დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრატერია.
NASA-ს მთვარის ზონდმა Reconnaissance ამ არეალის ამსახველი ახალი სურათი გადაიღო. შთამბეჭდავი კადრი მან 3 მარტს დააფიქსირა, როცა შეკლტონის კრატერისგან 170 კილომეტრამდე მანძილი აშორებდა. უკანასკნელ ფოტოზე მისია Artemis 3-ის დაშვების პოტენციური ადგილი ნაწილობრივ მოჩანს.
ესაა მოსწორებული ზედაპირის მქონე არეალი წარწერა "5000"-ის მაღლა. მწვერვალიდან ხედი გასაოცარი იქნება, რადგან ის 5 000 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა. აღნიშნული რეგიონი დაშვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, სადაც "რობოტების ქარავანი" იმოძრავებს და იქაურ მიდამოს გამოიკვლევს. ასევე, ის კომუნიკაციისა და სინათლის ხელმისაწვდომობის მხრივაც ხელსაყრელია.
აღსანიშნავია, რომ მთვარის ეს 13-ივე რეგიონი გეოლოგიურად უძველესია, მუდმივად ჩრდილიანი ადგილებით, და დედამიწის თანამგზავრის ისტორიის შესწავლის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება Artemis 3-ს, ეს იქნება1972 წლის შემდეგ მთვარეზე განხორციელებული პირველი ეკიპაჟიანი მისია, რომლის განმავლობაშიც ადამიანები ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ფეხს კიდევ ერთხელ დადგამენ. მისიის ფარგლებში იქ პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი დაეშვება.
კომენტარები