ფუტკრები და პეპლები დაუსახლებელ ადგილებშიც კი საგანგაშო სისწრაფით იხოცებიან — კვლევა
მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ფუტკრების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად, ამ მხრივ იმაზე რთული სიტუაციაა, ვიდრე აქამდე გვეგონა. საქმე ისაა, რომ ეს მწერები ადამიანებით დაუსახლებელ ადგილებშიც საგანგაშო სისწრაფით იხოცებიან, სადაც მათ მავნე პესტიციდებთან შეხება არ აქვთ და არც საცხოვრებელ არეალს კარგავენ.
აღსანიშნავია, რომ ფუტკრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არსებები არიან, რადგან მათზე არაერთი სამეურნეო პროცესია დამოკიდებული. მათ დიდი როლი აქვთ მარცვლეულის ზრდაში, რომლებსაც ჩვენი შინაური ცხოველები საკვებად იყენებენ. ისინი, ასევე, ბუნებრივი კვებითი სისტემების კრიტიკულად საჭირო კომპონენტადაც მიიჩნევიან, ამიტომ აღნიშნული მწერების გაქრობა ფლორასა და ფაუნაზე უარყოფითად იმოქმედებს.
მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში ამ საკითხის შესწავლას 15 წელი დაუთმეს. სპეციალისტები ფუტკრებისა და პეპლების პოპულაციას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის სამ სხვადასხვა იზოლირებულ, ტყიან არეალში აკვირდებოდნენ.
მონაცემთა ანალიზის შედეგად, ავტორებმა დაადგინეს, რომ ამ დროში ფუტკართა თავდაპირველი პოპულაციის თითქმის 62.5 პროცენტი გაქრა, პეპლების შემთხვევაში კი — 57.6 პროცენტი. ამასთან, მათგან პირველის სახეობების რაოდენობაც შემცირდა, კერძოდ 36 პროცენტით.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დამამტვერიანებელი მწერების სიკვდილი გარემოზე მხოლოდ ადამიანთა უარყოფით ზეგავლენას არ უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი დაუსახლებელ ადგილებში. ერთ-ერთი ჰიპოთეზა ინვაზიური სახეობებია, მაგალითად, ხეში მობინადრე ჭიანჭველები. მეორე და არც ისე გასაკვირი პოტენციური ახსნა კლიმატის ცვლილებაა, უფრო ზუსტად კი მინიმალური ტემპერატურის მატება, რომელსაც ამ ეტაპზე სათანადოდ არ ვეწინააღმდეგებით.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები