NEXT.On.ge-ის რედაქტორთან ინტერვიუში ფიზიკოსმა გია დვალმა უცხოური აგენტების კანონზე, განათლების როლსა და ქვეყანაში მეცნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიამ თავიდანვე აღნიშნა, რომ მთავრობების ბრმად ნდობა არ შეიძლება — მით უმეტეს, ეს ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ფიზიკოსის თქმით, დემოკრატიისთვის დამოუკიდებელი ინსტიტუციებია საჭირო, რაც ჩვენთან იშვიათია. ასეთ დროს მოქალაქეებს მონიტორინგის ფუნქციის შეთავსება თავად უწევთ. და არა მარტო მოქალაქეებს, ეს შეიძლება იყოს არასამთავრობოები, სხვადასხვა ფონდები და ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლები სწორედაც რომ პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებებით არიან.

რაც შეეხება ზემოთ ხსენებული კანონის გატანის მცდელობას, გიას მიაჩნია, რომ ამით პირდაპირ დაზიანდებოდა როგორც დემოკრატია, ისე ზოგადად ქვეყანაში თავისუფლების დონე. ამით ყველა და ყველაფერი კიდევ უფრო დამოკიდებული და მიჯაჭვული იქნებოდა სახელმწიოფზე.

"ეს იყო პირდაპირი დარტყმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე. და დიახ, ეს სრული კატასტროფა იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის", — თქვა გიამ.

კითხვაზე, თუ რა როლი შეიძლება ჰქონოდა კონკრეტულ კანონს განათლებასა და მეცნიერებაზე და ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაცია საქართველოში განათლების სისტემის გასანვითარებლად, გია დვალი პასუხობს, რომ საუკეთესო განათლების სისტემა რაც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა, არის თანამედროვე დასავლური სისტემები. ამ სისტემებში შეიძლება იყოს პატარა ვარიაციები, მაგრამ არის რაღაცები რაც გარკვეულ წილად უნიფორმია.

"ამოსავალი წერტილი დღევანდელი დასავლრი განათლების სისტემის, ეს არის ეგრედ წოდებული ტენუირების პრინციპი. საუბარია სისტემაზე, რომელიც მაქსიმალურად იცავს ხარისხს და შემდეგ აკადემიურ თავისუფლებას. უნივერსიტეტი წარმატებულია, თუ იქ სწავლებასთან ერთად მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები. აქ პროფესორი ამავდროულად არის წარმატებული მკვლევარი თავის დარგში. მთლიანობაში, დასავლეთში უნივერსიტეტის დონე განისაზღვრება იმით თუ რამდენად კარგი პროფესორები ჰყავს მას, მაგრამ იქ აუცილებლად დაცულია მეცნიერის აკადემიური თავისუფლება".

გიას თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ მუშაობს, რომ უნივერსიტეტებს აჰყავთ მოწინავე პროფესორები, მკვლევრები და შემდეგ მათ ანიჭებენ თავისუფლებას. შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში პროფესორს ვერავინ გააგდებს სამსახურიდან მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება საქართველოს რეალობას, გიას მიაჩნია, რომ ეს სისტემა ჩვენთან არ მუშაობს.

"საქართველოში ეს სისტემა არ ფუნქციონირებს და მოხდა მისი შენიღბვა. ტერმინები და სახელები ჩვენ უნივერსიტეტებში დასავლეთდანაა გადმოტანილი, მაგრამ ეს მხოლოდ სახელებია", — ამბობს გია.

გიას თქმით, საქართველოს განათლების სისტემის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა სწორედ აკადემიური თავისუფლების არ არსებობაა. მეტიც, კანონი, რომლის შემოტანაც ხელისუფლებას სურდა პირდაპირ ითარგმნებოდა აკადემიური თავისფულების კიდევ უფრო შეზღუდვაზე და განათლებას, როგორც ბევრ სხვა სფეროს სახელმწიფოზე კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდიდა.

გიას სიტყვებით, ეს იმ ჟანგბადის ჩაკეტვაა, რომელიც დასავლეთიდან შემოდის და ეს ერთადერთი გზაა ამ ეტაპზე, რითაც ინსტიტუტები სუნთქავს. ამით მეცნიერებისა და განათლების თვითკმარობის საბოლოოდ განადგურება მოხდებოდა.

გიამ განათლების სისტემისა და ეკონომიკის კავშირზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძლიერი განათლების სისტემის გარეშე რთულია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესის მიღწევა. თუმცა, მძლავრი ეკონომიკის გარეშე ჯანსაღი განათლების სისტემის შემუშავებაც რთულია. ამიტომ, ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრე გამოდის. ამ წრიდან გაღწევის ერთ-ერთი მთავარი საშუალება სწორედ რომ ევროინტეგრაცია და უცხოური დაფინანსების წყაროების მოძიება-შენარჩუნებაა.

"წრიდან გასაღწევად სახელმწიფომ უნდა ჩადოს ინვესტიციები განათლებაში და პარალელურად გარედან მოიძიოს თანხები. ახალი კანონით კი სწორედ ამ მოზიდვას შევეწინააღდეგებოდით. და აი, სწორედ იმ ტოტს ვიჭრიდით, რომელზეც ვისხედით", — თქვა გიამ.

ვიდეოინტერვიუს სრულად ნახვა ქვემოთ შეგიძლიათ: