არქტიკის წყალქვეშა ვულკანების კვამლში სიცოცხლის ახალ ფორმებს მიაგნეს
მეცნიერთა გუნდმა არქტიკის რეგიონში მდებარე წყალქვეშა ვულკანების მიმდებარედ არსებულ ბნელსა და ცივ გარემოში ახალ სახეობას მიაგნო, სიცოცხლის ფორმებს, რომლებიც ჰიდროთერმული არხებიდან ამოფრქვეულ ცხელ ნაკადებში ბინადრობენ.
მსგავსი, ნაპრალების მაგვარი სტრუქტურები ოკეანის სიღრმეში ყალიბდება, სადაც ტექტონიკური ფილების საზღვრებია. იქიდან გაცხელებული მატერია იფრქვევა, რომელშიც ჟანგბადი არაა, მაგრამ მდიდარია ისეთი ლითონებით, როგორიცაა რკინა, მანგანუმი და სპილენძი. ზოგან ასევე გვხვდება წყალბადი, მეთანი და სულფიდები.
ე.წ. ჰიდროთერმული კვამლი, რომელიც ლითონის სულფიდთა ნაწილაკებს შეიცავს, მაშინ ფორმირდება, როცა ცხელი და ცივი წყალი ერთმანეთს ერევა, გარემომცველი ოკეანე კი მის ოქსიგენაციას განაპირობებს. ასეთი ნაკადები ათასობით კილომეტრზე ვრცელდება და ასობით მეტრზე ადის. მეცნიერებმა ცენტრალურ არქტიკასა და სამხრეთ ატლანტის ოკეანეში სწორედ მათი ნიმუშები შეისწავლეს.
წყალქვეშა ვულკანების კვამლის მოპოვება მარტივი არაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის არქტიკის ზღვის ყინულების ქვეშ 2 500 მეტრზე მეტ სიღრმეზეა. ეს ეხება ატლანტის ოკეანის შტორმიან ზონებსაც. მეცნიერებმა პირველ რეგიონში ნიმუშები წარმატებით შეაგროვეს, რათა ამ წყლებში მობინადრე ბაქტერიების მახასიათებლები შეესწავლათ, მათ შორის მეტაბოლიზმი.
მათ დაადგინეს, რომ ჰიდროთერმულ ნაკადებში Sulfurimonas-ის ტიპის დღემდე უცნობი ბაქტერიები ცხოვრობენ, რომელთა სახეობასაც USulfurimonas pluma ეწოდება. აქამდე მხოლოდ ისეთი მსგავსი მიკროორგანიზმები იყო შესწავლილი, რომლებიც ენერგიის წყაროდ სულფიდებს იყენებდნენ. მათგან განსხვავებით, ისინი წყალბადით იკვებებიან და ნათესავ სახეობებთან საზიარო გენების დანაკლისს განიცდიან, მაგრამ მკაცრ გარემოში ზრდას მაინც ახერხებენ.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰიდროთერმული კვამლი მიკროორგანიზმების გავრცელებასა და ფსკერის ღია ოკეანესთან დაკავშირებას უწყობს ხელს. ასევე, მათი აზრით, Sulfurimonas-ის ეკოლოგიური როლი გადახედვას საჭიროებს, რადგან შესაძლოა, ბევრად მნიშვნელოვანი იყოს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები