ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 99% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის მოსახლეობის 99%, ანუ ადამიანთა მთლიანი პოპულაციის თითქმის სრული უმრავლესობა, PM 2.5 ტიპის საშიში მიკრონაწილაკებით გაჯერებულ, დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჩვენი მხოლოდ 0.001% ცხოვრობს ისეთ არეალში, სადაც PM 2.5-ის დონე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ რეკომენდებულ უსაფრთხო ზღვარს ქვემოთაა. ეს პლანეტაზე არსებული ხმელეთის 0.18%-ზე ნაკლების პროპორციულია.
"დაბინძურებული ჰაერისგან თითქმის არავინაა დაცული. საკვირველი ისაა, რომ დედამიწის თითქმის ყველა ნაწილში PM 2.5-ის წლიური საშუალო კონცენტრაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ჰაერის ხარისხის ზღვარს აღემატება", — აცხადებენ სპეციალისტები.
PM 2.5 ეწოდება ისეთ უმცირეს ნაწილაკებს, რომელთა ზომაც 2.5 მიკრონს არ აღემატება, რაც ქვიშის მარცვალზე 30-ზე მეტჯერ პატარაა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს ფილტვებსა და სისხლძარღვებში მარტივად ხვდება. პოტენციურ გართულებებს შორისაა ფილტვის სიმსივნე და გულის დაავადებები.
2021 წელს WHO-მ ჰაერის ხარისხის დირექტივები განაახლა და PM 2.5-ის ზღვარი ყოველ კუბურ მეტრზე 10 მიკროგრამიდან 5 მიკროგრამამდე დაწია იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანის ორგანიზმზე. აქედან 1 წელში ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა და უკანასკნელი შედეგების მსგავსი მაჩვენებელი მიიღო, თუმცა ახალი ნაშრომი პირველია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საშიშ ნაწილაკთა დღიურ დონეს გვიჩვენებს.
მათ სახმელეთო, სატელიტური და მეტეოროლოგიური მონაცემები გააერთიანეს და მანქანური დასწავლის ინოვაციური მეთოდიც გამოიყენეს. ამან გამოავლინა, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ბოლო 2 დეკადის განმავლობაში PM 2.5-ის დღიური კონცენტრაცია შემცირდა, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, როგორიცაა სამხრეთ აზია, ლათინოამერიკა და ავსტრალია.
დადგინდა ისიც, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებლები 2000-2019 წლებში განსაკუთრებით მაღალი იყო, კერძოდ, თითო კუბურ მეტრზე 32.8 მიკროგრამი, რაც საგანგაშოა. გამოცემაში The Lancet Planetary Health გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი შედეგები ჯანდაცვისა და სხვა სექტორების წარმომადგენლებს ადამიანთა ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის უკეთ შესწავლასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიების დაგეგმვაში დაეხმარება.
კომენტარები