მთიან ყარაბაღში შეტაკებას 5 ადამიანი ემსხვერპლა
შეიარაღებული შეტაკების შედეგად მთიან ყარაბაღში სამი პოლიციელი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ინციდენტი კვირას დილით, ლაჩინის დერეფანთან ახლოს, გრუნტის გზაზე მოხდა, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლის მიღმაა. მოვლენები მიკროავტობუსის გარშემო განვითარდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ამბობს, რომ ავტობუსს სომხეთიდან სტეფანაკერტში იარაღი გადაჰქონდა, ხოლო მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტრანსპორტი პოლიციის რეგულარულ პატრულში იმყოფებოდა.
საავადმყოფოში რჩება მთიანი ყარაბაღის პოლიციის ერთი თანამშრომელი.
ინციდენტის შემდეგ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მიიღეს ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსში იმყოფებოდა სამხედრო პერსონალი, განთავსებული იყო სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა. აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც დროებით რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
"ეს იყო მცდელობა ტრანსპორტის გაჩერების და შემოწმების მცდელობა, რომელსაც უკანონო სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა", — ნათქვამია განცხადებაში. "საპირისპირო მხრიდან სროლა განხორციელდა, რის შედეგადაც, ორივე მხრიდან არის მსხვერპლი და დაშავებული".
ამასთანავე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი მოძრაობდა "ჭუჭყიანი გზის" გავლით, ლაჩინის დერეფნის გვერდის ავლით, რომელიც 12 დეკემბრიდან გადაკეტილია.
მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო აზერბაიჯანის ბრალდებები და განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების "დივერსიული ჯგუფი".
უწყებამ დასძინა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა 2 და 3 მარტს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს. ისინი ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი "დაძაბულობის ესკალაციის დაწყებას ცდილობდა".
"აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმები განხორციელდა ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 1 მარტს არცახისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. თავისი ქმედებებით, ბაქო ღიად ავლენს, რომ არ სურს მოლაპარაკებები, როგორც ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის საშუალება", — განაცხადა მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
როგორც სომხეთის, ასევე მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ინციდენტი შეაფასეს როგორც აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის "ეთნიკური წმენდის" მცდელობის ნაწილი.
ასევე, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიკროავტობუსში მხოლოდ ოთხი პოლიციელი და მათი სამსახურებრივი პისტოლეტი იყო, ხოლო აზერბაიჯანული მხარის მიერ მოვლენების აღწრას "აბსურდული" უწოდა.
"აზერბაიჯანული ძალების ქმედებებს ტერორიზმის გარდა ვერაფერს ვუწოდებთ", — ნათქვამია განცხადებაში. "ფაქტები ადასტურებს, რომ ეს პროვოკაცია წინასწარ იყო დაგეგმილი და აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებული".
"შექმნილ ვითარებაში, ლაჩინის დერეფანსა და მთიან ყარაბაღში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა სასიცოცხლო აუცილებლობაა", — ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მომხდარში ბრალი სომხეთის მთავრობას დააკისრა.
"მსგავსი სამხედრო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანი მოითხოვს სამმხრივი დეკლარაციის შესრულებას, სომხეთიდან უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის, პერსონალის და ნაღმების ტრანსპორტირების შეწყვეტას და სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან", — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
22 თებერვალს, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ უარყო ბაქოს მოთხოვნა, დავალებოდა სომხეთს ტერიტორიის დანაღმვის შეწყვეტა ან ამ ქმედებების დაფინანსება "რაიონებში, სადაც აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა დაბრუნდნენ".
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასძინა, რომ ინციდენტმა დაადასტურა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის კონტროლის მექანიზმების შემოღების აუცილებლობა. ბოლო კვირების განმავლობაში აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფანზე აზერბაიჯანული საგუშაგოების მოწყობას ითხოვს.
ორშაბათს, ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ის "გმობს" ძალადობის გავრცელებას.
"ამ სასიკვდილო ინციდენტის გარემოებები სრულად უნდა იქნას გამოძიებული", — ნათქვამია განცხადებაში. "ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო უთხრის ძირს რეგიონულ სტაბილურობას და საფრთხეს უქმნის სამშვიდობო პროცესს".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები