ახალაღმოჩენილმა კომეტამ შესაძლოა, 2024 წელს ცაზე ვარსკვლავებზე მეტად იკაშკაშოს
ასტრონომებმა აღმოაჩინეს კომეტა, რომელიც უკანასკნელ 80 660 წელში პირველად, მზეს უახლოვდება. ის იმდენად კაშკაშაა, რომ შესაძლოა, მომდევნო წლის შემოდგომაზე ღამის ცაზე ზოგიერთ ვარსკვლავზე უფრო ნათელი გამოჩნდეს.
C/2023 A3-ის (Tsuchinshan-ATLAS) სახელით ცნობილ ობიექტს მეცნიერებმა ტელესკოპთა სისტემის ATLAS მეშვეობით თებერვალში მიაკვლიეს. იანვარში შენიშნეს ის ჩინეთში მდებარე იისფერი მთის ობსერვატორიიდანაც, ამიტომ ეს კოსმოსური სხეული ორივე მათგანის სახელს ატარებს.
ამჟამად კომეტა სატურნსა და იუპიტერს შორისაა და 290 664 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. ის დედამიწასთან ყველაზე ახლოს, სავარაუდოდ, 2024 წლის 13 ოქტომბერს მოვა. სპეციალისტთა გამოთვლების თანახმად, C/2023 A3 მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას 80 660 წელს ანდომებს, ჩვენს ვარსკვლავთან ყველაზე მოკლე დისტანციამდე კი ის მომდევნო წლის 28 სექტემბერს მიაღწევს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად შეინარჩუნებს მთლიანობას აღნიშნული ობიექტი, რომელიც მოსალოდნელია, რომ მნათობთან ჩავლისას გაცხელდეს და დაიშალოს.
სხვა შემთხვევაში, მის დაფიქსირებას მოყვარული ასტრონომები ტელესკოპებიდან 2024 წლის ივნისშიც შეძლებენ, როცა კომეტა მზესა და დედამიწას შორის მოექცევა. ვარსკვლავთან უახლოეს წერტილამდე მისვლის მომენტში ის აღმოსავლეთ ჰორიზონტის ქვედა ნაწილში გამოჩნდება, შემდეგ კი უფრო მაღლა გადაინაცვლებს. ყველაზე კარგი სანახაობა გვიან ოქტომბერში გვექნება, როცა C/2023 A3 გველისა და გველისმჭერის თანავარსკვლავედებში გაივლის.
ღამის ცაზე ახალაღმოჩენილმა კომეტამ შესაძლოა, სიკაშკაშით გამორჩეული ვარსკვლავებიც კი გადაფაროს, რადგან ის კომეტა C/2022 E3-ზე ნათელია, რომელმაც დედამიწას იანვარში ჩაუარა. მისი სიკაშკაშის მაჩვენებელი +4.6 იყო, ანუ შეუიარაღებელი თვალისთვის ხილული. რაც შეეხება C/2023 A3-ს, მის შემთხვევაში სავარაუდო ნიშნული 0.7-ია, პიკზე კი -5, ანუ ისეთივე ნათელი, როგორიც ვენერაა.
C/2023 A3-ის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, მათ შორის ზუსტი ზომა, რის გასაგებადაც დამატებითი მონაცემებია საჭირო.
კომენტარები