რისი სუნი აქვს ძველ წიგნებს და რატომაა იგი ასეთი სასიამოვნო?
დღესდღეობით ელექტრონული წიგნები უფრო მარტივად ხელმისაწვდომია, ვიდრე ბეჭდური. მიუხედავად ამისა, მკითხველთა უმრავლესობა მაინც ტრადიციულ წიგნებს ანიჭებს უპირატესობას. ამას დიდწილად მათი სურნელი განაპირობებს.
სხვათა შორის, წიგნის არომატს თავად წიგნის მდგომარეობის შესაფასებლადაც იყენებენ. იმ ორგანული ნაერთების ანალიზით, რომელთა დამსახურებითაც ძველი წიგნის სუნი წარმოიქმნება, წიგნის დაზიანების გარეშე გავიგებთ, გვჭირდება თუ არა მის შესანახად დამატებითი ზომების მიღება. სპეციალურად ამ დანიშნულებისთვის "ელექტრონული ცხვირი" შეიქმნა, რომელსაც ACS Sensors გამოცემაში გაეცნობით.
ამის გასაკეთებლად საჭიროა ვიცოდეთ, თუ რომელ მოლეკულებს და რა პირობებში გამოყოფს წიგნები დროის გასვლასთან ერთად. მატია სტრლიჩს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორს, ამ საკითხზე ყველაზე მეტი ნაშრომი ეკუთვნის.
ნაშრომში Material Degradomics სტრლიჩი და კვლევის თანაავტორები რამდენიმე აქროლად ნივთიერებაზე საუბრობენ. ისინი წიგნის დაძველებასთან ერთად წარმოიქმნება, რასაც ქაღალდის მელნებსა და ლიგნინში არსებული კოლოფონის დაშლა განაპირობებს. კვლევის თანახმად, ჟამთასვლის შედეგად ქაღალდი ძმარმჟავასაც გამოყოფს, რომელიც ძმრის ძირითადი კომპონენტია.
მომდევნო ნაშრომში მეცნიერი ვარაუდობს, რომ კონკრეტული სუნები შეგვიძლია, კულტურულ მემკვიდრეობად მივიჩნიოთ, ისტორიული ქაღალდის სუნი კი შემთხვევის შესწავლად გამოვიყენოთ. სტრლიჩი წიგნის არომატებზე ისევე საუბრობს, როგორც ყავისა და ღვინის მწარმოებლები აღწერენ ხოლმე თავიანთ პროდუქტებს. მას ბალახისებრი სუნების კომბინაციას უწოდებს, რომელსაც ცოტა სიმჟავე, ვანილის არომატი და ობის სუნი დაჰკრავს.
ყველა ამ ნივთიერებათა ჯგუფს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს: ისინი არაერთ სხვადასხვა ნაერთს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა კონცენტრაციით ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და დელიკატურ არომატს ქმნის. ეს უკანასკნელი იმ სუნებზე დახვეწილია, რომლებიც ერთი ან ორი მოლეკულის დომინირებით იქმნება.
Compound Chemistry-ის მოხსენებით, ძველ წიგნებში ხშირად 6 მოლეკულა გვხვდება. აღსანიშნავია, რომ აქ ზემოხსენებული ძმარმჟავა სულაც არ ფიგურირებს, რაც ამ კუთხით წიგნების მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. ამ ნივთიერებებს შორისაა ვანილინი (მოლეკულა, რომელიც ვანილს სურნელს ანიჭებს) და ბენზალდეჰიდი (ნუშის არომატზე პასუხისმგებელი ნაერთი).
ერთ-ერთი ასეთი ნაერთია ტოლუოლი, იგივე მეთილბენზოლი. სწორედ ეს ნივთიერებაა პასუხისმგებელი საღებავის გამხსნელებისა და პერმანენტული მარკერების მძაფრ სუნზე. მეორე მხრივ, მეთილბენზოლს ეიფორიის გამომწვევი მახასიათებლების გამო საინჰალაციოდაც იყენებენ.
ტოლუოლის ჭარბი მოხმარება არაერთ გვერდით მოვლენას იწვევს, თუმცა ამჟამად ძველი წიგნებით მისი დოზის გადაჭარბების არცერთი შემთხვევა არაა აღრიცხული. არაა სახიფათო ძველი წიგნების სუნის მქონე სანთლებიც (რა თქმა უნდა, ხანძრის გაჩენის რისკებს თუ არ გავითვალისწინებთ).
ახალ წიგნებს იგივე არომატი ნაწილობრივ იმიტომ არა აქვს, რომ მათი კომპონენტები ნაკლებადაა გადაგვარებული. ამასთანავე, გასული საუკუნიდან უკვე მათი წარმოებისას ისეთი ქაღალდი გამოიყენება, რომელიც ნაკლებ ლიგნინს შეიცავს.
იმის მიხედვით, თუ სად დაიბეჭდა წიგნი, შესაძლოა, მასში დამატებითი ქიმიკატებიც იყოს. ამის საშუალებით მისი შექმნის დროის დადგენა შეიძლება, თუკი ნაწერით ვერ ხერხდება ამოცნობა. მაგალითისთვის, დიდი რაოდენობით ფურფურალი მე-19 საუკუნის ნახევრამდე დაბეჭდილ წიგნებში გვხვდებოდა.
კომენტარები