ორივე პოლუსის შელფური მყინვარები მოსალოდნელზე მალე ჩამოიშლება — ახალი კვლევა
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედამიწაზე ტემპერატურის მატებას 2°C გრადუსიან ნიშნულზე ქვემოთ შევინარჩუნებთ, გრენლანდიისა და ანტარქტიკის უზარმაზარი შელფური მყინვარები მაინც შეუქცევადი დნობის საფრთხეშია. კვლევა გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
"ჩვენი გამოთვლების თანახმად, თუკი ემისიებთან დაკავშირებით მიზანს ვერ მივაღწევთ, შელფური მყინვარები დაიშლება და აჩქარებული ტემპით დადნება", — აცხადებს აქსელ ტიმერმანი, კლიმატის ფიზიკოსი ბაზისური მეცნიერების ინსტიტუტიდან (სამხრეთ კორეა).
გასული საუკუნის განმავლობაში ზღვის გლობალურმა დონემ საშუალოდ 20 სანტიმეტრით აიწია. გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის, თქმით, შესაძლოა, ამან ათიდან ერთი ადამიანი პირდაპირი რისკის ქვეშ დააყენოს.
ასევე იხილეთ: გრენლანდიის მყინვარები მოსალოდნელზე 100-ჯერ სწრაფად დნება — ახალი მოდელის შედეგები
პუსანის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა წინა მოდელირება გააუმჯობესეს და ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელზე სწრაფად გვიახლოვდება.
"კომპიუტერული მოდელები, რომლებიც გრენლანდიასა და ანტარქტიკაში შელფურ მყინვართა დინამიკის სიმულირებას ემსახურება, ხშირად არ ითვალისწინებს იმას, რომ შელფური მყინვარის დნობა ოკეანურ პროცესებზე იქონიებს გავლენას, რაც საპასუხოდ შელფურ მყინვარსა და ატმოსფეროზეც აისახება", — გვიხსნის კლიმატის მკვლევარი ჯუნ იანგ პარკი.
ყინულის აჩქარებული დნობის გამო მდნარი წყალი ოკეანეში უფრო ინტენსიურად ჩაედინება. იგი ზედაპირზე გროვდება და ოკეანის უფრო ღრმა შრეებიდან სითბოს მიმოცვლას ამცირებს. შედეგად ზედაპირის ქვემოთ ტემპერატურა მატულობს, ეს კი სტაბილურობის რღვევის რისკს ზრდის იმ ყინულოვანი საყრდენებისა, რომლებიც ანტარქტიკის შელფურ მყინვარს ამაგრებს. შესაძლოა, ამან ოკეანეში მეტი მდნარი წყლის ჩადინება გამოიწვიოს.
მეცნიერთა მოდელი ჯერ ისეთი დეტალური არ არის, როგორიც კლიმატის წამყვანი მოდელი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ამ პროცესების გათვალისწინება მათ საშუალებას აძლევს გაიგონ, თუ რა გავლენა აქვს შელფური მყინვარების სტაბილურობაზე მდნარ წყალსა და მასივებისაგან ყინულის მოწყვეტას.
გუნდი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ამ ეფექტს უკვე რეალურ დროშიც ვხედავთ: გრენლანდიაში გაუგონარი მოვლენები ხდება, მაგალითად წვიმა, ხოლო ანტარქტიკის შელფურ მყინვარზე კი მდნარი წყლის რხევებმა თვალსაჩინოდ მოიმატა.
ასევე იხილეთ: ანტარქტიკის ზღვის ყინულის ფართობი რეკორდულად შემცირდა — ბოლო 44 წლის ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი
მიუხედავად ამისა, გუნდის გამოთვლებით, შეუქცევადი პროცესი 1.8°C გრადუსმაც კი შეიძლება გამოიწვიოს. მოდელის მიხედვით, შემცირების მხოლოდ ძალიან აგრესიულ სცენარში — ტემპერატურის 1.5 °C გრადუსზე ქვემოთ შენარჩუნება — მოხერხდა ზღვის დონის ესოდენ სწრაფი მატების თავიდან არიდება.
"თუ არ ვიმოქმედებთ, შელფური მყინვარების დნობა მომდევნო 130 წლის განმავლობაში მინიმუმ 100 სანტიმეტრით გაზრდის ზღვის დონეს", — ამბობს ტიმერმანი — "ეს დამატებითი ფაქტორი იქნება სხვებთან, თუნდაც ოკეანის წყლის სითბურ გაფართოებასთან, ერთად".
ამგვარი სცენარი სერიოზულ გავლენას იქონიებს ყველა კონტინენტის მეგაქალაქებზე, რომელთა შორისაა: კაირო, მუმბაი, შანხაი, ლონდონი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი და ბუენოს-აირესი.
პროგნოზი საკმაოდ შემაშფოთებელია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პლანეტის კომპლექსურ ეკოლოგიურ სისტემაზე არაერთ ისეთ ფაქტორს აქვს გავლენა, რომლებიც მოდელირების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, ვიწრო სანაპირო დინებების ზემოქმედება.
თავისთავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოცდისა და გარკვევის ფუფუნება გვაქვს — ნებისმიერი ქმედება, რომელიც გლობალური დათბობის შემსუბუქებას ემსახურება, გაცილებით მეტ შანსს გვაძლევს, რომ მომავალ საზოგადოებას ყველაზე ცუდი სცენარების თავიდან არიდებაში დავეხმაროთ.
კომენტარები