გრენლანდიის მყინვარები მოსალოდნელზე 100-ჯერ სწრაფად დნება — ახალი მოდელის შედეგები
კვლევის თანახმად, გრენლანდიის მყინვარები იმაზე ასჯერ სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე იყო გამოანგარიშებული. ახალი მოდელის ფარგლებში კუნძულის ფიორდებში წყალსა და ყინულს შორის არსებული უნიკალური ურთიერთქმედება გაითვალისწინეს. მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.
"წლების განმავლობაში ადამიანები ანტარქტიკის მოტივტივე მყინვარების დნობის სიჩქარის მოდელს იღებდნენ და გრენლანდიის ვერტიკალურ მყინვართა ენებზე აზოგადებდნენ", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი კირსტინ შულცი, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარი — "მიუხედავად ამისა, უფრო და უფრო ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ ტრადიციული მიდგომა გრენლანდიის მყინვართა ენებს დნობის ზედმეტად ნელ სიჩქარეს მიაკუთვნებს".
მეცნიერებმა აქამდეც იცოდნენ, რომ მსგავსი მიდგომა ზუსტ შედეგებს არ იძლეოდა, თუმცა გრენლანდიის მყინვართა ნაპირებამდე მიღწევა მარტივი საქმე ნამდვილად არ ყოფილა. ისინი ფიორდების ბოლოებთანაა განლაგებული, სადაც თბილი წყალი ყინულს ანაწევრებს. შედეგად შენობების ზომის ნატეხები წყალში მოულოდნელად იფანტება და პატარა ცუნამებს წარმოქმნის.
მეცნიერთა გუნდს რუტგერსის უნივერსიტეტის ფიზიკური ოკეანოგრაფი რებეკა ჯექონი ხელმძღვანელობდა. მკვლევრებმა ყინულის სახიფათო კლდეებთან მისაახლოებლად ავტომატური ნავები გამოიყენეს და მონაცემების მოპოვებაც ასე შეძლეს. მათ ეს ალასკაში მდებარე ლეკონტესა და გრენლანდიის კანგერლუსუუფ სერმიას შემთხვევაში გააკეთეს.
ჯექონის გამოთვლების მიხედვით, ანტარქტიკაზე დაფუძნებული მოდელები არქტიკაში მყინვარების დნობას რეალურ მაჩვენებელზე გაცილებით არასერიოზულად წარმოაჩენს. მაგალითისთვის, მყინვარი ლეკონტე იმაზე 100-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ტრადიციული მოდელებით პროგნოზირებდნენ.
მყინვართა ცივი წყლისა და ზღვის შედარებით თბილი წყლის შერევას ოკეანის ცირკულაცია მყინვარებთან ახლოს და ოკეანეში უფრო შორს გადააქვს. შესაბამისად, ნადნობს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ზღვის დონის აწევის კუთხით გრენლანდიის შელფური მყინვარიც მნიშვნელოვანია — გრენლანდიის ყინულში საკმარისი წყალია, რომ ზღვის დონეებმა 6 მეტრით აიწიოს.
ასევე იხილეთ: ამ საიტზე შეგიძლია ნახო, როგორ მოიმატებს ზღვის დონე ფოთში ათწლეულების შემდეგ
მოდელი მყინვარებთან ჩატარებული მისიების უახლეს მონაცემებს, ასევე ყინულის დანაკარგზე მყინვართა ენების უფრო რეალისტურ გავლენას ეყრდნობა. შედეგები და ჯექონის მიგნებები ერთმანეთს ესადაგება და აჩვენებს, რომ დნობა ძველი მოდელებით განსაზღვრულზე 100-ჯერ მეტია.
"ოკეანის კლიმატური მოდელის შედეგები კაცობრიობისათვის უაღრესად რელევანტურია, რათა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტენდენციები ვიწინასწარმეტყველოთ, ამიტომაც ისინი ნამდვილად სწორად უნდა გავიგოთ", — დასძენს შულცი — "ეს კლიმატის მოდელების გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო".
კომენტარები