ანტარქტიკის ზღვის ყინულის ფართობი რეკორდულად შემცირდა — ბოლო 44 წლის ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი
კოლორადოს უნივერსიტეტში არსებულ თოვლისა და ყინულის მონაცემთა სახელმწიფო ცენტრში (NSIDC) მომუშავე სპეციალისტთა პირველადი მონაცემების თანახმად, ანტარქტიკის რეგიონში არსებული ზღვის ყინულის ფართობი რეკორდულად შემცირდა. კერძოდ, 21 თებერვალს ეს მაჩვენებელი 1.79 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე დაეცა, რაც 1979 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალი ნიშნულია.
მეცნიერთა განცხადებით, საბოლოო დაზუსტებული ინფორმაცია მარტში გახდება ცნობილი, რადგან ლღობა კიდევ მოსალოდნელია. ზემოხსენებული ფართობი 2022 წელს დაფიქსირებულ რეკორდს 136 000 კვადრატული კილომეტრით ჩამოუვარდება, რის გამოც პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.
ასეთი დნობა საგანგაშოა, რადგან ეს ანტარქტიდის ყინულის საფარზე ტალღებისა და მაღალი ტემპერატურის უარყოფით გავლენას ამძაფრებს. ასევე, იქ მიმდინარე მსგავსი პროცესები შელფური მყინვარებიდან გამდინარე წყლის გამო ზღვის დონის მატების საფრთხეს შეიცავს.
"კლიმატის ცვლილებაზე ანტარქტიკა ისე არ რეაგირებს, როგორც არქტიკა. ზღვის ყინულის კლების ასეთი ტენდენცია შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ გლობალური დათბობა ანტარქტიდის გარშემო არსებულ ყინულზეც საბოლოოდ მოქმედებს, მაგრამ ამაში დასარწმუნებლად კიდევ ბევრი წელია საჭირო", — აცხადებენ მეცნიერები.
სამხრეთ პოლარული წრე წლის განმავლობაში ზაფხულში ლღობისა და ზამთრის ყინვის პირობებში მნიშვნელოვნად იცვლება. ამის მიუხედავად, თავად კონტინენტს უკანასკნელ 4 დეკადაში ყინულის ისეთი მძლავრი დნობა არ განუცდია, როგორც ეს გრენლანდიასა და არქტიკაში ხდება, მაგრამ 2016 წლიდან სიტუაცია შედარებით გაუარესდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს დაღმასვლის ტენდენციის დასაწყისია, რომელსაც გლობალური დათბობის გამწვავება შეუძლია, რადგან ყინული მზის სხივებს ვეღარ აირეკლავს და წყალი უფრო მეტ სითბოს შთანთქავს.
კომენტარები