ბნელი ენერგიის წყალობით შესაძლოა, დიდი აფეთქება კიდევ არაერთხელ განმეორდეს
ცნობილია, რომ სამყაროს გაფართოებას იდუმალი ბნელი ენერგია განაპირობებს, რომელიც, ახალი კვლევის ავტორთა აზრით, შესაძლოა, პერიოდულად "აქტიურდებოდეს" და "ჩერდებოდეს". მათი აზრით, ამით ისეთი პირობები იქმნება, რომ დიდი აფეთქება განმეორდეს, თანაც არაერთხელ.
ამჟამად სამყარო სწრაფი გაფართოების ფაზაშია. თუ ეს პროცესი მომავალშიც ამ ტემპით გაგრძელდება, ერთ დღესაც გალაქტიკები იმდენად დაშორდება ერთმანეთს, რომ კოსმოსი უბრალოდ გაქრება. ცნობისთვის, მსგავსი სიჩქარით გაფართოება დიდი აფეთქების პირველ ეტაპზეც მოხდა, რასაც ინფლაცია ეწოდება, მანამდე არსებობდა სინგულარობა, ანუ უსასრულო სიმკვრივე, რომლის ახსნაც ძალიან ძნელია.
მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა კავშირი სამყაროს გაფართოების ადრეულ და ახლანდელ აჩქარებას შორის და რამდენად აიცილებს თავიდან ორივე მათგანის მამოძრავებელი ძალა დიდი აფეთქების სინგულარობის პრობლემას.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ფიზიკოს-თეორეტიკოსთა გუნდმა გააანალიზა სამყაროს მოდელი, სადაც ბნელ ენერგიას ყოველთვის უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა. ის მატერიასა და რადიაციასაც ითვალისწინებს და უფრო რეალისტურია, ვიდრე წინა მოდელები.
პირველადი სინგულარობის თავიდან ასაცილებლად კოსმოსი უსასრულო სიმკვრივიდან ვერ დაიწყება, არამედ ის განმეორებადი "დიდი ასხლეტების" სერიების ნაწილი უნდა იყოს. ამ სცენარის თანახმად, ბნელი ენერგია სამყაროს კონკრეტულ ზღვრამდე აფართოებს, შემდეგ კი იცვლება და მას ისევ ამჭიდროებს. სანამ ის სინგულარობას მიაღწევს, ბნელი ენერგია ხელახლა აქტიურდება და ინფლაციას უწყობს ხელს, რითაც ეს ციკლი ხელმეორედ იწყება.
ახალ მოდელში ბნელმა ენერგიამ დიდი აფეთქების პროვოცირება სამჯერ შეძლო. ამის მიუხედავად, ადრეულ ეტაპზე მატერია და რადიაცია არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ინფლაციას შეუშლის ხელს. ეს ორი კომპონენტი სწორედ ასეთი სწრაფი გაფართოების შემდეგ უნდა გაჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ვერ მიაგნეს ბნელი ენერგიის ზოგადი ტიპის მოდელებს, რომლებიც ყოველთვის ერსა და იმავე შედეგს უზრუნველყოფს. მათ მოუწიათ, გაფართოებაში ხელოვნურად შეეტანათ იმაზე მცირე მნიშვნელობა, ვიდრე კვანტური მექანიკა პროგნოზირებს.
ახალი კვლევა მაინც ღირებულ პლატფორმას ქმნის, რათა მსგავსი მოდელები უფრო სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ. ავტორთა ნაშრომი სამეცნიერო პორტალ arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები