მეცნიერებმა დაადგინეს, რა არის მზიდან მომავალი, გულისცემის მსგავსი სიგნალების წყარო
მეცნიერთა გუნდმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ მზიდან მომავალი, გულისცემის მსგავსი რადიოსიგნალების წყარო ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფეროში, მისი ზედაპირიდან 5 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე წარმოქმნილი C ტიპის ამოფრქვევა, ანუ ელექტრომაგნიტური რადიაციის მძლავრი ნაკადია. ამგვარი ტალღების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ მათი შესწავლა შესაძლოა, ჩვენი სისტემის ცენტრალურ მნათობში მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლაში დაგვეხმაროს.
"ეს აღმოჩენა მოულოდნელია. გულისცემის მსგავსი ნიმუში მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყოფა და იფანტება ენერგია მზის ატმოსფეროში ასეთი მძლავრი აფეთქებების დროს.
ამის მიუხედავად, განმეორებადი სიგნალების, რომელთაც კვაზიპერიოდული პულსაციები ეწოდება, წარმოშობის საკითხი დიდი ხანია, ბუნდოვანებითაა მოცული და მზის ფიზიკოსებს შორის მსჯელობის საგანია", — აცხადებენ მეცნიერები.
რადიოსიგნალები სპეციალისტებმა კალიფორნიაში მდებარე რადიოტელესკოპის EOVSA მეშვეობით ჯერ კიდევ 2017 წელს დააფიქსირეს. მზის ანთებები ყოველ 10-20 წამში მეორდებოდა. ამგვარი კვაზიპერიოდული პულსაციები იშვიათი არაა, მაგრამ მკვლევრებმა მისი მოულოდნელი მეორეული წყარო აღმოაჩინეს, რომელიც მზის ზედაპირზე ელექტრული დენის შრეების წყვეტისა და ხელახლა დაკავშირების ადგილს ემთხვევა. ეს პროცესი მზის ამოფრქვევების ხელშემწყობად მიიჩნევა.
მათმა ანალიზმა გამოავლინა მაგნიტური ძალებისგან შემდგარი ბუშტის მაგვარი რეგიონები, რომლებსაც ამოფრქვევების დროს ენერგიის ოდენობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამან შესაძლოა, უმძლავრესი ამოფრქვევების უკეთ გამოკვლევის საშუალება მოგვცეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები