მონაცემთა ბლოგი | რას ფიქრობენ ქართველები რუსების შემოდინებაზე
CRRC-ის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა რუსების საქართველოში მიგრაციით შეშფოთებულია.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოში სულ მცირე 1,2 მილიონი რუსი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დაუდგენელია რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში დარჩენა გადაწყვიტეს, ამ მასობრივი მიგრაციის გავლენა მკვეთრად იგრძნობა ქირის გაზრდასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე შეშფოთებებში.
ეს გამოიხატა პოლიტიკურ კონფლიქტშიც, როცა ოპოზიცია და მმართველი გუნდი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების საკითხზე კამათობდნენ.
2022 წლის დეკემბრის NDI-ისა და CRRC-ის ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ განსხვავება პარტიებს შორის ჩვეულებრივ ამომრჩევლებში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებაზე მიუთითებს.
დასკვნების მიხედვით, ქართველებს, როგორც ჩანს, აწუხებთ რუსების ქვეყანაში შემოსვლა: ორი მესამედი (69%) ფიქრობს, რომ ომის შემდეგ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოზე.
მეორეს მხრივ, ყოველი მეექვსე ქართველი (17%) ფიქრობს, რომ ეს დადებითად აისახება; 8% ამბობს, რომ არ იცის; ხოლო 6% ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების ბოლო შემოდინება ქვეყანაზე გავლენას არ მოახდენს.
სხვა სოციალურ-დემოგრაფიული ცვლადების გამოყენებით, რუსების საქართველოში შემოსვლის მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერები ოდნავ უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები, ვიდრე ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. თუმცა, მმართველი პარტიის მხარდამჭერები არ განსხვავდებიან სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისგან ან ამომრჩევლებისგან, რომლებიც ამ საკითხში კონკრეტულად რომელიმე პარტიას მხარს არ უჭერენ.
საზოგადოების დაახლოებით მესამედი (29%) იწონებს იმას, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა რუსი ემიგრანტების შემოდინებას, ხოლო საზოგადოების უმრავლესობა (57%) — არა. დანარჩენმა 13%-მა კი არ იცის, რა იფიქროს ამ საკითხთან დაკავშირებით.
რეგრესიის ანალიზის მიხედვით, არსებობს მკვეთრი პარტიული განხეთქილება მათ შორის, ვინც მხარს უჭერს და არ უჭერს ხელისუფლების მიდგომას, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერები ბევრად უფრო მეტად იწონებენ რუსეთის მიგრაციის პოლიტიკას, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ გრაფაზე.
საზოგადოების ორ მესამედზე ოდნავ მეტი (69%) ასევე ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას — მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა.
ზემოთ მოყვანილი მონაცემები ნათლად აჩვენებს ორ რამეს: საზოგადოების დიდი უმრავლესობა შეშფოთებულია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციით, მაგრამ მმართველი პარტიის მხარდამჭერები უფრო მეტად კმაყოფილები არიან ხელისუფლების მიდგომებით რუსული შემოდინებასთან მიმართებაში.
თუმცა, პარტიული ხაზების მიღმა, მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ქართველების უმრავლესობა შეშფოთებულია და სურს, რომ მთავრობამ რაიმე გააკეთოს რუსულ მიგრაციასთან დაკავშირებით.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოების თარიღებია 2022 წლის 3-20 დეკემბერი. ჩატარდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა და კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI) 2 519 რესპონდენტთან ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე. გამოპასუხების რაოდენობა: 29%. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია,
თუმცა, სხვადასხვა პასუხის მიხედვით.
ეს სტატია დაწერა CRRC საქართველოს მკვლევარმა გივი სილიგაძემ. სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები მოიცვას მხოლოდ ავტორის შეხედულებებს და არ ასახავს NDI-ის, CRRC Georgia-ს ან მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის შეხედულებებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები