რა მოხდა თურქეთისა და სირიის ქვეშ — დამანგრეველი მიწისძვრის სამეცნიერო ახსნა
ადგილი, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთი ჩრდილო-დასავლეთ სირიას ხვდება მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში სამწუხარო და შემზარავი ცნობის გამო მოექცა. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისას გამოთავისუფლებული ენერგიით გამოწვეულმა ნგრევამ აქ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერიტორიაზე არა მხოლოდ თურქეთისა და სირიის, არამედ დედამიწის სამი ტექტონიკური ფილის შეხვედრის ადგილიცაა... ეს აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევაა — ადგილი, სადაც დამანგრეველი მიწისძვრის შანსი განსაკუთრებით მაღალია.
ცნობილი იყო თუ არა ამ საფრთხის შესახებ?
სამწუხაროდ, ჯერჯერობით მიწისძვრის თარიღისა და დროის ზუსტი პროგნოზირებისთვის ინსტრუმენტები არ გვაქვს. თუმცა, არსებობს სეისმურად აქტიური რეგიონების შემსწავლელი კვლევები, რომელთა მეშვეობითაც მეცნიერები ზოგად ტენდენციას ადგენენ და კონკრეტული ადგილების სეისმური რისკების შესახებ საუბრის შესაძლებლობა ეძლევათ.
თანამედროვე მეცნიერები ამ ტიპის საშიშროებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საუბრობენ, ასე ხდებოდა თურქეთის შემთხვევაშიც. თუმცა, ამ ორ მხარეს — მეცნიერებსა და გადაწყვეტილების უნარიან პოლიტიკოსებს შორის ინტერესთა კონფლიქტით გამოწვეული გაუცხოებაა. ამ გათიშულობას ურბანიზაციისა და ეკონომიკური ზრდის წყურვილი უდევს საფუძვლად, რომელიც პოლიტიკოსებს მიკერძოებულობასა და მეცნიერთა გაფრთხილებების არასერიოზულად აღქმისკენ უბიძგებს. მეორე მხრივ კი მეცნიერთა გაფრთხილებების ყურად ღება ხანდახან დიდ ცვლილებებთან და შესაბამის რესურსებთანაა კავშირში. ამას NEXT.On.ge-სთან საუბარში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ლაშა სუხიშვილიც უსვამს ხაზს.
"ფილაქანთა ტექტონიკაზე პირველი იდეა სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ გამოითქვა და ნახევარი საუკუნის წინ დამტკიცდა. ადამიანები ბუნებრივია აქამდე ბევრად ადრე ირჩევდნენ განსახლების არეალებს და კრიტერიუმი ვერ იქნებოდა ფილაქანთა საზღვრებთან დაკავშირებული საფრთხეები. თანამედროვე ქვეყნებს მემკვიდრეობით ერგოთ ეს ტრადიციული განსახლების ზონები, რომლებთან ადაპტირებაც ძალიან სასურველია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ძვირია, ან ზოგჯერ შეუძლებელიც. მაგალითად დღევანდელი კრიტერიუმებით შეიძლება, თბილისის ტერიტორია საერთოდ არ შერჩეულიყო მილიონიანი ქალაქის გასაშენებლად, ან თუნდაც დედაქალაქად, მაგრამ ესაა მემკვიდრეობა/ტრადიცია რაც გვაქვს.
მეცნიერებასა და გადაწყვეტილების მიმღებლებს შორის გათიშულობა ნამდვილად არსებობს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ფინანსურ დაინტერესებას ენიჭება ხოლმე, რაც ბუნებრივია მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სამწუხაროდ მრავალჯერადი ზარალის ექვივალენტია".
რა მოხდა და ხდება?
ეს მრავალჯერადი ზარალი ახლა ისე თვალსაჩინოა, როგორც არასდროს. მსოფლიო ათასობით დაღუპულს გლოვობს. გრძელდება სამაშველო სამუშაოები და მომყოლი მიწისძვრების პირობებში ადამიანები აქტიური შიშის ფაზაში ცხოვრებას ეჩვევიან. მით უფრო ეპიცენტრთან ახლომდებარე ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, ჩვენ ვართ. ეს ისაა, რაც დედამიწის ზედაპირზე ხდება — მწუხარება, გლოვა, დახმარების სურვილი, ელვის სისწრაფით გავრცელებული ინფორმაცია და შიში. თუმცა, რა მოხდა და ხდება ქვემოთ, დედამიწის სიღრმეში, ტექტონიკური ფილების სამმაგ საზღვარზე?
დედამიწაზე ტექტონიკური ფილების მოძრაობა მილიარდობით წელს ითვლის, შესაბამისად, ეს დედამიწისთვის არაბუნებრივი ან გადამწყვეტი ეპიზოდი არაა. რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით ათასობით ადამიანის ბედზე.
"ძირითადი მიწისძვრის ჰიპოცენტრი დაახლოებით 15 კმ-ზე მდებარეობდა. როგორც სიღრმეში, ისე ზედაპირზე რღვევის სიბრტყეებს შორის ჰორიზონტული გადაადგილება 1-დან 3 მეტრამდე მერყეობდა. მაგრამ ძირითადს მოჰყვა ასეულობით მომყოლი ბიძგი და საბოლოო გადაადგილების მაჩვენებელი ჯერჯერობით უცნობია. ეს რაც შეეხება ცვლილებას, რაც ლანდშაფტზე შეიძლება ასახულიყო. ტექტონიკურად ან გეოდინამიკურად ცვლილებებზე ან სიახლეებზე საუბარი ვერ გვექნება, რადგან პროცესი მრავალი მილიონის წლის წინაა დაწყებული და კიდევ მილიონობით წელი ასე გაგრძელდება, დღევანდელი მოვლენები მხოლოდ ერთი მიკროსკოპულად მცირე ეპიზოდია", — ამბობს ლაშა სუხიშვილი.
როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძირითადად, მიწისძვრა ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა კი დედამიწის სიღრმეში ის ადგილია, სადაც ფილებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.
ასევე იხილეთ: რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე
შედარებისთვის, ფიზიკურად მიწისძვრის არსი ისეთივეა, როგორიც ჭექა-ქუხილის. ჭექა-ქუხილისას ერთმანეთს ეჯახება ღრუბლები და ხდება დაელექტროება. მიწისძვრისას კი, სიღრმეში ხდება ბლოკების გადაადგილება და ამ "შეჯახების" შედეგად წარმოიქმნება ძვრები. ყოველი ეს "შეჯახება" თუ "ხახუნი" განსხვავებულ ენერგიას წარმოქმნის, რასაც დედამიწის ზედაპირზე განსხვავებული სიმძლავრის გავლენა აქვს.
არა, ეს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა არ არის
მსოფლიოს უფრო დამანგრეველი მიწისძვრებიც ახსოვს. ყველაზე მძლავრი მიწისძვრა კი გასულ საუკუნეში, 1960 წლის 22 მაისს, ჩილეში დაფიქსირდა. ეს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო, რომელმაც 1600-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია და 2 მილიონი ადამიანი დატოვა სახლის გარეშე.
7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა კი 1939 წელს, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ერზინკანში მოხდა და მას 32 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 2023 წლის 6 თებერვლის კაჰრამანმარაშის პროვინციის მიწისძვრამ ათობით ათასი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასასრულისგან განსხვავებით, დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს და ინფორმაციაც გაცილებით სწრაფად ვრცელდება.
ინტერნეტში ვხედავთ შემზარავ, მიწასთან გასწორებული უბნების, კორპუსების კადრებს, იმას, თუ როგორ ინგრევა ჩვენი კორპუსების მსგავსი ნაგებობები თვალის დახამხამებაში. თანაგანცდასთან და სტრესთან ერთად კი ჩვენს თავებში ჩნდება უამრავი კითხვა: შეგვეძლო ამის თავიდან აცილება? თუ კი, რატომ არ ავიცილეთ? მოგველის თუ არა ჩვენც იგივე ან რა არის ამდენად დამანგრეველი მიწისძვრის მიზეზი?
"7.8 მაგნიტუდაზე ძლიერი მიწისძვრები მსოფლიოში პერიოდულობით ხდება ხოლმე. ამ მხრივ გამორჩეულია აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკები. რაც შეეხება სამხრეთ თურქეთს, ამ რეგიონში ძლიერ მიწისძვრებს განაპირობებს არაბეთის და აფრიკის ფილაქნების და ანატოლიის მიკროფილაქნის გადაადგილებები – სიჩქარე და მიმართულება. კონკრეტულად 6 თებერვლის მიწისძვრებიც ამ სამი ერთეულის შეერთების ადგილზე დაიწყო და ზოგადად აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევაზე გავრცელდა. აქ სიახლე, ან რაიმე ცვლილებაზე საუბარი არაა, კარგად შესწავლილი და სეისმური რისკის მხრივ იდენტიფიცირებული რეგიონია", — ლაშა სუხიშვილი.
რა ვიცით მომყოლ მიწისძვრებზე და რამდენი ხანი გაგრძელდება ბიძგები?
ტექტონიკური მიწისძვრის სპეციფიკა ასეთია — ის საკმაო ხანი არ ჩერდება და განმეორებითი, ანუ მომყოლი რყევები ახასიათებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უკვე დაფიქსირებულია ასამდე მომყოლი რყევა, მათ შორის 7.5 მაგნიტუდიანი, რომელიც ასევე ცალკეული ნგრევისა და მსხვერპლის მიზეზია. ზოგი სპეციალისტის პროგნოზით, ანატოლიის რღვევის მომყოლმა მიწისძვრებმა შესაძლოა დღეები, ან სულაც კვირები გასტანოს.
"ტექტონიკური მიწისძვრა არის დედამიწის ქერქში რღვევაზე მომხდარი გადაადგილების შედეგი. როცა გადაადგილდება ერთი უბანი, ამან შეიძლება მეორე უბნის კვაზი-წონასწორობა დაარღვიოს და იქაც გახდეს გადაადგილება საჭირო – ეს არის გაუბრალოებული ახსნა მომყოლი მიწისძვრების. ამ ახალი წონასწორობის გამომუშავება ზოგჯერ თვეებიც გრძელდება", — ლაშა სუხიშვილი.
გველის თუ არა საფრთხე საქართველოში?
ტექტონიკური ფილების წონასწორობის გამომუშავების პროცესში ბიძგები საქართველოში — ბათუმშიც საგრძნობია, უბრალოდ ეპიცენტრიდან 700-კილომეტრიანი დაშორების პირობებში, ეს საკმაოდ სუსტი რყევაა. მიუხედავად ამისა, მომყოლი მიწისძვრების ტრაექტორიამ გააჩინა ეჭვი, რომ საფრთხე შესაძლოა სეისმურად ასევე აქტიურ საქართველოსაც დაემუქროს.
ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით, ანატოლიის რღვევას გამოყოლილი მიწისძვრისგან სერიოზული საფრთხე საქართველოს არ მოელის. ამას ადასტურებს თეა გოდოლაძეც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ამბობს, რომ აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა "საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია და ჩვენ სხვა სისტემა ვართ". შესაბამისად საფრთხე არ გვემუქრება.
ლაშა სუხიშვილი კი ამბობს, რომ "დარგის და დედამიწის სიღრმეში მიმდინარე პროცესების სირთულის გამო შეუძლებელია ხელაღებით და გარანტიებით საუბარი, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, საქართველო ამ მიწისძვრის მომყოლი ბიძგებისგან დაზარალდეს. მეორე მხრივ საქართველო ისედაც სეისმურად აქტიურ რეგიონშია რაც დღემდეც და დღეის შემდეგაც მიწისძვრებშიც გამოიხატება".
ჯერჯერობით, მიწისძვრის პროგნოზირების დახვეწილი მექანიზმი მეცნიერებას არ აქვს. თუმცა, გვაქვს მოდელები, ალგორითმები და ცოდნა, რომელზე დაყრდნობითაც თუ მიწისძვრის დღისა და დროის ზუსტი წინასწარმეტყველება არა, ზოგად შანსზე პასუხისმგებელი ორგანოების გაფრთხილება მაინც შეგვიძლია.
ეს პროცესები დედამიწაზე მილიონობით წელია მიმდინარეობს. ადრე მას ზებუნებრივ ძალებს აწერდნენ, თუმცა დღეს ჩვენთვის მიწისძვრის გამომწვევი მექანიზმის შესახებ ცნობილია. ამ სტიქიის საფუძვლების გაცხადების შემდეგ, მიწისძვრიდან მიწისძვრამდე ცხოვრება უამრავმა ქვეყანამ ისწავლა. განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამ სტიქიით მიყენებული ზარალის პრევენციისთვის არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავება და დანერგვა შეძლო. მაგალითად, იაპონიამ. თუმცა, მათ, ვისაც იაპონიამდე ბევრი გვიკლია და სამშენებლო სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების მიგნებით ვერ მოვიწონებთ თავს, სამშენებლო ბუმში ელემენტარული უსაფრთხოების სტანდარტების ქონა მაინც გვმართებს; და არა მხოლოდ ქონა, არამედ დანერგვაც და არა მხოლოდ ჩვენი წარმოდგენილი "სტანდარტების", არამედ დარგის მეცნიერებთან შეთანხმებულის. ეს ყველაფერი კი დიახ, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ან უბრალოდ, ყველაზე კარგ სცენარში ასე ღირებული და გაიშვიათებული უსაფრთხოების განცდისთვის.
კომენტარები