მიხეილ სააკაშვილის პოზიცია დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააჟღერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით მიმდინარეობდა.

  • პროცესში ხმის მისაცემად 49 638 ადამიანი დარეგისტრირდა.
  • პარტიის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძოდნენ.
  • ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ხმათა უმრავლესობით, 52,58%-ით გახდა.

დეტალები: ალასანიას თქმით, სააკაშვილი პარტიაში გამართულ არჩევნებზე მას დღეს, ვიზიტისას ესაუბრა.

  • ექსპრეზიდენტის დედის განმარტებით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ ნიკა მელიას ძალიან დიდ პატივს სცემს და ფიქრობს, რომ ის ნამდვილი გმირია.
  • ხოლო ლევან ხაბეიშვილს ულოცავს და დიდ წარმატებას უსურვებს.
  • ალასანიას განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტს დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია.
  • მისივე თქმით, ამაში იგულისხმება ის, რომ პარტია ერთიანი ძალებით იყოს და არ დაიშალოს.