დუბაიში 3D პრინტერით "დაბეჭდილი" ისტორიაში პირველი მეჩეთი აშენდება — როგორი იქნება ის
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის ისლამური საქმეებისა და საქველმოქმედო აქტივობების დეპარტამენტი (IACAD) მსოფლიოში პირველ 3D პრინტერით შექმნილ მეჩეთს ააშენებს.
პრეს რელიზის მიხედვით, 2000 კვადრატული მეტრი ფართობის, 600 მლოცველზე გათვლილი მეჩეთის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება და მისი ხილვა ბურ დუბაიში, არაბული საამიროების ერთ-ერთ უძველეს უბანში, იქნება შესაძლებელი.
"3D პრიტერით შენობის სტრუქტურის შექმნას დახლოებით 4 თვე დასჭირდება. დამატებით 12 თვეში კი მისი მოწყობა დასრულდება. პრინტერზე სამი ადამიანი იმუშავებს და ყოველ საათში 2 კვადრატული მეტრის დაბეჭდვა იქნება შესაძლებელი", — ვკითხულობთ განცხადებაში.
IACAD-ის ინჟინერიის განყოფილების დირექტორის, ალ შაიბანის განცხადებით, 3D ბეჭდვის ტექნოლოგია მშენებლობას უფრო ეკონომიურსა და ეკოლოგიურს გახდის.
"3D პრინტერის საშუალებით შემცირდება სამშენებლო მასალების ნარჩენების გამოყოფა. ეს ეკომეგობრული ტექნოლოგიაა. მეჩეთი ჩვენი ბრძენი ხელმძღვანელობის ხედვას გამოხატავს. დანახარჯი 30%-ით მაღალია, ვიდრე სტანდარტული მშენებლობისას, რადგან ეს ისტორიაში პირველად ხდება", — განაცხადა ალ შაიბანმა.
დუბაის 3D ბეჭდვის სტრატეგია
მეჩეთის 3D პრინტერით შექმნის იდეა დაკავშირებულია დუბაის ამბიციასთან, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოს ტექნოლოგიური ცენტრი გახდეს.
"დუბაის 3D ბეჭდვის სტრატეგია" პირველად 2016 წელს გამოჩენილი ინიციატივაა, რომელიც დუბაის მმართველმა, შეიხმა მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმმა გააჟღერა.
სტრატეგიის მიხედვით, სამომავლოდ დუბაის შენობების 25% 3D პრინტერით უდა იყოს შექმნილი. იდეის მხარდასაჭერად შეიხმა მიიღო რეგულაციები, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიას ამ ტექნოლოგიის გამოყენებას აიძულებს.
შედეგად, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამოჩნდნენ სფეროს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიც 3DVinci Creations, ACCIONA და Freyssinet-ის შვილობილი კომპანია Concreative არიან.
კომენტარები