იწვევს თუ არა ვირუსი დაბერებას და როგორ მოქმედებს ის იმუნურ მეხსიერებაზე
მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში შეერთებულმა შტატებმა წითელას საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო, ინფექციური დაავადება ბავშვებში ძალიან გაიშვიათდა. სამწუხაროდ, წითელა არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც ბავშვს შეიძლება დაემუქროს. ძალიან ბევრი მცირეწლოვანი მას შემდეგაც სხვა არაერთი ინფექციის მსხვერპლი გახდა. იგივე სიტუაცია იყო ევროპაშიც, თუმცა როგორ შეიძლება დაიცვას ერთადერთმა ვაქცინამ ადამიანი იმ ინფექციისგან, რომელსაც ის საერთოდ არ ეხება?
როგორც ყველა სხვა ინფექციური დაავადება, წითელაც ჩვენი იმუნიტეტის მიმართ მტრულადაა განწყობილი. იმუნური სისტემის უჯრედები მუდმივ მზადყოფნაში არიან, რათა შემოჭრილ ორგანიზმებს ებრძოლონ და დაუპატიჟებელი სტუმრები გაანადგურონ. წითელას ტიპის ვირუსები სისტემის მოტყუებას ცდილობენ და იმალებიან. მუდმივი ომი, რომელიც იმუნურ უჯრედებსა და მიკრობებს შორის მიმდინარეობს, თქვენს ორგანიზმში ახლაც მძვინვარებს.
ასევე იხილეთ: უძველესი ომი, რომელშიც ყოველდღე ვმარცხდებით — ის, რასაც ვერ ვიაზრებთ
პათოგენებს ჩვენი იმუნიტეტის წინააღმდეგ საბრძოლველად არაერთი იარაღი განუვითარდათ, თუმცა წითელა ამ შემთხვევაშიც ყველაზე ეფექტურია. მას ე.წ იმუნიტეტის მახსოვრობის დაკარგვის გამოწვევა შეუძლია. როგორც წესი, იმუნური სისტემის უჯრედებს ადრეული ბრძოლების შესახებ მახსოვრობა გააჩნიათ და მისი გამოყენებით ანალოგიური მტრის წინააღმდეგ იმუნური პასუხის დრო მცირდება. სწორედ იმუნური მეხსიერებაა ის, რაც ვაქცინას მოქმედების საშუალებას აძლევს. იმუნური მეხსიერების შედეგია ისიც, რომ, მაგალითად, ქათმის გრიპი (თუ დაგემართებათ), მხოლოდ ერთხელ შეგეყრებათ.
თუმცა, მაგალითად, როცა წითელას ვირუსი "მეხსიერების დაკარგვის" გამოწვევას იწყებს, მთელი ეს ღირებული ინფორმაცია უბრალოდ იკარგება. ეს, რა თქმა უნდა, წითელასთვის მომგებიანია, თუმცა, რაც უფრო უარესია, ყველა სხვა ვირუსიც უფრო ეფექტური ხდება. შესაბამისად, ბავშვთა სხვა დაავადებებით სიკვდილიანობაშიც კი წითელას თავისი წვლილი აქვს.
წითელას ეს საოცარი "უნარი" აჩვენებს, რომ ვაქცინაცია მედიცინის უგვირგვინო მეფეა. თუმცა ცუდი ამბავი ის არის, რომ არსებობს კიდევ არაერთი საშიში მიკრობი, რომელთა წინააღმდეგაც ვაქცინები ჯერჯერობით არ გაგვაჩნია.
კარგი მაგალითია აივ ინფექცია — ვირუსი, რომელიც შიდსს იწვევს. აივი იმუნური სისტემის T უჯრედებს უტევს. შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ T უჯრედები ჩვენი იმუნიტეტის გენერლები არიან, რადგან ჩვენი იმუნური პასუხის უდიდესი წილი სწორედ მათზე მოდის. როცა აივი ამ უჯრედებს უტევს, ისინი სუსტდებიან და, შესაბამისად, სხვა ვირუსების მიმართ იმუნიტეტიც უფრო მყიფე და უღონოა. ეს საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ ყველაზე უწყინარი ვირუსიც კი დიდი პრობლემა ხდება და შესაძლოა, უბრალო გაციება სიკვდილით დასრულდეს.
- Moderna-მ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო
- ახალმა ვაქცინამ მაიმუნებში აივ ინფექცია სრულად გაანადგურა — კვლევა ადამიანებზეც დაიწყება
- Moderna-ს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა უახლოეს დღეებში დაიწყება
დღესდღეობით არსებობს აივის საწინააღმდეგო წამლები, რომელიც პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს, თუმცა ისინი მაინც უფრო ადრე კვდებიან, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები. ასევე, აივი ბიოლოგიური დაბერების ხარისხსაც ზრდის. საშუალოდ, აივით დაავადებული ადამიანები რეალურ ასაკზე ბიოლოგიურად 5-7 წლით უფროსები არიან.
საერთო ჯამში, ჩვენ ირგვლივ უამრავი ვირუსია, მათ შორის ისეთებიც, რომელთა შესახებაც ჯერ არ ვიცით. ბუნებრივია, არაერთი მათგანი ჩვენს ნაადრევ დაბერებასა და დაავადმყოფებაზე მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამან პარანოიაში არ უნდა ჩაგვაგდოს, თუმცა ვაქცინაციის საჭიროებაზე, სულ მცირე, უნდა დაგვაფიქროს მაინც.
ტექსტი აღებულია ნიკლას ბრენდბორგის წიგნიდან Jellyfish Age Backwards: Nature’s Secrets to Longevity.
კომენტარები