კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება იმაზე ძველია, ვიდრე გვეგონა
ყვავილმა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა და სტატისტიკურად დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად მიიჩნევა. მხოლოდ მე-20 საუკუნეში მას 300 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ვირუსის წარმოშობა დღემდე ბუნდოვანია.
იტალიელი მკვლევრების მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ყვავილის წარმოშობის პერიოდი სულ მცირე 2000 წლით უკან გადაწია. როგორც აღმოჩნდა, დაავადება ადამიანებს ჯერ კიდევ ფარაონების მმართველობის პერიოდში სტანჯავდა.
გენეტიკური სეკვენირების ტექნოლოგიების განთვიარებამ მკვლევრებს შესაძლებლობა მისცა, რომ უძველესი დნმ-ის ფრაგმენტები უკიდურეს დეტალებამდე იკვლიონ. ეს სხვადასხვა დაავადების წარმოშობის პერიოდისა და ადგილის დადგენასთან თანდათან გვაახლოებს .
2016 წელს ლიეტუვაში აღმოჩენილმა ნიმუშმა ყვავილის წარმოშობის სავარაუდო პერიოდად 1500-იანი წლები დაადგინა. 2020 წელს ვიკინგების პერიოდის თავის ქალის დნმ-ის კვლევამ ეს ნიშნული კიდევ 500 წლით, მე-11 საუკუნის პირველ ნახევრამდე გადაწია.
მიუხედავად ამისა, ისტორიული ჩანაწერები ყავავილის მსგავსი დაავადების შესახებ ბევრად ადრე მოგვითხრობდნენ. მუმიებზე აღმოჩენილი ნიშნების მიხედვით, მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ჩუტყვავილა 3000-4000 წლის წინაც არსებობდა, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები აქამდე არ არსებობდა.
ახლა მკვლევრებს შეუძლიათ ვირუსის წარსულისა და ევოლუციის ისტორიის შესახებ ძალიან ბევრი რამე გაიგონ. მათ შეუძლიათ გაარკვიონ, როგორ შეიცვალა ვირუსი და რა დრო სჭირდება მას ახალი გენეტიკური მუტაციების მისაღებად. ამ მეთოდით კი "მოლეკულური საათის" თანდათან უკან გადაწევაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ყვავილს, დაავადებას ვარიოლა ვირუსი, ირგივე VARV იწვევს. იტალიის ჰოსპიტალიზაციისა და ჯანდაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (IRCCS) მეცნიერებმა VARV-ის 54 ნიმუში იკვლიეს. ნიმუშებს შორის 4 გენომი ვიკინგების პერიოდს, ორი მე-17 და მე-18 საუკუნეებს, ხოლო 48 მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე პერიოდს ეკუთვნოდა, სანამ ყვავილი საბოლოოდ დამარცხდებოდა.
ამ ნიმუშების გამოყენებით მკვლევრებმა ყვავილის ვირუსის ევოლუციური ისტორია იკვლიეს და აჩვენეს, რომ ყველა მათგანი საერთო წინაპრისგან წარმოიშვა. აღმოჩნდა, რომ VARV გენომების უახლოეს საერთო წინაპარს მინიმუმ 3800 წლის წინ უნდა ეარსება.
მიუხედავად ამისა, დიეგო ფორნის გუნდის წევრები ვარაუდობენ, რომ ყვავილი ადამიანებში საშუალოდ 8000-4000 წლის წინ უნდა გავრცელებულიყო. ეს ნიშნავს, რომ აქამდე დნმ კვლევებით ნავარაუდები თარიღები რეალურს რამდენიმე ათასწლეულით სცდებოდა.
"ვარიოლა ვირუსი იმაზე ბევრად, ბევრად ძველია, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ადასტურებს ისტორიულ ჰიპოთეზას, რომ ყვავილი უძველეს საზოგადოებებშიც არსებობდა", — განაცხადა დიეგო ფორნიმ
კვლევა ჟურნალ Microbial Genomics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები